როგორ მზადდება თევზის ხინკალი და რითი განსხვავდება ის კლასიკურისგან? - Gemrielia.ge

როგორ მზადდება თევზის ხინკალი და რითი განსხვავდება ის კლასიკურისგან?

იშვითად მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც ხინკალი დაგემოვნებული არ აქვს.  თუმცა , ალბათ , ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ უკვე  თევზისგან დამზადებულ  ხინკალსაც შეგვიძლიათ გავუსინჯოთ გემო.

როგორც gemrielia.ge-სთან საუბარში კვების ტექნოლოგი ქეთი ყველაშვილი აღნიშნავს, თევზის ხინკალი უკვე ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და  მისი ხინკლის ცომი ტრადიციული ხინკლის ცომისგან არაფრით განხვავდება. მოსაზელად იყენებენ უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილს  და  ცომს არ უშვებიან კვერცხს.

 

თევზის რომელ სახეობას იყენებთ ხინკლისთვის?

ზუთხისგან ვაკეთებთ.  რაც შეეხება ფარშს, ფარშისთვის ვიყენებთ სუნელ-სანელებლებს: ხახვს, მშრალ რეჰანს, დაფქულ შავ წიწაკას, ნივრის ფხვნილს, ქინძს, ძირასა და კიდევ არის სხვა საიდუმლო ინგრედიენტი, რომელსაც ვერ გაგიმხელთ.

 

 

როგორ ამზადებთ თევზს ფარშისთვის?

ფილე კეთდება თევზისგან, ფხები ეცლება, შემდეგ ვატარებთ ხორცსაკეპში და ვაზავებთ სუნელ-სანელებლებით. ფაქტობრვად , მზადდება ისე, როგორც ტრადიციული ხინკალი, უბრალოდ ხორცის ნაცვლად ვიყენებთ თევზს.

 

ხორცსაკეპში თევზის მასა არ იკარგება? მაგალითისთვის, 50 ხინკლის მომსამზადებლად რამდენი კილო ზუთხია საჭირო?

არა. ძალიან ცოტა დანაკარგი აქვს.  1.800 კგ.–და 2 კილომდე ზუთხი საკმარისია 50 ხინკლის გასაკეთებლად.

 

 

რამდენი წელია ამზადებთ თევზის ხინკალს? ყიდულობენ?

მეორე წელია ქართულ ბაზარზე არსებობს თევზის ხინკალი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ საკმარისად ინფორმირებულები არ არიან  მოქალაქეები, დეგუსტაციის დროს, ვინც დააგემოვნა ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა ეს სიახლე. მე პირადად, როცა გავსინჯე, საერთოდ ვერ ვიგრძენი თევზის სუნი.  ვფიქრობ, სუშის მოყვარულები მარტივად აუღებენ ალღოს თევზის ხინკლის გემოს.

 

რა დრო სჭირდება ზუთხის ხინკლის მოხარშვას?

ადუღებულ წყალში იყრება შემზადებული ხინკალი და ჩვეულებრივ 8-დან 10 წუთამდე იხარშება.

 

რუსკა კილასონია