ქვეყნის პირველი მასტერშეფი - ია ძაგანია: „მიზნად დავისახე, რომ ყველა გამეოცებინა“
ქვეყნის პირველი მასტერშეფი - ია ძაგანია: „მიზნად დავისახე, რომ ყველა გამეოცებინა“

 

ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“, გამარჯვებული და ქვეყნის პირველი მასტერშეფი 20 წლის ია ძაგანია გახდა.
კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეს ჟიურიმ და მაყურებელმა კასტინგის დღესვე უწოდა „მასტერშეფის“ აღმოჩენა. მან არაერთხელ მოიპოვა იმუნიტეტი და ღირსეულ ფინალისტებს შორის ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.
გთავაზობთ ქვეყნის პირველი მასტერშეფის ემოციებს გრანდიოზული ფინალის შემდეგ.

 

რამდენად განსხვავდებოდა ფინალი სხვა ტურებისგან?


რადიკალურად. ათმაგად დაძაბული ვიყავი. ბევრად უფრო მეტი რამ იდო სასწორზე, ვიდრე მანამდე. საერთოდ, რაც უფრო მაღლა ხარ, დაცემა მით უფრო მტკივნეულია. ფორმატიც განსხვავებული იყო. სამი კერძი უნდა მოგვემზადებინა, თან იმაზე მცირე დროში, ვიდრე მანამდე ვამზადებდით.
გარშემო ვერაფერს ვერ ვამჩნევდი. მიუხედავად იმისა, რომ ფინალისტები ერთმანეთის გვერდი-გვერდ ვამზადებდით კერძებს, საერთოდ ვერ ვხედავდი მათ. ვიყავით მხოლოდ მე და კერძი, რომელსაც ვამზადებდი. შიგადაშიგ გულშემატკივრებისკენ თუ გავიხედავდი მხოლოდ, რომლებიც ძალიან მამხნევებდნენ. განსაკუთრებით, მამაჩემი, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ხშირად პირველია, ვინც ჩემს კერძებს სინჯავს.

 


სტარტერმა იმდენად მოხიბლა ლუკა, რომ ადგა და ადგილი დაგითმო. რას გრძნობდი მაშინ?


თავიდან ვერ მივხვდი, რას აკეთებდა, რატომ ადგა და ცოტა უცნაურიც იყო მისი ადგილის დაკავება, მაგრამ თან ძალიან გამიხარდა. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი სტარტერი მოეწონათ და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ, მეორე მხრივ, ამან უფრო მეტად დამძაბა, რადგან მივხვდი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა და ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ჩემი სტარტერით მივაღწიე, არ უნდა დამეგდო.


შოთის პურის ნაყინის მომზადება რამ მოგაფიქრა?


სულ ვცდილობ, რომ რაღაც ქართული ინგრედიენტი გამოვიყენო. ტრადიციული დესერტების არც ჭამა მიყვარს და არც მომზადება. ვფიქრობ, დესერტი გაძლევს საშუალებას, რომ ინგრედიენტების უცნაური კომბინაციებით ადამიანი გააკვირვო, ამიტომ გადავწყვიტე შოთის პურის ნაყინის მომზადება. მარილიანი ნაყინი იყო, ფაქტობრივად, რომელიც თან ბავშვობას გახსენებდა, თან მოულოდნელობის ეფექტს ქმნიდა. ამ დესერტში იყო პური, ყველი, პამიდორი... ანუ ყველა ის ინგრედიენტი, რომლებიც, თითქოს, დესერტში არ უნდა იყოს. ასე რომ, შოთის პურის ნაყინი უკვე არსებული კერძის, ამ შემთხვევაში სალათის, გადესერტების მცდელობა იყო.

 


რა დაუსახე შენ თავს ფინალის წინ?


ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დონის ადამიანები აფასებენ ჩემს კერძს. ამიტომ მიზნად დავისახე, ყველა გამეოცებინა და ისეთი კერძები მომემზადებინა, რომ მეც კმაყოფილი ვყოფილიყავი, ჟიურიც და მაყურებელიც. 


რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში „მასტერშეფის“ შემდეგ?


ფინალის შემდეგ ტელეფონი ამიფეთქდა, იმდენი შეტყობინება მომდის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ უსამართლობის განცდა არ გაუჩნდა მაყურებელს. ჩაწერის შემდეგ სწორედ ეგ მაფიქრებდა - რას იტყოდა ხალხი, რამდენად ჩათვლიდა, რომ დამსახურებულად გავიმარჯვე. თუმცა, რეალურად, დანარჩენი ორი ფინალისტიც ღირსეული იყო და მათი გამარჯვების შემთხვევაშიც ღირსეული გამარჯვებული ეყოლებოდა შოუს.
„მასტერშეფის“ ტიტულის ტარება ძალიან საპასუხისმგებლოა. იმდენი ადამიანი ამყარებს ჩემზე იმედს, რომ მათი იმედების გაცრუების უფლება არ მაქვს.

 

 


როგორ ფიქრობ, რა შეცვალა „მასტერშეფმა“ ქართულ გასტრონომიაში?


„მასტერშეფი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქართული კულინარიის განვითარებისთვის. ვფიქრობ, მისი დამსახურებით, გარკვეულწილად, კულინარიისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა და მაყურებელი დარწმუნდა, რომ კულინარია არამხოლოდ კერძების მომზადება, არამედ შემოქმედებაა, რომელიც ძალიან ბევრ ფიქრს, ფანტაზიას, სითამამესა და ენერგიას მოითხოვს.
მინდა მადლობა გადავუხადო „მასტერშეფის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს და ყველა კონკურსანტს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ შოუ შედგა.

 


ქვეყნის პირველი მასტერშეფის აზრით, რატომ უნდა მიიღოს ადამიანმა მონაწილეობა „მასტერშეფში“ და რას ურჩევდი მეორე სეზონის მონაწილეებს?


ახლა ვხვდები, რომ ისიც კი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, როდესაც ჩემს მომზადებულ კერძს კრიტიკულად მიფასებდნენ. თუნდაც, ამ გრძნობისთვის ღირს „მასტერშეფში“ მონაწილეობა, რომელიც, ამავდროულად, ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს.
მომავალი სეზონის მონაწილეებს ვურჩევდი, ქართული ინგრედიენტები გამოიყენონ, ეცადონ ქართული კულინარიის განვითარებას და მაქსიმალურად ისიამოვნონ პროცესით. პირველივე სეზონში იმდენად ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, რომ ვისურვებდი, ის სტანდარტი, რომელიც ათეულმა დავდეთ, მაქსიმალურად გააუმჯობესონ.


რა გეგმები აქვს ქვეყნის პირველ მასტერშეფს?


პირველ რიგში, უცხოეთში განათლების მიღებას ვაპირებ, თუ მომეცემა ამის შესაძლებლობა. რაც მთავარია, ძალიან მინდა, ქართული კულინარიის სტანდარტი კიდევ უფრო ამაღლდეს და მოხარული ვიქნები, თუკი ამაში ჩემი წვლილის შეტანას შევძლებ.
 

მასალის გამოყენების პირობები
29 ივლისი, 2019 12:21 p.m.
ნანახია: 759