საშიშია თუ არა მწყრის ხორცი ბავშვებისთვის? – პედიატრის პასუხი - Gemrielia.ge

საშიშია თუ არა მწყრის ხორცი ბავშვებისთვის? – პედიატრის პასუხი

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნის შემდეგ განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა, არის თუ არა რეკომენდირებული მათი ხორცის მირთმევა ბავშვებისთვის. განსაკუთრებით ბევრი შეკითხვაა მწყრის ხორცთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რამდენად სასარგებლოა მწყრის კვერცხი, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია მისი ხორცის მირთმევა ბავშვებისთვის?

ჩვენს შეკითხვებს პედიატრი, მედიცინის დოქტორი, თამარ ობგაიძე პასუხობს.


–    მიზანშეწონილია თუ არა ბავშვისთვის მწყრის ხორცის მირთმევა?


მწყრის ხორცს არ აქვს უკუჩვენებები, თუ პატარას მისი ინდივიდულური აუტანლობა არ აქვს. ის შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია და ამავდროულად, ამინომჟავები ისეთი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რაც ბავშვის ორგანიზმის მიერ მათ ათვისებას უწყობს ხელს.


მწყრის ხორცი საკმაოდ კალორიული პროდუქტია – მისი ყოველი 100 გრამი 134 კკალ ენერგიას შეიცავს.
ასევე, დიეტურია და ალერგიული ადამიანებისათვისაც ადვილი ასატანი - მწყრის ხორცი, ისევე როგორც მისი კვერცხი ხომ ოვომუკოიდს შეიცავს, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

Image result for quail recipes


მწყრის ხორცი ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც პატარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:


•    ამ პატარა ფრინველის ხორცში ბევრი A ვიტამინია, რომელიც ბავშვის ზრდა- განვითარებისათვისაა აუცილებელი.
•    მწყრის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების ნამდვილი საბადოა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს B6, B1, B6 B3, B12 ვიტამინებს.
•    გაცილებით მეტ D ვიტამინს მაღალი შეიცავს, ვიდრე ქათმისა თუ ინდაურის ხორცი
•    რკინის მაღალი შემცველობის დამსახურებით, მისი მიღება ანემიის პროფილაქტიკისათვისაც მნიშვნელოვანია.
•    მწყრის ხორცი მდიდარია სპილენძით, კობალტით, მანგანუმით, თუთიით. ეს ნივთიერებები აუცილებლია ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტი ქიმიური რეაქციისათვის, რადგან ისინი ამ რეაქციებისათვის საჭირო ფერმენტული სისტემების ნაწილია.
•    მწყრის ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმსა და ფოსფორს, რომლებიც ბავშვის ძვლოვანი სისტემის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვისაა აუცილებელი.


რაც მთავარია, ყველა ეს ნუტრიენტი ისეთი თანაფარდობითაა წარმოდგენილი, რომ ორგანიზმის მიერ ერთმანეთის ათვისებას ხელს უწყობენ.


–    რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის საშიში მწყრის ხორცი? მიზანშეწონილია თუ არა ნანადირევის მირთმევა?


თუკი მწყერი დაავადებულია. არ მისცეთ პატარას მწყრის ხორცი, თუ მისი წარმომავლობა არ იცით - მწყერი შეიძლება პარაზიტებით ან მიკრობებით, მაგალითად, სალომონელათი იყოს ინფიცირებული, რაც ბავშვის დაავადებას გამოიწვევს . სწორედ ამიტომ, აჯობებს, ფერმაში გაზრდილი, სერტიფიცირებული ფრინველი შესთავაზოთ პატარას და არა – ნანადირევი.


–    როგორ უნდა შევარჩიოთ და მოვამზადოთ მწყრის ხორცი?


თუ ხორცზე ხელის დაჭერისას, ჩანაჭდევი მალე გასწორდა, ნიშნავს, რომ ხორცი ახალია. მწყერი სხვა ფრინველისაგან განსხვავდება, ასე რომ, ნუ დაგაბნევთ მისი ხორცის მუქი ფერი.
რაც შეეხება მომზადებას, ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში აუცილებლად გადაღვარეთ - მწყრის ხორცი დიდი რაოდენობით პურინებს შეიცავს, რაც პატარასთავის სასარგებლო სულაც არ არის.


–    რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი ბავშვისთვის მწყრის ხორცის მირთმევა?


მისი მიცემა 8 თვიდან შეიძლება ბოსტნეულთან ან ბრინჯთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ მწყრის ხორცი სწრაფად, დაახლოებით 30 წუთში იხარშება.

ქალბატონი თამარი gemrielia.ge-ის მკითხველს რეცეპტსაც უზიარებს, რომლითაც გემრიელ და სასარგებლო კერძს მოუმზადებთ პატარებს:

1. გასუფთავებული სტაფილო და კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და დადგით ცეცხლზე.
2. ბოსტნეული რომ დარბილდება, დაუმატეთ დაჭრილი ყაბაყი.
3.მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ან წვრილად დაწილადებული 50 გრ მწყრის ხორცი და დააბლენდერეთ
4. დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

დარწმუნებული ვარ, თქვენი პატარა დაგიფასებთ შრომას!