"ხშირად კერძს გაუსინჯავად აყრიან მარილს, რაც დაუშვებელია!" - რა დოზით უნდა მიიღოთ მარილი და რა პრობლემებს იწვევს მისი ჭარბი მოხმარება
მარილი ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელი ნივთიერებაა, თუმცა მისი ჭარბი რაოდენობით მიღება, სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.
რა დოზით უნდა მივიღოთ მარილი, რა პრობლემებს იწვევს ორგანიზმში მისი გადაჭარბებული დოზა - ამ და სხვა საკითხებზე AMBEBI.GE-ს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება:
- "მარილი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის, ის უზრუნველყოფს წყლის ბალანსის რეგულაციას. თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 70% წყლისგან შედგება, ნათელი გახდება, მისი ბალანსი როგორი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის" - გვეუბნება სპეციალისტი.
მარილი ნატრიუმის ქლორიდია, ანუ მიკროელემენტი ნატრიუმი, რომელიც გარკვეულ პროდუქტებს სიმლაშეს ანიჭებს. ექიმის თქმით, თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნატრიუმი მნიშვნელოვანია, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ აღნიშნული მიკროელემენტი სხვადასხვა ბოსტნეულში, ხილშიც შედის...
"საქართველო ხომ განებივრებულია მინერალური წყლებით, რომლებიც სავსეა ამ ნატრიუმითაც. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მარილის აკრძალვაზე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ ნატრიუმის აკრძალვაზეც, ამ დროს საუბარია სუფრის მარილის გამოყენებაზე, რომელსაც საკვებში ვიყენებთ.
არის ასევე პროდუქტები, რომლებსაც საგემოვნოდ გარკვეული დოზირება სჭირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზომიერება დღის განმავლობაში აუცილებელია" - აღნიშნავს ლაშა უჩავა.
- სუფრის მარილის დადებითი და უარყოფითი მხარეები
"უარყოფითი თვისება მარილს ბევრად მეტი აქვს, ვიდრე დადებითი, ამიტომ, ენდოკრინოლოგები და სამედიცინო საზოგადოება, პაციენტებს რეკომენდაციას ვაძლევთ, შეზღუდონ, ან საერთოდ ამოიღონ სუფრის მარილი კვების რაციონიდან.
თუ ჭარბი რაოდენობით მივიღებთ, სუფრის მარილის შემცველი ნატრიუმი გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძალიან დააზიანებს, რადგანაც ის ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყალს იკავებს. ეს კი ქსოვილოვან შეშუპებას იწვევს, რომელიც ზეწოლას ახდენს როგორც გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების, შლაკების გამოდევნას, რომელიც მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, რაც საბოლოო ჯამში ცოცხალ უჯრედებს აზიანებს.
როდესაც ენდოკრინოლოგები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენრტებს რეკომენდაციას ვუწევთ, რომ აუცილებლად უმარილო საკვები მიიღონ, ლოგიკას ვერ იჭერენ შაქარსა და მარილს შორის. არადა, ორგანიზმში სითხის შეკავებას შაქრის მაღალი დოზაც იწვევს. შარდის გამომყოფი სისტემა ერთ-ერთი სისტემაა, რომელსაც შეუძლია, ორგანიზმში შაქრის დონის რეგულაცია. ამდენად, როცა სითხის შეკავება ხდება და შარდის გამოყოფა არ არის ადეკვატური, შაქრის დონეც იწევს.
დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება ასევე არტერიული წნევის მატებასაც განსაზღვრავს, რაც გარკვეულ ზეწოლას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე ახდენს. თუ ლიპიდური ცვლის გამო, უკვე არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, ან სისხლის შედედების ფაქტორების დარღვევებითაა გამოწვეული, ეს 40-45%-ით ზრდის ინსულტის, იშემიის და ინფაქტრის განვითარების რისკს...
თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევათა 60% ჭარბი მარილის გამოყენებაზე მოდის, ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა განვითარების 40-45% ჭარბი მარილის გამოყენებაზეა. მსოფლიოში ყოველწლიურად ორი-ორნახევარი მილიონი სიკვდილის შემთხვევა, მხოლოდ ჭარბი მარილის მიღებას უკავშირდება