ძაღლის ხორცი, „კორეული ხინკალი“ – რას ჭამენ კორეაში? ინტერნეტვარსკვლავის კორეული ცხოვრება - Gemrielia.ge

ძაღლის ხორცი, „კორეული ხინკალი“ – რას ჭამენ კორეაში? ინტერნეტვარსკვლავის კორეული ცხოვრება

 

 

სოფია კვინიკაძე, ფეისბუკზე ცნობილი, როგორც Depressed Georgian in South Korea, სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და მაგისტრატურის საფეხურზე, კორეული ენის ფილოლოგიის მიმართულებით სწავლობს.

ერთ დღესაც ფეისბუკზე გვერდი გააკეთა და გადაწყვიტა, თავისი გამოცდილება, ცოდნა კორეის შესახებ და კურიოზული თავგადასავლები სხვებისთვისაც გაეზიარებინა. მის გვერდს უკვე 100 000–ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

 

gemrielia.ge დაინტერესდა, რამდენად ჰგავს კორეული სამზარეულო ქართულს და როგორია იქაური კვების კულტურა. ასე რომ, კორეაში გასტრონომიული მოგზაურობისას ჩვენი გიდი სოფია იქნება.

 

გაგიჭირდა კორეულ სამზარეულოსთან შეგუება?

 

საბედნიეროდ, კორეულ სამზარეულოსთან შეგუება კორეაში ჩამოსვლის შემდეგ არ დამიწყია. ჯერ კიდევ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კორეულ კაბინეტში ვაწყობდით კულტურულ ღონისძიებებს, კორეული კერძის საღამოებს, სადაც თვითონ ვამზადებდით კორეულ საჭმელს. მაშინ ძალიან მიჭირდა ჭამა, თითქმის ვერაფერს ვაკარებდი პირს, სუნისა და გემოს გამო, იმდენად განსხვავდება ჩვენი სამზარეულოსგან, ვერ ვეგუებოდი. ერთ დღეს ასეთი შემთხვევა მქონდა: ტურში ვიყავი კორეელებთან ერთად და ძალიან მომშივდა. კორეელებს ჰქონდათ ლანჩის ყუთებში გაზადებული კორეული კერძები და იძულებული გავხდი მეჭამა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო და ჩემდა გასაკვირად, ძალიან მომეწონა. ის დღე იყო და შევერკინე სხვა კორეულ კერძებსაც და ახლა ძალიან მომწონს ყველა, სიამოვნებით მივირთმევ ყველაფერს, გარდა ზღვის პროდუქტებისა.

 

Image may contain: 2 people, people standing and outdoor

 

ყველაზე უცნაური რა გაგისინჯავს კორეაში ყოფნისას?

 

მე არ ვეკარები არაფერს უცნაურს, ცოტა წუნია მჭამელი ვარ. ჩემს დას კი ზღვის პროდუქტები ძალიან მოეწონა და რვაფეხას ფანი გახდა. მე, ალბათ, ყველაზე უცნაური რაც მიჭამია არის ხილის სალათი, რომელშიც პომიდორი იყო ჩაჭრილი და პიცა თაფლთან ერთად. უგემრიელესია!

 

Image result for octopus recipe

 

ერთ–ერთ ვიდეოში თქვი, რომ კორეაში პომიდორს ხილად თვლიან. მიზეზი ხომ არ გაგირკვევია?

 

არამხოლოდ კორეაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც პომიდორი ხილად ითვლება. მაგალითად, აქ პომიდორს ჭამენ ხილად, ხილთან ერთად. ორეო, მარწყვი და პომიდორი ერთად ჩაჭრილი მინახავს ხშირად. ან ანანსთან ერთად ჭრიან, ქილებში აწყობენ და ისე ყიდიან.

 

როგორც ერთ–ერთ ვიდეოში აღნიშნე, არ გეგონა, რომ კორეაში მართლა ჭამდნენ ძაღლის ხორცს...

 

დიახ, კორეელები ძაღლის ხორცს ჭამენ. ჩემს ვიდეოშიც ანალოგიურად ვთქვი ეს ფაქტი, მაგრამ ბევრმა არასწორად გაიგო და ისეთი დასკვნა გამოიტანეს, თითქოს ხელს ვაფარებდი კორეელებს. ეს არც მჭირდება. ფაქტია, რომ ჭამენ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკვე თითქმის აღარ. ანუ ადრე, ომის პერიოდის შემდეგ, ძალიან ბევრი ისეთი რესტორანი იყო, სადაც მენიუში ძაღლის ხორცი ჰქონდათ. დღეისათვის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ძალიან აქტიურად ებრძვიან ამ კულტურის ნაშთებს, რომ სამუდამოდ გააქრონ კორეის ისტორიიდან ეს „ლაქა“, როგორც თვითონ უწოდებენ. მთელ კორეაში მხოლოდ რამდენიმე რესტორანია შემორჩენილი, სადაც ძაღლის ხორცს ამზადებენ და რამდენიმე წელში ისინიც გაქრება, რადგან კორეელებს ძალიან უყვართ ცხოველები, მათ შორის, ძაღლებიც.

 

„სუფრის კულტურა“ როგორია? ერთმანეთზე დალაგებული თეფშები მანდაც იციან?

 

თეფშებს ერთმანეთზე არ ალაგებენ, თუმცა კორეელებისთვისაც სუფრა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია თავიანთ კულტურაში. სტუმარს რომ კარგი სუფრა უნდა გაუშალონ და რაიმე მიაწოდონ აუცილებლად, ამათაც აქვთ. ასევე ხელცარიელი მისვლა რომ არ შეიძლება სტუმრად, ან მეზობელთან. ბევრი მსგავსებაა, თუნდაც საკურთხის კულტურა, ზუსტად იგივენაირად აქვთ.

 

Image result for korean foods

 

ალკოჰოლური სასმელებიდან რა არის პოპულარული?

 

სოჯუ. სოჯუ არის კორეული ტრადიციული სასმელი, რომელიც 11–პროცენტიანია, თუ სწორად მახსოვს და არც ისე გემრიელია, მაგრამ ლუდთან როცა ურევენ, უგემრიელესი გამოდის. „მეგჯუ“ კორეულად ნიშნავს ლუდს; ლუდისა და სოჯუს კომბინაციას ეძახიან „სომეგს“, რასაც ყველაზე მეტად უხდება კორეულად შემწვარი ქათამი, „ჩიქენი“. სტუდენტები ყოველ პარასკევ საღამოს მიდიან „სომეგზე“.

 

Image result for soju drink

 

შენს მეგობრებს რომელიმე ქართული კერძი თუ გაასინჯე?

 

ლობიო, რადგან ლობიო აღმოჩნდა იმ მცირე რაოდენობის კერძებიდან, რომლის გაკეთებაც მე შემეძლო და ინგრედიეტების მოპოვებაც არ გამიჭირდა. კორეაში არ იყიდება სუნელები და საკმაზები, ამიტომ რთულია ქართული კერძების მომზადება. ასევე, ჩურჩხელა გავასინჯე მეგობრებს და ძალიან მოეწონათ.

 

ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნე, რომ პროდუქტები ძალიან ძვირია. სახლში რამდენად ხშირად ამზადებ?

 

ვინც კორეაში მარტო ცხოვრობს, სახლში კერძებს იშვიათად ამზადებს, რადგან გარეთ ბევრად უფრო იაფი და მოსახერხებელია ჭამა. კორეული რესტორნების კულტურაც ძალიან განსხვავებულია. აქ არ არსებობს რაიმე რესტორანი, სადაც წახვალ და მრავალფეროვან კერძებს შეუკვეთავ. აქ ყველა კერძის რესტორანი ცალკეა ხოლმე. მაგალითად, ლობიოს რესტორანი რომ იყოს ჩვენთან ცალკე და საცივის – ცალკე. არკვევენ, რომელი ლობიოს რესტორანია ცნობილი და ყველაზე გემრიელი და ისე მიდიან. ჭამას ძალიან დიდ ყურადღებაც აქცევენ. ნებისმიერი შეხვედრა კორეაში ასოცირდება ჭამასთან. ანუ, თუ ვინმე გწერს „საჭმელი ჭამე?“ ეს ნიშნავს: „როგორ ხარ? ხომ არ შევხვედრილიყავით?“ ამიტომ დიეტის დაცვაც ძალიან რთულია.

 

ქართულ და კორეულ კერძებს თუ ადარებ ხოლმე ერთმანეთს?

 

ქართულ კერძებს ასე კარგად „არ ვცნობ“, მაგრამ წვნიანები ხშირად ჩამოგავს ხოლმე. მაგალითად, კორეელებიც ხშირად ამზადებენ ხორციან წვნიანებს. ხახვი და ნიორი უყვართ ჩვენსავით. ასევე, დამწნილებულ, ცხარე, კომბოსტოს აყოლებენ საჭმელს. ცხარე საჭმელი უყვართ ძალიან და ჰგონიათ, რომ ამათზე ცხარე საჭმელს მსოფლიოში არავინ ჭამს. სამეგრელოში უნდა გავატარო ესენი! ასევე ძალიან უყვართ ყველი, თუმცა აქაური ყველი პიცის ყველია და ძალიან განსხვავდება მისი გემო ჩვენი ყველის გემოსგან. ბოლოს, ხინკალი! კორეული ხინკალიც არსებობს, რომელსაც ჰქვია „მანდუ“. მანდუ ზომაში არის შედარებით პატარა და ცომი ძალიან თხელია. შიგნით კი ხორცსა და ბოსტნეულს ურთავენ, საკმაოდ გემრიელია.

 

გაგვიზიარე ერთი რომელიმე კორეული კერძის რეცეპტი, რომელსაც ამზადებ ხოლმე

გაგიზიარებთ მარტივ კერძს, რომელიც ქათმის ხორცისა და კართოფილისგან მზადდება და  მისი სახელია „დაკდორითანგ“.

 

Image result for dakdoritang

 

ინგრედიენტები:

 

  • 1–1/2 ჭიქა წყალი
  • ¼ ჭიქა სოიოს სოუსი
  • 2 ს/კ ბრინჯის ღვინო
  • 2 ს/კ კორეული წითელი წიწაკა
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ თეთრი შაქარი
  • მწიკვი შავი პილპილი
  • 6–8 ნაჭერი ქათმის ფილე
  • 3–4  კარტოფილი
  • 2 სტაფილო
  • ½ დაჭრილი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • ორი თხელი ნაჭერი ჯინჯერი
  • 2 პრასი
  • 1 ს/კ სეზამის ზეთი

 

 

მომზადების წესი:

 

  1. სანელებლები, სოიოს სოუსი, თაფლი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს. ამ მასაში დავამარინადოთ ქათმის ფილე.
  2. დიდ ქვაბში მოვხარშოთ ფილე. მივიყვანოთ ადუღებამდე და საშუალ ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ ხორცი არ დარბილდება.
  3. დავუმატოთ კარტოფილი, სტაფილო, ხახვი და ჯინჯერი. დავაყოვნოთ 15 წუთით და რამდენჯერმე ამოვურიოთ. კარტოფილი რომ მოიხარშება, კიდევ 10 წუთით ვხარშოთ.
  4. გადმოვდგათ ცეცხლიდან და თეფშზე დადებულს თავზე მოვაყაროთ დაჭრილი პრასი.

 

გემრიელად მიირთვით!