სამი ქართველი ბლოგერი, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ ჯანსაღი საკვებიც გემრიელია (+რეცეპტები) - Gemrielia.ge

სამი ქართველი ბლოგერი, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ ჯანსაღი საკვებიც გემრიელია (+რეცეპტები)

 

რამდენჯერ გითქვამთ დესერტზე უარი და დანანებით ჩაგილაპარაკებიათ: „ვერ შევჭამ, გამასუქებს“? ჩვენ ყოველდღიურად ვამბობთ უარს საყვარელ კერძებზე, სალათებზე, დესერტებსა თუ გამაგრილებელ სასმელებზე... სწორად ვიქცევით?


ინსტაგრამზე გამოჩნდნენ ქართველი food blogger-ები, რომლებიც თავიანთ გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას, რეცეპტებს, ისტორიებს უზიარებენ და მათი მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. წარმოგიდგენთ სამ ბლოგერს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ჯანსაღი საკვები იგივე გემრიელი საკვებია.

 

1.თამარ ჩიხლაძე (tamarichikhladze)

 

თამარის ინსტაგრამგვერდი მაღალხარისხიანი ფოტოებით გამოირჩევა. ინსტაგრამის აქტიურად გამოყენება სამი წლის წინ დაიწყო მაშინ, როცა ორი ორსულობის შემდეგ 20 კგ მოიმატა და დიეტოლოგის დახმარებითაც კი ვერ შეძლო ძველი ფორმების დაბრუნება. ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი კვების რეჟიმი შეედგინა:

 

„ყოველდღიურად ვპოსტავდი, რას მივირთმევდი, "ფიდის" ერთგვაროვნების შენარჩუნებას ვცდილობდი და სულ ერთ ფილტრს ვიყენებდი. ფორმაში ჩასადგომად, დაახლოებით, ერთი წელი დამჭირდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ბოლო სამი წელია ვიკვებები, ასე არასოდეს მიმიღია საკვებისგან სიამოვნება.“

თამარი gemrielia.ge-ის მკითხველს თავისი ფავორიტი ორცხობილების რეცეპტს უზიარებ:

 

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


•    შვრიის ფქვილი – 300–400 გრ
•    მიწისთხილის კარაქი – 2 ს/კ
•    წყალი – 2 ს/კ
•    დარიჩინი – 1 ჩ/კ


ყველა ინგრედიენტს ვურევთ ერთმანეთში, პატარა გუნდებს მსუბუქად ვაბრტყელებთ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხობთ 180 გრადუსზე, 25 წუთით. ეს ორცხობილები მარტივად მოსამზადებელი და უგემრიელესია. Bon Appétit

 

 

2.    თინათინ ხმალაძე (a.m_story)


თინათინი ინსტაგრამზე საოცრად დახვეწილი ფოტოებით გამოირჩევა.  მისი თქმით, სურს ხალხს ჯანსაღი კვების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს. ბლოგის შექმნა შვიდი თვის წინ გადაწყვიტა და ახლა თავის ყოველდღიურობას ათასობით გამომწერს უზიარებს:

 


„ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი, საკვების ლამაზად გაფორმება და ბოლოს ამ ყველაფრის ფოტოზე გადმოტანა. ბლოგი ჩემთვის ყოველდღიური, სასიამოვნო რუტინაა, რაც მას შემდეგ შევქმენი, რაც სწორი, ჯანსაღი და დაბალანსებული კვება დავიწყე.  მინდა საქართველოში დაიმსხვრეს სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ ჯანსაღი საკვები უგემური და მოსაწყენია. ისიც უნდა გავითავისოთ, რომ სწორი კვება არ ნიშნავს მკაცრ დიეტას დიდი აკრძალვებით. მთავარია საკვები რაციონი დაბალანსებული იყოს  და მისი მომზადება გსიამოვნებდეთ.“


თინათინი gemrielia.ge-ის მკითხველს თავის საყვარელ ჯანსაღი პიცის რეცეპტს უზიარებს:

 

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


•    1 საშუალო ზომის ყაბაყი
•    1 კვერცხი
•    1 ს.კ ბრინჯის ფქვილი
•    ცოტა მარილი და სოდა
•    პომიდორი
•    ხახვი
•    ყველი
•    სუნელები


მომზადების წესი: 


ვხეხავთ ყაბაყს, ვაყრით სულ ცოტა მარილს და ვტოვებთ რამდენიმე წუთით. შემდეგ ვწურავთ ყაბაყს, ვუმატებთ ერთ კვერცხს, ბრინჯის ფქვილს და სულ ცოტა სოდას. ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ, ვათავსებთ ფორმაზე და ზემოდან ვაწყობთ: პომიდორს, ხახვს, ბულგარულ წიწაკას, სურვილისამებრ სუნელებს. ვაცხობთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე, ვაყრით გახეხილ ყველს და ისევ ვაცხობთ 15 წუთით. და აი, ჯანსაღი პიცაც მზად არის, გემრიელად მიირთვით!

 

3.    მარიამ აფციაური (mariamis_journey)


ბევრი ხილი, ბოსტნული, ბროკოლი,before-after ფოტოები, სამოტივაციო ფრაზები, იუმორი – ეს მარიამის ბლოგის ნაწილია, რომელსაც თითქმის 10 000 ადამიანი ადევნებს თვალს და ბევრი მათგანი მასთან ერთად ცდილობს ფორმაში ჩადგომას.

 


„ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო. მეორე ორსულობის შემდეგ 33 კგ მოვიმატე. ისე მოხდა, რომ სწორი და გემრიელი საკვებით მე თავად ვიკლებდი წონაში, ამიტომ გადავწყვიტე ბლოგი შემექმნა, რომ სხვებსაც დავხმარებოდი წონის დაკლებაში. ასე დაიწყო ჩემი კვების დღიურის ისტორია. ჩემი ბლოგი არის ადამიანებისთვის, ვისაც წონის პრობლემა აქვს და ზოგადად, იმათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას, დღეში, მინიმუმ,  20–40 შეტყობინება მომდის და ვცდილობ, არცერთი არ დამრჩეს უპასუხოდ.“

 

მარიამი gemrielia.ge-ის მკითხველს თავისი ბრაუნის რეცეპტს უზიარებს:

 

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


•    2 ს/კ შვრიის ქატო (დაფქვით ბლენდერში მშრალად და ფქვილივით გახდება) 
•    2 ს/კ სიმინდის სახამებელი 
•    40 გრ უცხიმო ხაჭო
•    50 გრ ნატურალური იოგურტი
•    2 კვერცხი
•    1 ს/კ გამაფხვიერებელი
•    5 აბი დამატკბობელი (დაფხვნილი) 
•    ვანილი (უშაქრო) 
•    3 ს/კ კაკაო (მაქს. 12% ცხიმიანობის)
•    2 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილი 


ყველაფერი აურიეთ ხელის სათქვეფით, საცხობი ფორმა წინასწარ გაახურეთ ღუმელში, ქვეშ დაუდეთ საცხობი ქაღალდი და მასა შემდეგ მოათავსეთ. ცხვება 20-25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე და მზადაა. სასურველია, ბისკვიტი არ იყოს მშრალი, შიგნიდან სისველე და სირბილე უნდა ინგრძნობოდეს.
ზემოდან წასასმელად ერთმანეთში ვურევთ 1ს/კ კაკაოს, 50 გრ კრემხაჭოს ან ნატურალურ იოგურტს, 3 აბ დაფხვნილ დამატკბობელსა და 1 ს/კ უცხიმო რძის ფხვნილს. მიღებულ მასას ვუსვამთ ბისკვიტს, სურვილისამებრ ვუმატებთ ცოტა შოკოლადს. გემრიელად მიირთვით!