„რაც მომეპოვება, იმითი ვაწყობ კერძს“ – გაიცანით მოყვარული კულინარი, რომელიც ტრადიციულ კერძებს ახლებურად ამზადებს - Gemrielia.ge

„რაც მომეპოვება, იმითი ვაწყობ კერძს“ – გაიცანით მოყვარული კულინარი, რომელიც ტრადიციულ კერძებს ახლებურად ამზადებს

 

შეხედავს ინგრედიენტს და იდეაც მოდის – კრეატიული გიჟური და ისეთი, ჯერ რომ არავის გაუკეთებია.

ზიზი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. ამჟამად – დიასახლისი და ორი შვილის დედა.

კულინარია ბავშვობიდანვე იტაცებდა. 9 წლის იყო, სამზარეულოში ფუსფუსი რომ დაიწყო და მას შემდეგ, ალბათ, ერთი დღეც არ ყოფილა კულინარიის გარეშე. „როგორც კი სამზარეულოს მარტოს დავიგულებდი, იწყებოდა ჩემი ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა. ეს ის საქმეა, რაც არასოდეს მღლის და მბეზრდება,“ – ამბობს ზიზი.

 

 

არ უყვარს სტანდარტული რეცეპტები და ყოველთვის ცდილობს, რაღაც შეცვალოს, კერძი სხვანაირად წარმოაჩინოს. წინასწარ არასოდეს ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს. ინგრედიენტის დანახვისას უცებ მოსდის იდეა. კულინარიისადმი დიდი ინტერესისა და სიყვარულის მიუხედავად, ეკონომისტის პროფესია აირჩია: „მიზეზი მარტივია. როგორც ხდება ხოლმე – „უფრო გამოგადგება“, „უფრო პერსპექტიულია“... დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, სულ სხვანაირად დავგეგმავდი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ გვიანი ალბათ არც ახლაა, – ამბობს ზიზი. ასე რომ, კულინარიის ხელოვნება არსად არ უსწავლია და მისი იდეები დიდი ფანტაზიის დამსახურებაა.

 

მეგრული სუში

ძირითადად, ქართული სამზარეულოს მოდერნიზებაზე ფიქრობს: „ქართული კერძების სხვა სახით წარდგენა, რაღაც ახლის შეტანა მინდა. დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს პატარა კაფე, მყუდრო გარემოთი, განსხვავებული ინტერიერითა და კერძებით. მინდა, თითოეული სტუმარი ვამოგზაურო სხვადასხვა კუთხეში და ბავშვობა გავახსენო, ბებიების მომზადებული კერძები, მაგრამ ახლებურად, თანამედროვე და განსხვავებული სახით.“

 

ფხალის ასორტი ბაჟეში, აჭარულის ნავში

 

 „ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა ბევრი პროდუქტი მაქვს თუ არა. რაც მომეპოვება იმითი ვაწყობ კერძს. ­­­ ყველაფრისგან შეიძლება გამოძერწვა, თუ მოინდომებ.“

 

 

„აღდგომის დღესასწაულზე, როგორც იცით, ყველა პასკებს აზიარებს. მაშინ მომინდა ქართულ სტილში წარმედგინა. ასე გავაკეთე პასკა თათარის გლაზურითა და ტყლაპით.“

 

 

ხშირად ვამზადებ ფახლავას. არ მიყვარს სტანდარტული და ამიტომაც სულ სხვადასხვა სახით ვაკეთებ. მაგალითად, აჭარულის ფორმით, ხინკლის ფორმით, კეცზე...

 

 

ერთ–ერთის რეცეპტს სიამოვნებით გავუზიარებ gemrielia.ge-ის მკითხველს.

ფახლავა-ხინკალი

ინგრედიენტები:

  • ფქვილი-800-850 გრ( 4)
  • შაქარი-200 გრ
  • ნიგოზი-300 გრ
  • კვერცხი-4
  • კარაქი ან მარგარინი-300 გრ
  • თაფლი-3 /
  • წყალი-50მლ
  • არაჟანი-300 მლ
  • სოდა-1 /
  • მწიკვი მარილი

მომზადება:

  1. ფქვილს დავამატოთ მარილი, კარაქი და ხელით დავსრისოთ ფხვიერი მასის მიღებამდე.
  2. შემდეგ ჩავამატოთ 3 კვერცხის გული (1 გული გადავინახოთ ზემოდან წასასმელად)
  3. არაჟანში გავხსნათ სოდა და დავამატოთ ფქვილიან მასას.
  4. მოვზილოთ ცომი, ჩავდოთ პარკში და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 40 წუთით.
  5. ცალკე თასში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები შაქართან ერთად,შეურიოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
  6. მზა ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭრათ წრეები.თითეული წრე გავაბრტყელოთ და ჩავუდოთ გულსართი. მოვახვიოთ ხინკალი ჩვეული წესით. წაუსვათ ცოტაოდენ წყალში გახსნილი კვერცხის გული.
  7. დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაზე. შევდგათ გამოსაცხობად წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

სანამ ფახლავა ცხვება, მოვამზადოთ თაფლიანი სიროფი:

50 გრ შაქარს დავასხათ 50 მლ წყალი და 3 / თაფლი. შევდათ ცეცხლზე და ვადუღოთ დაახლოებით 3-4 წუთი.

30 წუთის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ ფახლავა და ცხელსვე წავუსვათ მდუღარე სიროფი. შემდეგ ისევ შევდგათ ღუმელში 5 წუთით.

 

 

გემრიელად მიირთვით!