რა ვჭამოთ მოგზაურობისას? გურამ შეროზიას ტოპ-10 ქვეყანა ტოპ-10 კერძით - Gemrielia.ge

რა ვჭამოთ მოგზაურობისას? გურამ შეროზიას ტოპ-10 ქვეყანა ტოპ-10 კერძით

 

ბლოგერ, ლექტორ და მარკეტერ გურამ შეროზიასთვის მოგზურობა ჰობზე მეტია, ის ცხოვრების სტილად იქცა და უკვე 78 ქვეყანაში მოგზაურობა მოასწრო. მისი თქმით, გასტრონომიული მოგზაურობებიდან ყველაზე მეტად აზია მოსწონს, უყვარს ექსპერიმენტები და ქვეყნების კვების კულტურის ახლოს გაცნობა.
გურამმა ჩვენი მკითხველისთვის 10 ქვეყანა და 10 კერძი შეარჩია, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. თითოეულ მათგანზე ქართველი მოგზაური თავად მოგიყვებათ:


1.    თურქეთი - სუთლაჯი


თურქეთი და კერძოდ, სტამბოლი, ჩემი უსაყვარლესი ქალაქების ხუთეულში მყარად არის გამეფებული. ეს ტკბილეული კიდევ, არაფერი განსაკუთრებული, თიხის ჯამში მოხარშული ბრინჯია, რძეში, ვანილით და კვერცხით, მერე გაციებული. ჩემი მეგობრები ბრინჯის ფაფას ეძახიან და მიბულინგებენ, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს.

 

Image result for sutlac recipe

 

2.    იტალია - პიცა


ქვეყანაც ხომ ცხელი, მრავალფეროვანი, ფერადი და საოცარია და აი, პიცაც! საერთოდ, ცომეულს არ ვჭამ, მაგრამ პატარა იტალიურ რესტორანში, ნაკვერჩხალზე შენს თვალწინ გამომცხვარ პიცას, ბევრი მოცარელათი, ლორით, ქათმით და სულ ბევრი, ბევრი ნოყიერებებით - არაფერი სჯობს!

 

 

3.    ინდოეთი – მასალა ჩაი (Masala Tea)


ეს არ არის კერძი, მაგრამ ძალიან მიყვარს, ე.წ. სფაისი ჩაია, ცოტა ცხარე, რძითა და საოცარი სურნელით. ინდოეთი ზოგადად განთქმულია სანელებლებით, ჰოდა, აი ჩაისაც არ დააკლეს.

 

 

4.    მავრიკის რესპუბლიკა – ცხარე ნუდლები (Spicy Noodles)


მაურიშასი ხუთი ერის გაერთიანებით მიღებული სახელწმიფოა, უეგზოტიკურესი და ულამაზესი, სადაც ახლახანს ვიმოგზაურე. ჰოდა, ეს ნუდლებიც „გამოძეძგილია“ ქათმით, კრევეტებით, მთლიანი პატარა სიმინდებით, აქვს კვერცხი და უგემრიელესი სანელებლები, ძალიან მომეწონა.

 

Related image

 

5.    ჩინეთი – ქათამი ბრინჯით და ტკბილ-ცხარე სიოუსით (Chicken Fried Rice)


მართალია, დღემდე უღირსად, ჩანგლით ვჭამ, მაგრამ ძალზედ მეგემრიელება.

Image result for chicken fried rice

 

6.    ესპანეთი – ტორტილა (Tortilla Espanola)


მოხაჭაპურო, ძალიან ნოყიერი კერძია, სხვადასხვა ინგედიენტით მზადდება და ძალიან გემრიელია. ასევე, ამავე ესპანეთიდან - სანგრიაზე ვგიჟდები, ალკოჰოლური სასმელებიდან და ზოგადად, ესპანურ ტემპერამენტზე.

 

 

7.    იაპონია – სუში (sushi)

არ სჭირდება ბევრი ახსნა. არ არის ჩემი ფავორიტი, თუმცა მიყვარს საკმაოდ და მეჯანსაღება.

 

 

8.    ვიეტნამი – დამპლინგს (Dumplings)


ეს არის მოხარშულ ცომში გახვეული, სანელებლებით შეზავებული უგემრიელესობები, რომლებიც მრავალფეროვანია საკმაოდ. რაღაცით ხინკალს წააგავს, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ვიეტნამშივე დავლიე საოცარი კვერცხის ყავა, აი მსუქანი, გოგლიმოგლით გაჯერებული ყავის უგემრიელესი მარცვლები, ყოველ გახსენებაზე ძალიან მინდება, მაგრამ თბილისში ვერსად მივაგენი.

 

 

9.    მექსიკა – კასეროლი (Casserole)


ლაზანიას წააგავს, ცხლად შემწვარი ხორცის, ყველის და ბევრი გემრიელობის ნაზავია. ზოგადად, მექსიკური სიცხარეები მიყვარს ძალიან.

 

 

10.    საქართველო - აჭარული ხაჭაპური


ვგიჟდები მასზე, ყველანაირ ჯანსაღ კვებასა და სხეულის მოვლაზე მაღლა დგას, მისი მირთმევის შანსს არასდროს ვუშვებ ხელიდან, განსაკუთრებით, თუ აჭარის რეგიონში ვიმყოფები. ცალკე უნდა აღინიშნოს მეგრული სამზარეულო: გებჟალია, ელარჯი, ხაჭაპური, კუპატი, ხარჩო... მოკლედ, საოცრებაა!