„სამსჯავროზე გავედი და განაჩენს ველოდებოდი“ - ყოფილი მოცეკვავე და სამი შვილის დედა „მასტერშეფში“
„სამსჯავროზე გავედი და განაჩენს ველოდებოდი“ - ყოფილი მოცეკვავე და სამი შვილის დედა „მასტერშეფში“

 

სოფო გოგებაშვილი - ყოფილი მოცეკვავე, კალათბურთელ ნიკა ცქიტიშვილის მეუღლე და სამი შვილის დედა - „მასტერშეფის“ მეორე სეზონის მონაწილეა. ამჟამად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, საბავშვო ბრენდ „მიშელის“ დირექტორია. თავისუფალ დროს კი მთლიანად ოჯახს უთმობს.


სოფო გოგებაშვილის კერძმა კასტინგზე ჟიურის მოწონება დაიმსახურა, მეორე ეტაპიც წარმატებით გაიარა და საბოლოოდ, ათეულში მოხვდა. ასე რომ, გაიცანით „მასტერშეფის“ მეორე სეზონის ათეულის წევრი ჩვენი ინტერვიუდან.


როდის დაინტერესდით კულინარიით?


კულინარიასთან ოჯახის შექმნის შემდეგ დავმეგობრდი. სულ ვცდილობ, რომ ჩემი ექსპერიმენტებით გავაოცო ოჯახის წევრები. ჩემი მეუღლე გურმანია და, ამავე დროს, საკმაოდ კარგი კულინარიც, ამიტომ მარტივი კერძები ჩვენს ოჯახში არასოდეს მზადდება - ახალი, საინტერესო და კრეატიული კერძები გვიყვარს. მაგალითად, ერთხელ კომშით გავაკეთე ღომი და ყველას ძალიან მოეწონა. ბოლო დროს, სულ მთხოვენ, რომ ხინკალი გავაკეთო. მეც სხვადასხვა ვარიაციით, ჩემებურად ვამზადებ და ძალიან მოსწონთ. 

 

Image may contain: 4 people, people smiling, people sitting and outdoor


ოჯახის წევრების იდეა ხომ არ იყო, რომ „მასტერშეფში“ მიგეღოთ მონაწილეობა?


უფრო ჩემი მეგობრების. კასტინგზე რომ დამიბარეს, ჩემს მეუღლეს ცოტა შეეშინდა, რადგან იცის ჩემი ხასიათი; იცის, რომ მიყვარს, როცა სიმშვიდეში, თავისუფლად ვამზადებ. ალბათ, იფიქრა, რომ შოუში დავიძაბებოდი, ვინერვიულებდი. საერთოდ, არ ვარ ემოციური, მაგრამ კასტინგზე კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით. გადაცემაში კიდევ შეკვეცილად აჩვენეს, თორემ, რეალურად, არანორმალურად დიდხანს გაგრძელდა მათი პასუხების მოლოდინი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სამსჯავროზე გავედი და განაჩენს ველოდებოდი. თანაც ოჯახის წევრები მახლდნენ და არ მინდოდა, მათთვის იმედი გამეცრუებინა.
საბოლოოდ, ჟიურის კერძი მოეწონა.
საბოლოოდ, დიახ. ლუკამ მითხრა, რომ აჯობებდა, თევზი იქვე შემეწვა და სერვირებაც ადგილზე მომეხერხებინა. ამაში ნამდვილად ვეთანხმები და მართლა ვნანობ, რადგან ჩემი თევზი ძალიან კარგად დამუშავებული იყო, იქვე რომ შემეწვა, არომატს უკეთ შეინარჩუნებდა. თუმცა, საბედნიეროდ, წინსაფარი მაინც მოვიპოვე.


ელოდით წინსაფრის მიღებას?


თამამად ვიყავი მისული, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც მოვიდოდი ამ შოუში. ისეთ რამეს არასოდეს ვაკეთებ, რაც არ ვიცი, რომ წარმატებით დასრულდება, მაგრამ იქ რომ შედიხარ, ბუნებრივად მოდის ეს ემოცია და ნერვიულობა. მით უმეტეს, მე ხომ არ ვარ გამოცდილი მზარეული, უბრალოდ, ოჯახში ვამზადებ. გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა, რომ მივიღებდი წინსაფარს, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჟიურის სამივე წევრს მოეწონებოდა ჩემი კერძი.

 

Image may contain: 2 people, people smiling, people standing and sunglasses


რამდენად ახლოსაა კულინარია თქვენს პროფესიასთან?


ჩემი აზრით, საკმაოდ ახლოსაა. დღეს კულინარია ხელოვნების დონემდეა აყვანილი. იმდენი ნიუანსია გათვალისწინებული, რომ ხელოვნების ნიმუშია ის კერძები, რომლებსაც მაღალი დონის რესტორნებში ქმნიან. თითოეული მათგანი რაღაც ისტორიას ყვება. ასევეა ცეკვა. ექვსი წლიდან დღემდე ცეკვა ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო საქმიანობაა ჩემთვის. მართალია აქტიურად აღარ ვცეკვავ, მაგრამ მუსიკა რომ ირთვება, სულ ჟრუანტელი მივლის და გული მიჩქარდება.


რა მოლოდინები გაქვთ „მასტერშეფთან“ დაკავშირებით?


გულწრფელად გეტყვით, გამარჯვების მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. ჩემთვის ათეულში მოხვედრაც უკვე ძალიან დიდი თავგადასავალია. ოჯახს რომ მოსწონს ჩემი კერძები, აქამდე საკმარისი იყო, მაგრამ ახლა მინდა უფრო მასშტაბური მოწონება დავიმსახურო. ჩემი კონკურენტები საკმაოდ ძლიერები, გამოცდილი მზარეულები არიან, ამიტომ მათთან კონკურენცია ძალიან დიდი გამოცდაა. თუკი შევძლებ მათთვის კონკურენციის გაწევას, ჩავთვლი, რომ ღირსეული კულინარი ვარ.
 

მასალის გამოყენების პირობები
4 ნოემბერი, 2019 11:10 a.m.
ნანახია: 121