„ჩემზე ცუდი კრიტიკოსი ჩემ თავს არავინ არ ჰყავს“ - კონსტანტინე თედელურის „გასტრონომიული ფილოსოფია“
შეფ კონსტანტინესთან ინტერვიუ პირველის ნახევარზე დაინიშნა. გვითხრა, პირველზე სტუმრებს ველოდები, დილით კი ბაზარში მივდივარო. პროდუქტების საკუთარი ხელით არჩევა მისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია. ამბობს, რომ საქმისადმი თავისი მიდგომა აქვს და თვლის, რომ აუცილებელია, შეფი თვითონ არჩევდეს ხარისხიან პროდუქციას, რომლისგანაც სტუმრებისთვის კერძებს დაამზადებს.
პროფესიით არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია, მაგრამ ყველაზე კომფორტულად თავს სამზარეულოში გრძნობდა, ამიტომ არც ოჯახს შეუშინდა, არც ნაცნობების უარყოფით დამოკიდებულებას და ერთ-ერთ ბარში ბარმენად დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ის ახლა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, გამორჩეული შეფია და ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ ჟიურის წევრი.
კონსტანტინე თედელური თავისი არაორდინარული იმიჯის, ქართული კულინარიის გამოწვევებისა და გიჟური იდეების შესახებ გვესაუბრა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ თქვენი პროფესია „იქამდე არის სამარცხვინო, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდები“.
არ წარმომიდგენია ქართული ოჯახი, რომელმაც თავისი შვილის სწავლა-განათლებაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო და მერე მისი შვილი სამზარეულოში შევიდა. ქართული სივრცის მენტალობაა ასეთი. როცა ეკრანზე ჩანხარ, მერე აღგიქვამენ, როგორც პროფესიონალს, წარმატებულს და მერე გაფასებენ. მანამდე ოჯახს შეიძლება რცხვენოდეს კიდეც შენი. ცოტათი კი შეიცვალა მიდგომები, მაგრამ ალბათ, ადამიანი, რომელმაც გაზარდა შვილი და ასწავლა, ის კი სამზარეულოში რიგით დამხმარედ მუშაობს, მისი დედისთვის დღესაც მიუღებელია.
სპეციფიკური შეხედულებები მაქვს ყველაფერზე: ადამიანებზე, მშობლებზე, შვილებზე... ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ყოველთვის გავაკეთებდი იმას, რაც მინდოდა. 90-იან წლებში, უშუქობაში ვსწავლობდი კერძო სკოლაში, რომლის გადასახადის გადახდაც იმ პერიოდის ოჯახებისთვის საკმაოდ დიდი იყო. ოჯახისგან დაფარულად ვმუშაობდი ბარმენად ერთ-ერთ ობიექტზე უხელფასოდ. სკოლაში რომ დავდიოდი, ჩემკენ ხელს იშვერდნენ, რომ ეს ბიჭი მუშაობს ბარმენადო. როცა იგებდნენ, რომ ოჯახი სკოლაში ამხელა გადასახადს იხდიდა და მე ბარმენად ვმუშაობდი, თანაც უხელფასოდ, ვერავინ მიგებდა.
გარშემო მყოფების დამოკიდებულება თქვენს მოტივაციაზე უარყოფითად არ მოქმედებდა?
არა, პირიქით. სულ რქებით მივდიოდი იმის დასამტკიცებლად, რომ მე ეს ბევრზე კარგად შემიძლია. როცა თბილისში დავბრუნდი და 10 თვეში პრეზიდენტის შეფი გავხდი, მაშინ ვთქვი, რომ მე ეს შევძელი. ამის შემდეგ დასამტკიცებელი აღარაფერი მქონდა.
თქვენს ძირითად პროფესიას როგორ იყენებთ კულინარიაში?
კულიანარია არის სფერო, რომელშიც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი და ვგრძნობ თავს. თუმცა იმ სპეციალობებსაც, რომლებიც ოჯახის ფინანსური დახმარებით მაქვს, ძალიან კარგად ვიყენებ.
ჩემთვის კულინარია არის არქიტექტურა. ზუსტად ისევე უნდა იგრძნო მასალა, ფაქტურა, სტრუქტურა, ფერი, როგორც პროდუქტი. არც ერთ ჩემს ნაბიჯს არ ვნანობ და არაფერი, რაც კი მისწავლია, არასოდეს არ დამიკარგავს. არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ცოდნა რომ არ მქონოდა, ამ სფეროში ამხელა წარმატებას ვერ მივაღწევდი. მაგალითად, როდესაც ჩემთან მოდის მომხმარებელი, რომელსაც უნდა რესტორნის გახსნა, მაგრამ არ აქვს ექსტერიერი, ინტერიერი, არ იცის, როგორ ჩააცვას მიმტანებს, როგორ შეფუთოს მენიუ, მე მას მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობ. ჩემი პროფესიული ცოდნის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა.
არაორდინარული ჩაცმისა და ვარცხნილობის სტილი იმიჯის ნაწილია?
ეს ჩემი ორგანული იმიჯია, ასე დავდივარ მთელი ცხოვრება. მეც ვხვდები, რომ ქართული სივრცისთვის ჩემი ტიპაჟი ამოვარდინილია სტანდარტებიდან, თმები ყალყზე მიდგას და კიდევ მილიონი რაღაც. მე და ჩემს ძმას ბავშვობიდან ეგ პრობლემა გვქონდა. ღამე ქუდებით ვიძინებდით, რომ თმა დატკეპნილიყო.
ტანსაცმელი, რაც შოუში მაცვია, ჩემი „სამოქალაქო ტანსაცმელია“. წინა სეზონი მაინც პირველი იყო და მაშინ ამაზე ბევრი არ მიფიქრია და „მასტერშეფის“ მეორე სეზონზე ისევ ჩემი სტილის, მაგრამ ცოტა განსხვავებული ვიზუალით ვიქნები.
ვარცხნილობის გამო მაყურებელი აინშტაინს გადარებდათ ხოლმე...
აინშტაინს მეც ვადარებდი ჩემ თავს ბავშვობაში. ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობით ძალიან ვგავართ ერთმანეთს, თუმცა ის ცნობილი ფოტო, სადაც ენა აქვს გამოყოფილი, მეც „გავამეორე“ და თითქოს, ჩვენ შორის კავშირი ვიგრძენი.
როგორც ვიცი, „დამკრძალავი ბიუროს“ იდეა გქონდათ. კონცეფცია ხომ არ ჩამოგიყალიბებიათ?
ისე მაქვს მაგის კონცეფცია ჩამოყალიბებული, ანალოგი არ აქვს თავისი კრემაციის აპარატებით, საპანაშვიდე ოთახებით, სუფრით და ა.შ. უბრალოდ, არ ვიცი, როდის იქნება ქართული სივრცე ამისთვის მზად.
დღევანდელ დღეს მიცვალებული სახლში უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ზოგი ნაქირავებში ცხოვრობს, ზოგს ძალიან მცირე ფართი აქვს იმისთვის, რომ მიცვალებულიც დაასვენოს და მგლოვიარე ხალხსაც ადგილი მოუნახოს. ამიტომ მგონია, რომ ბევრად უფრო უპრიანი იქნება, თუ შეიქმნება „დამკრძალავი ბიურო“, რომელიც მომხმარებელს ყველა იმ სერვისს შესთავაზებს, რაც ჭირისუფალს სჭირდება: სასახლით დაწყებული, სუფრით გაგრძელებული, ჭირისუფლების სამოსით დამთავრებული. არავის არ აქვს დრო და ნერვები იმისთვის, რომ ჭირისუფალი ადგეს და შავი სამოსი იყიდოს ან წავიდეს და სუფრის მენიუ შეადგინოს... ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელსაც ერთ სივრცეში შევთავაზებდი თავის საპანაშვიდე ოთახებთ.
საიდან გაგიჩნდათ „დამკრძალავი ბიუროს“ იდეა?
ბავშვობაში ცოტა უცნაური მიდგომა მქონდა მიცვალებულებისადმი. რაღაცნაირად მომწონდა ეს ცერემონიალი და სულ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ის უფრო დახვეწილი და მოწესრიგებული ყოფილიყო. ძალიან ბევრი ფილმი ვნახე, კრემაციაზე დავფიქრდი, მერე სამოსის შეთავაზების სერვისი მომაფიქრდა, სუფრის და ბოლოს, კონცეფციაც შეიკრა.
ქელეხის მენიუც ჩემებური წარმომიდგენია. ყველა კერძს დავტოვებდი, რომლებიც ქრისტიანულია და თავისი დანიშნულება აქვს: კოლიო, კორკოტი, კვერები, თევზი... უბრალოდ, გავაჯანმრთელებდი მისი მომზადების ტექნოლოგიას და ახალ გემოს დავამატებდი. მაგალითად, ერთი სული აქვს, როდის გავაკეთებ საეკლესიო ფურშეტს და სეფისკვერებს შევუცვლი გემოს.
რომელ პროდუქტს ამოიღებდით ან გააქრობდით სამზარეულოდან?
კურკუმას. მსგავსი ცუდი სუნელი, ჩემს პირს არასდროს არ მოხვედრია.
და რომელსაც ძალიან ბევრ კერძში იყენებენ უკვე, იმის მიუხედავად, არის თუ არა საჭირო...
ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა ქართულ კულინარიაში. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც სამზარეულოში მუშაობენ და კერძებს ამზადებენ, ორიგინალ ვერსიაში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გასინჯული, რომ მერე თავის გემოზე, „მეშვიდე პირიდან გადმოტანილი“ კერძი არ გააკეთონ.
მაგალითად, იტალიური სამზარეულო მთელ თბილისში გავრცელდა და ლამის, ყოველი მესამე ობიექტი პიცერია ან რამე მსგავსი იტალიური პასტერიაა. იტალიაში არც ერთ პასტას, არც ერთ კერძს, ნაღები არ აქვს. როგორც კი საქართველოში შედიხარ იტალიურ რესტორანში, 80% პასტებისა და კერძებისა, არის ნაღებით გაჯერებული, მაშინ, როცა იტალიელები ნაღებს მხოლოდ დესერტებში იყენებენ.
თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
არასწორი ინფორმაცია, ინფორმაციის ნაკლებობაა მზარეულებში. არ გასულან საზღვრებს გარეთ და არ გაუგიათ, ნამდვილად როგორ „ჟღერს“ ეს გემო. ასწავლათ ვინმე თორნიკემ, რომელმაც ისწავლა გურამისგან, რომელმაც ისწავლა პეტრესგან ან იუთუბით. რეალური გემო არ იციან. ეგ იგივეა, წახვიდე იტალიაში და რესტორანში გითხრან, რომ ხაჭაპურს მოგიმზადებენ. მაგრამ ყველთან ერთად ჩაგიდონ პომიდვრის პასტა. ხომ არ იქნება ის ხაჭაპური?
ქართულ კერძებსაც ხომ „აფუჭებენ“ ხოლმე ადგილობრივი მზარეულები?
აფუჭებენ? თან როგორ აფუჭებენ! მაგალითად, კერძი ჩაქაფული. თვითონ სიტყვა გკარნახობს, რა მდგომარეობაში უნდა გქონდეს ეს პროდუქტი. ანუ ხორცი ისე უნდა მოხარშო, რომ ჩაგექაფოს. ანუ იმ ქაფმა, რომელსაც ხორცი იკიდებს, შიგნით უნდა იტრიალოს. კი არ უნდა შევწვა და მერე ზემოდან ტარხუნა გადავუსვა. ეგ კერძის დარღვევაა. სწორად უნდა აღვიქვათ კერძების სახელების შინაარსი და გავითავისოთ, რომ შემთხვევით არაფერს არაფერი არ ჰქვია.
რომელიმე ქართულ კერძს შეუცვლიდით სახელს?
ზოგადად, არ ვარ სახელების მომხრე. ეს სახელები არევს ხოლმე ყველაფერს. მაგალითად, შევდივარ საქართველოში ზემოთქმულ იტალიურ რესტორანში, სადაც მეუბნებიან, რომ კარბონარას მომიმზადებენ და მოაქვთ „კარბონარა“, რომელიც ნაღებში ცურავს. მაშინ, როცა მას მხოლოდ კვერცხის გული სჭირდება. კი ბატონო, მომიტანე, რაც მოგაქვს, მაგრამ ნუ მეტყვი, რომ ეს კარბონარაა და თავს მოტყუებულად ნუ მაგრძნობინებ.
ცეზარია კიდევ მეორე განზომილება. არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ რესტორანში ერთნაირი ცეზარი არ მიჭამია. აქ სულ კიტრი და პამიდორი ყრია სალათის ფურცლებთან ერთად. ასევეა ბერძნული სალათა. რეალურად, მას სალათის ფურცელი არ სჭირდება. სჭირდება ორი ფერის ბულგარული, პომიდორი, კიტრი, ბაზილიკი, ორეგანო, ზეითუნის ზეთი. წითელ ხახვს ზოგი უშვება, ზოგი არა. ქართულ სივრცეში კი ბევრი სალათის ფურცელი არის ბაზისი. საერთოდ, ყველა კერძს აქვს თავისი ფორმა. ბერძნულ სალათში ყველის გარდა ყველაფერი სამკუთხედებად უნდა იყოს დაჭრილი. ჩვენთან კი როგორც დანა მიყვებათ, ისე ჭრიან.
ყველაზე მტკივნეული კრიტიკა ვისგან მიგიღიათ?
ჩემზე ცუდი კრიტიკოსი ჩემ თავს არავინ არ ჰყავს. სხვის კრიტიკას რაც შეეხება, გულზე ცუდად არაფერი არ მხვდება. ჩვეულებრივ, ვატარებ.
პირველ პაემანზე ქალს თქვენს რომელ რესტორანში დაპატიჟებდით?
რა თქმა უნდა, ერთმაგიდიანში.
მომზადებისას ფიქრობთ ხოლმე იმაზე, რამდენად მოეწონება სტუმარს ის კერძი?
არ აქვს მნიშვნელობა, ვისთვის ვამზადებ, ვამზადებ ჩემთვის. მე როგორი მომეწონება, რომ ვჭამო. ადამიანები ჩემს გემოზე მოდიან და არა მე - ადამიანების გემოზე. მე ხომ არ მაქვს „ფაბლიქ რესტორანი“, მე ძალიან ვიწრო სეგმენტი მყავს, რომელიც მაკმაყოფილებს.
როგორც ვიცი, სულ გაქვთ ხოლმე რაღაც პროდუქტი ამოჩემებული. ამჯერად რა ამოიჩემეთ?
ახლა ხურმის სეზონი დამეწყო და ამოვიჩემებ, სანამ მექნება. რა თქმა უნდა, ჩავატარე ექსპერიმენტები. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი კერძია ასეთია: გაწურული არაჟნისა და გაწურული მაწვნის ბაზისზე, გახუხულ ქართული შოთის პურზე არის ნივრიანი ხურმა ქინძით, კამითა და ბროწეულით.