ია ძაგანია: „იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე“ - Gemrielia.ge

ია ძაგანია: „იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე“

 

„მასტერშეფის“ სამზარეულოში მხოლოდ ხუთი კონკურსანტი დარჩა. მათ შორისაა შოუს ყველაზე პატარა მონაწილე, ია ძაგანია, რომელმაც კასტინგის დღესვე მოიპოვა „მასტერშეფის“ აღმოჩენის ტიტული. ია ექსპერიმენტების ჩატარებით გამოირჩევა და ბევრჯერ ლიდერიც ყოფილა, მაგრამ ბოლო ტურში აუთსაიდერებში აღმოჩნდა.


იმსახურებდა თუ არა აუთსაიდერებში დგომას, რომელ მონაწილეს დააბრუნებდა შოუში და ვის კერძებს შეიტანდა თავისი რესტორნის მენიუში - ამის შესახებ ია ძაგანია თავად გვესაუბრა.

როგორ შეიცვალე „მასტერშეფის“ განმავლობაში?


კულინარიის მხრივ განვვითარდი და პიროვნულადაც გავიზარდე. რადგან „მასტერშეფში“ სითამამე ფასობს, ამ მიმართულებით უფრო თავდაჯერებული გავხდი და ყველა რისკზე მივდიოდი. ხან კარგ შედეგს ვიღებდი, ხან - არც ისე კარგს და ეს ჟიურის შეფასებებზეც აისახებოდა, მაგრამ მათი შთაბეჭდილება, ნეგატიური თუ დადებითი შეფასებებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.


შენი აზრით, რატომ აღმოჩნდი აუთსაიდერებში?
ამ კონკურსში თითოეული კერძი განსაზღვრავს კონკურსანტის ბედს. ალბათ, ამ შემთხვევაში ჩემი თავისა და შესაძლებლობების კარგად გამოვლენა ვერ მოვახერხე. ვაღიარებ, რომ ჩემს კერძს ბევრი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში დავრჩი. აუთსაიდერებში ყოფნა ძალიან რთული ყოფილა, მაგრამ ამან კი არ წამაქცია, პირიქით, უფრო მოტივირებული გამხადა, რომ უფრო კარგი კერძები მოვამზადო, დაშვებული შეცდომები გამოვასწორო და ჟიური ჩემს შესაძლებლობებში დავარწმუნო.


ჟიურის რომელ წევრს გამოარჩევდი?


რთულია რომელიმეს გამორჩევა. მაგალითად, ჩემთვის ლევანი ერთ-ერთი წამყვანი შეფია საქართველოში. ქართულ კულინარიაზეა კონცენტრირებული, ძალიან თანამედროვე მიმართულებას ავითარებს, რაც ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონსტანტინეში ყველაზე მეტად ის მიყვარს, რომ კულინარიაში საზღვრებს არ ცნობს და შეუძლია შეუსაბამო რაღაცების ერთმანეთში შერევა. ლუკას კულინარიის ყველა მიმართულებით ძალიან დიდი ცოდნა აქვს, თამამია და თანამედროვე სამზარეულოს ავითარებს.


შენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რომლით ამაყობ?


კორკოტის სუპით. ყველაზე ბევრი დადებითი გამოხმაურება სწორედ მას მოჰყვა.


შენს რომელიმე კერძზე თუ გაგიფიქრებია, ამას აღარასოდეს გავაკეთებო?


არა, არასოდეს. ვთვლი, რომ ყველა კერძს, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო არც ისე კარგია, უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, რომ კარგი გახდეს. ბოლო ტურში მომზადებული კერძიც ასეთია.


ზღვის პროდუქტების პირველ ტურში თევზის ყველა კომპონენტის გამოყენება შენი იდეა იყო, თუ თინასი?


ორივეს იდეა იყო. საერთოდ, გვიყვარს, როცა კერძში რაღაც აზრი დევს. ამ შემთხვევაში გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ის ნარჩენები, რასაც ხალხი არც კი უყურებს, თამამად შეიძლება  კერძში გამოიყენო. იდეა კარგი იყო, მაგრამ მცირე დროის გამო კერძის ყველა კომპონენტის ტექნიკურად სწორად მომზადება ვერ მოვახერხეთ და ბოლოს ის არ გამოვიდა, რაც გვინდოდა.


ყველაზე მეტად რომელი ტურის დავალება გაგიჭირდა?


იმდენჯერ მქონდა იმუნიტეტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო დავალება ვერ შევასრულე, მაგრამ იმ ტურებიდან, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე, ყველაზე მეტად ზღვის პროდუქტების დავალების შესრულება გამიჭირდა, რადგან რაღაც ნიუანსებზე სწორად ვერ მოვახდინე კონცენტრაცია.

 

Image may contain: 3 people, people smiling, people standing


ხშირად ხუმრობენ, რომ სულ „m კვადრატის“ ოთახში ხარ და „ისვენებ“...


ერთხელ კარგია „დასვენება“, მაგრამ მერე უკვე იმდენად მოსაწყენი იყო იქ ყოფნა, რომ ამ გადმოსახედიდან, მერჩივნა მეც სამზარეულოში ვყოფილიყავი. ბოლოს და ბოლოს, ამ კონკურსში კერძის მოსამზადებლად და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად მოვედი!


როგორ დაახასიათებდი კონკურსში დარჩენილ საუკეთესო ხუთეულს?


თითოეულ ჩვენგანს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, თინა ძალიან აზრიანად ამზადებს და ზუსტად იცის, როდის, რა უნდა გააკეთოს. თათია ძალიან მებრძოლი და მიზანდასახულია. არასოდეს ნებდება, შრომისმოყვარეა და სულ ცდილობს, რომ კარგი კერძი მოამზადოს. იმდენად უნდა ამ საქმის კეთება და თან პოტენციალიც აქვს, ვფიქრობ, მალე ძალიან კარგ შედეგებს მიიღებს. მანჯის ის თვისება მომწონს, რომ ყველაფერს პროცესში წყვეტს, იმპოვიზაციას მიმართავს და ბოლო მომენტშიც შეუძლია კერძში რაღაცები შეცვალოს, ახალი ინგრედიენტი დაამატოს ან რაღაც საერთოდ ამოიღოს. მაკას ისეთი დახვეწილი კერძები აქვს, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება. ორმაგად დასაფასებელია, როგორ ახერხებს ამას, მით უმეტეს, რომ პროფესიონალი არ არის და კულინარია ჰობის დონეზე აქვს.

 

 


ყველაზე მეტად ვის გაგდებაზე დაგწყდა გული?


რა თქმა უნდა, ყველაზე დამწყდა გული, რადგან ყველა ძლიერი იყო, მაგრამ განსაკუთრებით შაინინას გამოვყოფდი, რადგან ერთად ვიდექით და ნამდვილად იმსახურებდა კვლავ შოუში ყოფნას.


საშუალება რომ გქონდეს, ათეულის რომელ წევრს დააბრუნებდი შოუში?


გამიჭირდება ამის თქმა, მაგრამ, ალბათ, გიორგი ჯაჭვლიანს, რადგან თავისი შესაძლებლობების ჩვენება ვერ მოასწრო.

 

Image may contain: 3 people, people standing


„მასტერშეფის“ მონაწილეებიდან ვის შესთავაზებდი სამსახურს შენს რესტორანში?


ალბათ, ვლადიმერს. ძალიან მომწონს მისი კულინარიული შესაძლებლობები და იდეები.


კონკურსანტებიდან რომელიმეს კერძზე თუ გიფიქრია, ნეტავ, ეს ჩემს რესტორანში მქონდესო?


იყო რამდენიმე, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა. მაგალითად, მაკას შქმერული ტარხუნით, ვლადიმერისა და შაინინას სუპები, მანჯის ქათმის ფრთები და, რა თქმა უნდა, თინას სევიჩე, რომელიც ჩვენს რესტორანშიც გვექნება.


შენი და თინას რესტორანი რით იქნება გამორჩეული?


მე და თინა ყოველთვის ახალი გემოების ძიებაში ვართ. ამ მიზნით ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ საქართველოში. ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო გვაინტერესებს, რადგან ნაკლებად შესწავლილია. ტრადიციულ გემოებზე დამყარებული ახალი გემო - ამას ვთავაზობთ რესტორან „ისტორიის“ სტუმრებს. რა თქმა უნდა, მენიუში „მასტერშეფში“ მომზადებული კერძებიც შევიტანეთ. რესტორანი მალე გაიხსნება, მანამდე კი რამდენიმე საღამოს ვგეგმავთ, სადაც სამკერძიან მენიუს შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს.