თათია თექთურმანიძე : „თავიდან ლუკასთან ყველაზე დისტანცირებული ურთიერთობა მქონდა“ - Gemrielia.ge

თათია თექთურმანიძე : „თავიდან ლუკასთან ყველაზე დისტანცირებული ურთიერთობა მქონდა“

 

„მასტერშეფის“ სამზარეულოში დაძაბულობა პიკს აღწევს. ერთ კვირაში გვეცოდინება, სამი ფინალისტიდან ვინ გახდება ქვეყნის პირველი მასტერშეფი. 


გასულ შაბათს ხუთი კონკურსანტის ბრძოლა ვიხილეთ. საუკეთესო ხუთეულს პირველი თათია თექთურმანიძე გამოეთიშა.თათიას ყველაზე დასამახსოვრებელი კერძი, რომელმაც იმუნიტეტიც კი მოუტანა, გახლდათ შუები ბეკონის შიგთავსით. ისე მოხდა, რომ სწორედ ბეკონი იყო მთავარი ინგრედიენტი კერძისა, რომელმაც თათიას შოუ დაატოვებინა. თათია თექთურმანიძე ხალხის გამოხმაურებაზე, მაკასთან დამოკიდებულებასა და ლუკას „სიყვარულზე“ გვესაუბრა.


როგორ ფიქრობ, რამ შეგიშალა ხელი დავალების შესრულებაში?


მე არ ვთვლი, რომ დავალება ვერ შევასრულე. პირიქით, ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ მომზადებული კერძი ყველაზე მეტად ჰგავდა საუზმეს, ვიდრე სხვა კონკურსანტებისა. ქართული საუზმე, როგორც ასეთი, არ არსებობს. ვიღაც კვერცხით საუზმობს, ვიღაც – ბუტერბროდით, იმის მიხედვით, ვის, რა აქვს სახლში. არასოდეს არ ვსაუზმობ მხოლოდ კერძით, რადგან ნახშირწყლებიც აუცილებელია. ამიტომ გავაკეთე ორკომპონენტიანი საუზმე. ორივე კერძი გავსინჯე და ძალიან მომეწონა. ასე რომ, არ ვიცი, რატომ მიიღო ჟიურიმ ეს გადაწყვეტილება. შეიძლება, წინა ტურების მონაცემები გაითვალისწინეს.

 


ბეკონმა ჯერ იმუნიტეტი მოგაპოვებინა, მერე კი შოუ დაგატოვებინა...


მართალია. იმიტომ ხომ არა, რომ დესერტში არ გამოვიყენე ბეკონი?! ალბათ, უკეთესი იქნებოდა, მაჭკატებში გამომეყენებინა და უფრო მოეწონება ჟიურის.


შენი აზრით, რატომ გიწუნებდნენ ხოლმე კერძებს?


ყოველთვის ვაგემოვნებ იმას, რასაც ვაკეთებ. არ მივიტან მაგიდასთან კერძს, თუ თავად არ მომწონს. ვფიქრობ, ჟიურის განსხვავებული გემოვნება აქვს, მე კი უფრო სტანდარტული კერძები მირჩევნია. მაგალითად, ვერ ვახამებ მარწყვს და ნიორს. არ მომწონს დესერტში ხორცი, იძულებული გავხდი გამომეყენებინა. შუს მომზადების დროსაც, იძულებული გავხდი ბეკონი გამომეყენებინა და მაქსიმალური კარამელიზაცია გავუკეთე, რომ მთლიანად დაეკარგა თავისი გემო. შეფებს პირიქით, მოსწონთ ასეთი არაორდინარული რაღაცები და ზღვის პროდუქტების ტურშიც იმიტომ მინდოდა მარწყვის გამოყენება, რომ ვიცოდი, ჟიურის მოეწონებოდა. მაგრამ ბოლოს მაინც ვერ გავრისკე და ის გემო ავირჩიე, რომელიც, ჩემი აზით, უფრო უხდებოდა კერძს.

 


„დესერტების პრინცესად“ მოგიხსენიებს ხოლმე ჟიურიც და მაყურებელიც. არ გაღიზიანებდა შენთან მიმართებაში მხოლოდ დესერტებზე ხაზგასმა?


ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკონდიტრო სფეროს ცოტა ზერელედ უყურებენ, „სულ დესერტებს აკეთებს“, „აუ, ის კონდიტერია“... არადა, დესერტის მომზადება უფრო რთულია, ვიდრე კერძის, რადგან აქ ყოველ გრამს მნიშვნელობა აქვს. საერთოდ, ცოტათი უცნაურია, რომ მაკრიტიკებდნენ დესეტის გამო, მაგრამ უმეტესად თვითონვე დესერტს ითხოვდნენ ჩემგან. სიგარეტებიც ხომ მე მომცეს, მაშინ, როცა შეეძლოთ, სხვა მონაწილისთვის მიეცათ.


რა შეიცვალა „მასტერშეფის“ შემდეგ შენს ცხოვრებაში?


ძალიან ბევრი რამ. ძალიან გავიზარდე, ბევრი რამე ვისწავლე. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემზე მაინც ხალხის რეაქციამ იმოქმედა. ორი რადიკალურად განსხვავებული კატეგორია დავინახე: ხალხი, რომელიც საერთოდ არ მიცნობდა, მხვდებოდა ქუჩაში, მეხუტეოდა, წარმატებებს მისურვებდა და ხალხი, რომელიც მგონია, რომ სხვა სამყაროდანაა, რეალობის აღქმა აქვს დაკარგული, ვერ ხვდება, რა არის ტელეშოუ და რა – რეალური ცხოვრება. დაახლოებით იმას მაგონებს, სერიალში ადამიანი თუ მოკვდება და მერე მართლა მკვდარი რომ ჰგონიათ; ადამიანს, რომელიც ბოროტი პერსონაჟის როლს ასრულებს, რომ იზიზღებენ და სხვ. ჩემთვის გამაოგნებელი იყო ის, რომ ხალხის ერთ კატეგორიას სჯეროდა, თითქოს, მე სხვა კონკურსანტები მეზიზღებოდა, ამის გამო გინების შეტყობინებებიც მომდიოდა. თურმე, შესაძლებელია ხალხმა მხოლოდ იმიტომ შეგიზიზღოს, რომ ხორცი დაგეწვა. ქალები მწერდნენ, რომ ძალიან მახინჯი ვარ, კაცებიც არანკალებად. თან სასაცილოა, რომ ერთ–ერთს, დაახლოებით, ერთი წლის წინ მოწერილი ჰქონდა მომწონხარო და ახლა მლანძღავდა. ალბათ, მასტერშეფის შემდეგ გადაწყვიტა ზოგმა, რომ შური ეძია.

 


შენი და მაკას ურთიერთობაზე რას იტვყი?


მაკასთან ყოველთვის მოწიწებითი ურთიერთობა მქონდა. ჩემზე უფროსია, დიდ პატივს ვცემდი. არც ახლა არ მაქვს მასთან ცუდი ურთიერთობა. მშვენივრად ვკონტაქტობთ, ვერთობდით ყოველგვარი ნეგატივის გარეშე. სხვათაშორის, მაკა ერთ–ერთია, ვისი კერძებიც ძალიან მომწონს.


ხორცპროდუქტების ტურში ერთ გუნდში აღმოჩნდით. როგორ შეძელით ერთობლივად მუშაობა?


მაკა არ არის ის ადამიანი, ვისთანაც ღირს რაღაცაზე დავა ან რაღაცის დამტკიცება. მე ჩემი იდეები შევთავაზე, მან თავისი შემომთავაზა. მითხრა, თათი, მე საზღვარგარეთ გასინჯული მაქვს ეს კერძი, ძალიან გემრიელია, ცოტათი შევცვალოთ და გავაკეთოთ. როგორც შაინინამ და მანჯიმ იდავეს და ორი სხვადასხვა კერძი გააკეთეს, ისე რომ არ დაგვმართნოდა, მივენდე მაკას, რადგან მან იცოდა, როგორ მზადდებოდა ეს კერძი.


შენს რომელიმე კერძს თუ შეცვლიდი?


კასტინგის კერძის გარდა ყველას შევცვლიდი. თავიდან სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ყველაფერზე, დიდ პორციებს ვამზადებდი, ისე, როგორც დიასახლისები აკეთებენ დიდი ოჯახებისთვის, არც გაფორმებაზე ვფიქრობდი იმდენად, რომ საკმარისად კარგი გამოსულიყო. ეს ისევ ჩემი გამოუცდელობის გამო, რადგან ყველამ იცის, რომ მე არც აკადემიაში არ მისწავლია, არც არანაირი გამოცდილება არ მქონია ასე მომზადების... მხოლოდ ბოლო ტურებში მივხვდი, რა მოსწონდა ჟიურის. ასე რომ, უკან დაბრუნების საშუალება რომ მქონდეს, ნამდვილად ბევრ რამეს შევცვლიდი.

 


შენსა და ლუკას შორის სიყვარულზე ალაპარაკდა ხალხი. ამაზე რას გვეტყვი?


თავიდან ლუკასთან ყველაზე დისტანცირებული ურთიერთობა მქონდა. თითქმის, არ ვსაუბრობდით. ყველაზე მეტად ლუკა მაკრიტიკებდა, მისი მოსვლა მეხის გავარდნას ჰგავდა და ეს ჩემზე იმდენად მოქმედებდა, რომ გადაღების დასრულების შემდეგ მისი დანახვა აღარ მინდოდა. ამიტომ, იმდენად მიუჩვეველი ვიყავი მისგან შექებას, რომ როგორც კი რამე კარგი დასცდებოდა, თვალები მიბრწყინავდა და ალბათ, ამან განაპირობა, რომ ლამის, შეყვარებულები გაგვხადეს.

 


ფინალისტებზე რას ფიქრობ და შენ ვის გულშემატკივრობ?


ია საოცარი გოგოა. მის ასაკში მსგავსი ფანტაზიის მქონე ბავშვი ჯერ არ მინახავს. ვფიქრობ, რომ ეს ნიჭია, რომელსაც ვერცერთ აკადემიაში ვერ შეიძენ, რაც უნდა ბევრი ისწავლო. თინა ძალიან არაორდინარული და რისკიანია. ისეთ პროდუქტებს იყენებს, რომ მე შემეშინდებოდა მათი გამოყენება. მაგალითად, ბოლო ტურში ლოკოკინების ჩაქაფული რომ გააკეთა, ძალიანაც რომ მომწონებოდა, გამბედაობა არ მეყოფოდა და მაინც ვერ მოვამზადებდი. მანჯისთან თავიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა და მას ვგულშემატკივრობდი. მის კერძებზე რომ ამბობენ, ჯიგრული და შინაურულიო, მეც ვეთანხმები, თან მეც ასეთები მიყვარს. მჯერა, რომ ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევს.


სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. გამოჩნდენ კომპანიები, რომლებიც ჩემით დაინტერესდნენ. მალე მექნება იუთუბარხი, სადაც უკვე სექტემბრიდან დავდებ ვიდეობს, მოვამზადებ, როგორც დესერტებს, ასევე კერძებსაც და ჩემნაირ გოგოებს, დიასახლისებს ვასწავლი, სახლის პირობებში როგორ უნდა მოამზადონ მარტივად და გემრიელად.