როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული – ახალგაზრდა ქართველი დედის კრეატიული იდეები - Gemrielia.ge

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული – ახალგაზრდა ქართველი დედის კრეატიული იდეები

Food Art-ი მთელ მსოფლიოში ცნობილი მიმდინარეობაა. თეფშზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი კომპოზიციები გარეგნულადაც მშვენივრად გამოიყურება და ძალიან სასარგებლოცაა. სწორედ ეს იდეა აიტაცა ორი შვილის ახალგაზრდა დედამ, ნინუ ჭანუყვაძემ და ორიგინალური კომპოზიციების შექმნა დაიწყო.

 

 

რაპუნცელი, წითელქუდა, ფერია – ესენი ზღაპრის პერსონაჟები არ გეგონოთ, ნინუს შემთხვევაში, კერძების სახელებია.
32 წლის, პროფესიით ფარმაცევტი, ამჟამად დიასახლისია და ორ ბავშვს ზრდის. სუფრის ლამაზად გაწყობა და კერძების სერვირება სულ ეხერხებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში ბავშვის კვებასთან დაკავშირებული დილემა გაჩნდა, გადაწყვიტა, პრობლემის გადაჭრის ორიგინალური გზა მოეძებნა.

 

 

„პირადმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ უჭმელი ბავშვი ლამაზად შექმნილი საკვებით შეიძლება დააინტერესო და ისეთი რაღაცები შეაყვარო, რის ჭამასაც მანამდე ვერ წარმოიდგენდა. თავიდან შთაგონებისთვის ინტერნეტში ვნახე რაღაცები, მერე ჩემებურად დავიწყე კეთება. ვცდილობ, ყველაფერს ჩემი ნიშა დავადო, ჩემებური დეტალები დავამატო და უფრო მიმზიდველი გავხადო. ყველაზე ხშირად ხილსა და ბოსტნეულს ვიყენებ. ასევე, მაკარონს და საერთოდ, ყველაფერს, რაც სახლში მომეპოვება. მინდა, მოხარშული კარტოფილისა და ბრინჯის გამოყენებაც ვცადო.“


ბავშვებს ყველაზე მეტად დედიკოს მომზადებული ბლინები უყვართ, რომლებსაც ნინუ ხან დათვის, ხან კურდღლის ფორმას აძლევს. მზა ბლინებს საჭირო ფორმის ნაწილებად ჭრის და მრავალფეროვან კომპოზიციებს ქმნის.

 

 

ნინუს თქმით, უფროსი შვილი, 4 წლის ნიკოლოზი, თავიდან არც წვნიანებს ჭამდა და არც ბოსტნეულს. ნინუ თავის მეთოდს გვიზიარებს, როგორ შეაყვარა პატარას ხილ–ბოსტნეული და წვნიანები:
„როცა რამეს ვაკეთებ, ვუხსნი, რამდენად სასარგებლოა. მაგალითად, ბროკოლი ხომ ხეს ჰგავს და როცა შეჭამ, ძლიერი გამოხვალ–მეთქი. ამაზე გიჟდება. უყვარს ჭიდაობა. ხან სპაიდერმენი ჰგონია თავი, ხან – კუნინძა.“
 

 

„წვნიანიც ასე შევაყვარე. ავუხსენი, რომ ძალიან სასარგებლოა და მას ძალას მისცემს. წვნიანის მოსამზადებლად შემდეგ რეცეპტს ვიყენებ: ვხარშავ ბულგარულ წიწაკას, კარტოფილს, სტაფილოს, ვამატებ ბროკოლს, ნიორს, ზეითუნის ზეთს, კამას. ბოლოს – მარილსა და ქინძს. ნიკოლოზი სიამოვნებით მიირთმევს და მეც კმაყოფილი ვარ.
არც ხილი უყვარდა, ბანანის გარდა არაფერს ჭამდა, მაგრამ რაც ფორმების გაკეთება დავიწყე, ნელ–ნელა ესეც შეიყვარა.“
Gemrielia.ge-ის მკითხველს შთაგონებისთვის გიტოვებთ ნინუს ნახელავს.