''სიყვარულის ვაშლი" ანუ პამიდორი - Gemrielia.ge

''სიყვარულის ვაშლი" ანუ პამიდორი



პამიდვრის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. პერუში, კანარის კუნძულებსა და ფილიპინებზე დღესაც შეხვდებით ამ მცენარის ველურად მზარდ ჯიშებს. აცტეკები პამიდორს ,,ტომატლს" (მათ ენაზე - მსხვილი კენკრა) უწოდებდნენ, სწორედ ამ დასახელებიდან მომდინარეობს სიტყვა ტომატი. თვითონ სიტყვა ,,პამიდორი"-ს წარმომავლობის შესახებ კი ორი ვარიანტი განიხილება: პირველი ვარიანტის მიხედვით, იგი ფრანგულიდან დამკვიდრდა და სიყვარულის ვაშლს (Pomme d'amour) ნიშნავს - ფრანგებმა პამიდვრის ნაყოფი სიყვარულის სიმბოლოს, წითელ გულს მიამსგავსესო, ხოლო მეორე ვარიანტის მიხედვით, ეს სიტყვა იტალიურიდან შემოვიდა და ოქროს ვაშლს (პომო დ'ორო) ნიშნავს.

პამიდორი ევროპაში XVI საუკუნეში შემოიტანეს ესპანელებმა და პორტუგალიელებმა. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ დეკორატიულ მცენარედ ითვლებოდა და გერმანიასა თუ საფრანგეთში პამიდვრით ალამაზებდნენ სახლებს, ორანჟერეებსა და ბაღებს.

GEMRIELIA

XIX საუკუნემდე ევროპელებს პამიდორი შხამიან მცენარედ მიაჩნდათ და მას საკვებად არ იყენებდნენ. 1774 წელს დანიაში გამოცემულ წიგნში ,,მებაღეობის სახელმძღვანელო" წერია, რომ ,,პამიდვრის ნაყოფი ძლიერ შხამიანია და ჭკუიდან გადაჰყავს ყველა, ვინც მას გასინჯავს". 1811 წლის გერმანულ ბოტანიკურ ლექსიკონში კი ვკითხულობთ: ,,მართალია, პამიდორი შხამიან მცენარედაა მიჩნეული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პორტუგალიასა და ბოჰემიაში მისგან გემრიელ, სასიამოვნო მომჟავო გემოს მქონე საწებელს ამზადებენ, იტალიაში კი წიწაკით, ნივრითა და ზეთით შეზავებულს მიირთმევენ".

GEMRIELIA

1776 წელს მზარეული ჯეიმს ბესტლი ჯორჯ ვაშინგტონის მოწამვლას შეეცადა და ამ მცენარის შხამიანობაში დარწმუნებულმა, მისთვის განკუთვნილ სადილს ბლომად პამიდორი დაუმატა. ჯორჯ ვაშინგტონი მზარეულის კეთილსინდისიერებაში არც კი დაეჭვებულა და გემრიელად ისადილა. ის არათუ მოიწამლა, არამედ შემდგომში ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტიც გახდა და მთელი 23 წელიწადი კიდევ იცოცხლა. მზარეულ ბესტლის წარუმატებელი მცდელობის შესახებ კი მხოლოდ 40 წლის შემდეგ გახდა ცნობილი - მაშინ, როცა მისი წერილი აღმოაჩინეს.

დღესდღეობით პამიდორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული საკვები პროდუქტია მთელ მსოფლიოში. მისი მრავალი ჯიში არსებობს და უამრავი გემრიელი კერძი უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ეფექტური და სასარგებლო ბოსტნეულის გარეშე. პამიდორი შემედგენლობაში შედის: შაქარი, ვიტამინი ც, სახამებელი, პექტინები, ორგანული მჟავები, ცილები, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, იოდი და ა.შ. ცოცხალი პომიდორი და პამიდვრის წვენი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დაბალი მჟავიანობის, სისხლნაკლულობის, მეხსიერების დაქვეითების, საერთო სისუსტის დროს.