ცხელი ნაყინი და შოკოლადის ლავა- უგემრიელესი დესერტების რეცეპტები რესტორან „ალაგის“ შეფ-მზარეულისგან - Gemrielia.ge

ცხელი ნაყინი და შოკოლადის ლავა- უგემრიელესი დესერტების რეცეპტები რესტორან „ალაგის“ შეფ-მზარეულისგან

 

გაგჩენიათ სურვილი რესტორანში ან კაფეში დაგემოვნებული უგემრიელესი დესერტი თავადაც მოგემზადებინათ? თანაც ისეთი დესერტის, რომელიც ყველგან არ მზადდება, ყველაზე მეტად მოგეწონათ და უცნაური, განსხვავებული და განსაკუთრებული გემო აქვს.


დღეს რესტორან „ალაგის“ ექსკლუზიური დესერტის „ცხელი ნაყინის“ მომზადების წესის შესახებ გიამბობთ. ნაყინის რეცეპტი „ალაგის“ დირექტორს ივანე ჟორჟოლიანს ეკუთვნის. როგორც თავად აღნიშნავს, თუ მას ერთხელ დააგემოვნებთ, მეორედ და მესამედ მირთმევის შანსს ხელიდან არასდროს გაუშვებთ.

 

Gemrielia.ge-ს მკითხველისთვის მან „ცხელი ნაყინის“ რეცეპტი და მომზადების წესი გაამხილა. „ალაგის“ შეფ-მზარეულმა ილია კანკაძემ კი მისი მომზადების დემონსტრირება მოახდინა.

 

ცხელი ნაყინი

ინგრედიენტები:


ნაყინი - 0,080 გ
კრეპი - 1 ცალი
შაქარი - 100 გ
კონიაკი - 0,010 მლ
კარაქი - 0,030 გ
მარწყვი (ან რომელიმე კენკრა) – 0,50 გ
წყალი - 0,010 მლ

 

მომზადების წესი:


გამოაცხეთ კრეპი, სასურველი არომატის ნაყინი შეახვიეთ მასში და საყინულეში შედეთ. 

 


ამასობაში, შაქრით, კონიაკით, კარაქითა და წყლით მოამზადეთ კარამელი: ტაფაზე დაყარეთ შაქარი და მუდმივ რეჟიმში აურიეთ, დაასხით წყალი, მასას შეურიეთ კარაქი და ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კონიაკი და როცა მასა სასურველ კონდიციას მიაღწევს, დააყარეთ კენკრა. 

 


საყინულედან გამოიღეთ ბლინში შეხვეული ნაყინი და დადეთ ტაფაზე უკვე მომზადებულ კარამელში. ორივე გვერდის შეთბობის შემდეგ ბლინში შეხვეული ნაყინი გადაიტანეთ თეფშზე, მოასხით კარამელი, დააწყეთ კენკრა და სულ ბოლოს, მოაყარეთ შაქრის პუდრა. 
შეგიძლიათ, „ცხელი ნაყინი“ პიტნის ფურცლებითაც გააფორმოთ.

 


„ალაგის“ სტუმრებს რესტორანში კიდევ ერთი უგემრიელესი დესერტის „შოკოლადის ლავის“ დაგემოვნება შეუძლიათ, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.

 

 

აღმოჩნდა, რომ ის არც ისე რთული მოსამზადებელია. „ალაგის“ შეფ-მზარეული 8-10 პირზე გათვლილი „შოკოლადის ლავის“ რეცეპტს გვიზიარებს:


ინგრედიენტები:


შავი შოკოლადი - 300 გრ
კარაქი - 400 გრ
შაქარი - 300 გრ
ფქვილი - 300 გრ
კვერცხი - 15 ც
კაკაო - 15 გრ
ვანილი -1 ც

 

 

მომზადების წესი:


ორთქლზე შემოდგმულ ჭურჭელში ერთად გაადნეთ შოკოლადი და კარაქი, დაამატეთ შაქარი და ორთქლიდან გადმოდგით. აღნიშნულ მასაში დაამატეთ შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ. შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცი და გათქვიფეთ, ასევე, კაკაო და ნელ-ნელა ფქვილი. ბოლოს კი ვანილი. 


მომზადებული მასა 1-2 საათის განმავლობაში გააჩერეთ და სასურველი ფორმის საცხობ ჭურჭელში გადაიტანეთ.
„შოკოლადის ლავა“ 180 გრადუსზე 10-11 წუთის განმავლობაში ცხვება. გაითვალისწინეთ, რომ ცხობის დრო ზუსტი უნდა იყოს, რომ გაჭრილი დესერტიდან გამდნარი შოკოლადის ლავა გადმოვიდეს.