მანჯი და „სამზარეულოს ამორძალები“ – ვინ გახდება „მასტერშეფის“ გამარჯვებული? - Gemrielia.ge

მანჯი და „სამზარეულოს ამორძალები“ – ვინ გახდება „მასტერშეფის“ გამარჯვებული?

 

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს ქართული ანალოგის „მასტერშეფის“ კულმინაციურ ეტაპამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა. გრანდიოზულ ფინალში ერთმანეთს ია ძაგანია, თინა ვაშაკიძე და გიორგი მანჯავიძე შეხვდებიან. სამივე მონაწილემ შოუს განმავლობაში ჟიურისა და მაყურებლის განსაკუთრებული სიმპატია დაიმსახურა, ისინი არაერთხელ დასახელდნენ საუკეთესოებად, ასე რომ, ფინალში, რომელსაც რამდენიმე საათი გვაშორებს, მართლაც დაუნდობელი ბრძოლა გველოდება.


„მასტერშეფის“ ფინალისთვის განსაკუთრებულად ემზადება ჟიურიც. ისინი ფინალისტებს ბოლო დავალებას მისცემენ და მათი ვერდიქტიც საბოლოო იქნება!

 

Image result for ლუკა ნაჭყებია


ლუკა ნაჭყებია: „რეალურად, ბევრად უფრო მეტს მიაღწიეს კონკურსანტებმა, ვიდრე მეგონა, რომ მიაღწევდნენ. არ ველოდი, რომ „მასტერშეფის“ პირველივე სეზონში ასეთი მაღალი დონის კერძები მომზადდებოდა გემოსა და ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ამდენი ორიგინალური და საინტერესო იდეა გაჩნდებოდა.
სიმართლე გითხრათ, ფინალის მეშინია, რადგან სამ ძალიან ნიჭიერ და გემოვნებიან ადამიანს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. თინას ველოდით ფინალში, რადგან ძალიან კარგად აჩვენა თავისი ძალები, ისევე, როგორც იამ. მაგრამ მათ შორისაც იყო ისეთი დავალებები, რომლებსაც საკმარისად კარგად ვერ გაართვეს თავი. მანჯი ძალიან სტაბილური იყო მთელი შოუს განმავლობაში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა კარგმა მონაწილემ დატოვა პროექტი, ვფიქრობ, ამ სამეულის მოხვედრა ფინალში ძალიან ლოგიკურია.
ფინალისტები დიდი გამოწვევის წინაშე დადგებიან, სამი საათის განმავლობაში სამი კერძის მომზადება მოუწევთ. იმედი მაქვს, რომ არცერთი არ გატყდება და თავიანთ მაქსიმუმს გვაჩვენებენ.“


სანამ ფინალისტები ერთმანეთს ქვეყნის ნომერ პირველი მასტერშეფის ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან, მანამდე გავიგოთ, რა მოლოდინები აქვთ მათ.


თინა ვაშაკიძე: „კონკურსი იმდენად აზარტულია, დაღლილობისა და სტრესისგან შეიძლება გადაიწვა ან საერთოდ შენი თავი დაკარგო, სხვა ადამიანი გახდე. ფინალისთვის განსაკუთრებულად არ ვემზადები და არც ვნერვიულობ. გადავწყვიტე, რომ ეს არ იქნება ბრძოლა ჩემთვის. გავაკეთებ, იმას რაც ძალიან მიყვარს და მაქსიმალურად დავტკბები ყოველი წამით.“

 

Image may contain: one or more people and closeup


გიორგი მანჯავიძე: „მე, იასა და თინას ბევრჯერ გვისაუბრია ერთმანეთთან შემდეგ ტურებზე, ხალხის კომენტარებზე, კერძებზე, ფინალზე...ყოველი ტურის წინ რაღაც მოლოდინები სულ მქონდა, მაგრამ ახლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ... აქამდე სულ ოცნებებში ვიყავი, თითოეული ტური ჩემთვის უდიდესი გამარჯვება იყო, რადგან მართლა პირდაპირ სახლის სამზარეულოდან მოვედი აქ და თან მოვედი მხოლოდ ჩემი გემოების და რაღაც პატარა ნიჭის იმედად. ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფინალში ვიქნებოდი და თან ვისთან? – სამზარეულოს ამორძალებთან ერთად.
ერთადერთი, რისი მოლოდინიც მაქვს და რაშიც დარწმუნებული ვარ, ის არის, რომ უმაგრესი, საოცარი ფინალი იქნება. არა იმიტომ, რომ „დავხოცავთ“ ერთმანეთს, არამედ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები მოხდება.“

 

Image may contain: one or more people and closeup


ია ძაგანია: „ფინალამდე ძალიან ბევრი რთული ეტაპი გავიარეთ, თითოეული ჩვენგანი ამ ხნის განმავლობაში პროფესიულად ძალიან გაიზარდა და დაიხვეწა. ფინალისტობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რა დავალებაც უნდა მოგვცეს ჟიურიმ, ვაპირებ გამოვიყენო მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რაც პროექტის განმავლობაში დამიგროვდა. ძალიან მინდა, რომ ფინალი, როგორც ჟიურისთვის, ასევე მაყურებლისთვის საინტერესო და სასიამოვნო იყოს.“

 

Image may contain: 3 people, people smiling, people standing and beard

ხვალ, შაბათს, გახდება ცნობილი ვინ გახდება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს ქართული ანალოგის პირველი სეზონის გამარჯვებული და ქვეყნის №1 მასტერშეფი. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება ის: ია, თინა, თუ მანჯი?