ვის ეკუთვნის ალუბლის ხინკლის შექმნის იდეა და გვართმევენ თუ არა ქართველობას - Gemrielia.ge

ვის ეკუთვნის ალუბლის ხინკლის შექმნის იდეა და გვართმევენ თუ არა ქართველობას

ერთი კვირის წინ რესტორნის „მარტო ხინკალი“ ფეისბუკგვერდზე ხინკლის ფოტო გამოჩნდა. მასში მხოლოდ ის იყო უცნაური, რომ ფოტოზე არც ქალაქური, მოხევური ან ფშავური ხინკალი ჩანდა, არამედ – ალუბლის ხინკალი. ფოტოს სოციალურ ქსელში მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საიდან გაჩნდა ალუბლის ხინკლის იდეა და რამდენად პოპულარულია იგი მომხმარებელში, ამაზე რესტორნის „მარტო ხინკალი“ წარმომადგენელს gemrielia.ge ესაუბრა.


საიდან გაჩნდა ალუბლის ხინკლის შექმნის იდეა? 


ტკბილი ხინკლის შექმნის იდეა სახინკლის გახსნისთანავე გაჩნდა. გემრიელი სადილის შემდეგ ბევრი სტუმარი ითხოვდა  დესერტს. ჩვენ არ გვსურდა მენიუში შეგვეტანა მობეზრებული ორცხობილა ან ფუნთუშეული. ვინაიდან, ჩვენი  სახელია „მარტო ხინკალი“, დავიწყეთ გამოსავლის ძიება. ვატარებდით ცდებს სხვადასხვა კენკრით, ხილით... მაგალითად, ვაშლი დარიჩინით, შოკოლადით, მაგრამ საბოლოოდ, ალუბალზე შევჩერდით. ტკბილი და მჟავე გემოების შერწყმით  მივიღეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მსუყე სადილს გაანეიტრალებდა. 


სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეთ. ხინკლის შეურაცხყოფაშიც კი დაგდეს ბრალი...


ბოდიშს ვიხდით, რომ მათ გრძნობებს შევეხეთ. გეთანხმებით, უამრავ დადებით გამოხმაურებაში, ნაწილობრივ, გვხდებოდა უარყოფითი რეაქციაც ალუბლის ხინკლის გამოჩენაზე. ხშირად უფრო გონებამახვილობას წააგავდა მათი აზრი ამ თემაზე. ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა სიტყვები „ხინკალი-ბასტარდი“. სურვილიც კი გაგვიჩნდა, მენუში ამ სახელწოდებით შეგვეტანა.


ქართველ და უცხოელ სტუმრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ ალუბლის ხინკალზე?


ალუბლის ხინკალი საოცრად პოპულარულია. ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ის ერთადერთი დესერტია ჩვენს მენუში. თუმცა მთავარი მიზეზი ისაა, რომ ძალიან გემრიელია.  ჩვენ მივაღწიეთ მჟავისა და ტკბილის ჭეშმარიტ შერწყმას, რასაც ემატება თხელი ცომი და ალუბლის არომატი. მას დიდი ხანია ვამზადებთ, მაგრამ ცნობადობის მწვერვალს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ მიაღწია. მოულოდნელიც კი იყო ასეთი გამოხმაურება. მოგეხსენებათ, ზაფხულის აუტანელ სიცხეში ხინკალი ნაკლებადაა მოთხოვნადი, ჩვენთან კი საღამოობით ანშლაგია. ალუბლის ხინკალი თითქმის ყველა შეკვეთაშია. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ათობით შეტყობინებას ვიღებთ ხინკლის ხარისხის თაობაზე. ტურისტებიც არაერთ პოსტს აქვეყნებენ და აქტიურად აქებენ ალუბლის ხინკალს ინსტაგრამზე.

 

Image may contain: food


ალუბლის ხინკლის გარდა კიდევ რა სახეობის ხინკალი გაქვთ?


რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულება ტრადიციული ხორცის ხინკალი. მთიულური, მოხევური, დაკეპილი ხინკალი ცხვრის ხორცით და დაკეპილი ხინკალი საქონლის ხორცით ძალიან მოთხოვნადია. მენიუში დიდი ასორტიმენტი არ გვაქვს. ჩვენ აქცენტს უფრო მეტად  პროდუქციის ხარისხზე ვაკეთებთ. დიდხანს ვეძებეთ შესაბიმისი ხორცი, გემრიელი და ხარისხიანი ყველი. საგანგებო ამოცანად იქცა კვლიავის მომარაგება, რომელიც მოხევურ ხინკალში გამოიყენება.
გავითვალისწინეთ ისიც, რომ ბევრი ჩვენგანი მარხულობს, ზოგიც კი სულაც ვეგეტარიანელია. სწორედ მათთვის ქამა სოკოსა და კარტოფილის ხინკალს ვამზადებთ. ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ყველისა და ხაჭოს ხინკალი. სტუმრები „მარტო ხინკალში“ ხშირად გვთხოვენ, ყველა სახეობა თითო-თითო მივუტანოთ.
საინტერესო შემთხვევა გვქონდა, როდესაც კერძო ბიზნეს კლასის თვითმფრინავის ბორტ გამცილებლები გვესტუმრნენ და მათი თხოვნით, საზღვარგარეთ წასაღებად 200 „ქალაქური“ ხინკალი მოვამზადეთ. 

 

Image may contain: people sitting and food


როგორია ბრენდის კონცეფცია და რატომ „მარტო ხინკალი“?


მთელი კონცეფცია დასახელებაშია - მარტო ხინკალი. გვსურდა შეგვექმნა სახინკლე - ყოველგვარი სალათებისა და სხვა კერძების გარეშე. იმისთვის, რომ სტუმრებმა დაინახონ თუ როგორ, რა პირობებში და რა პროდუქტით მზადდება მათთვის ხინკლი, გავაკეთეთ „ღია“  სამზარეულო - სამზარეულო შუშის მიღმა. ისინი თავად დარწმუნდებიან, რომ ვმუშაობთ სუფთად, მაღალი ხარისხის გაუყინავი და ნატურალური პროდუქტით.  თავიდან იმასაც კი ვფიქრობდით, მაღალი მაგიდები დაგვედგა, როგორც ეს ძველად სახინკლეებში იყო, მაგრამ მივხვდით რომ დღევანდელ საზოგადეობას ეს არ მოეწონება.
კიდევ ერთ დათმობაზე მოგვიწია წასვლა, კერძოდ, სასმელებთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ხინკალს ლუდი და ჭაჭა უხდება. თუმცა, ვინაიდან, ჩვენი სახინკლე აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც უამრავი ფეხით მოსიარულე ტურისტია და მათ სურთ ქართული ღვინის დაგემოვნება, სწორედ ამიტომ მენიუში ღვინოც შევიტანეთ.