„შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში“ - ლევან კობიაშვილი შეფებსა და საკუთარ ცხოვრებაზე
საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტმა, არაერთი რესტორნის ბრენდშეფმა და „მასტერშეფის“ ჟიურის წევრმა, ლევან კობიაშვილმა, კულინარიას თავისი ცხოვრება 16 წლის ასაკში დაუკავშირა.
რას ნიშნავს, იყო შეფი და როგორ უნდა გაუმკლავდე დაბრკოლებებს კულინარიის სეფროში, წაიკითხეთ ლევან კობიაშვილთან ინტერვიუში.
როდის მიხვდით, რომ კულინარია უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ შემოსავლის წყარო?
დაახლოებით, 20 წლის წინ. მანამდე არც კი მიფიქრია, რომ ეს გახდებოდა სფერო, რომელსაც მთელ ჩემს ცხოვრებას დავუკავშირებდი, მაგრამ როცა არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა, საკითხი ასე დადგა: ან უნდა გამეგრძელებინა და ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო მზარეული, ან პროფესია საერთოდ დამევიწყებინა და სხვა რამე გამეკეთებინა. გადავხედე ჩემს ცხოვრებას და მივხვდი, რომ არ ვიცოდი, ამის გარდა რა უნდა მეკეთებინა. ამიტომ დავრჩი, დავიწყე თვითგანვითარება და უფრო და უფრო შემიყვარდა ეს პროფესია. ახლა კულინარიის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და სხვა არაფრის კეთება არ მინდა.
ნულიდან დაიწყეთ საქმიანობა. რა გაძლევდათ მოტივაციას, რომ დაბრკოლებების მიუხედავად თქვენი საქმე გაგეგრძელებინათ?
ძალიან კარგი გამონათქვამია: „თუ გიყვარს პროფესია, მუშაობა არ გიწევს.“ ანუ თუკი გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, მისგან სიამოვნებას იღებ. შეიძლება, 20 და მეტი საათი დაუთმო დღე-ღამეში და დაღლილობაც კი ვერ იგრძნო, რადგან ამ დროს შემოქმედებითად იხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა ძალით მუშაობ, მხოლოდ ხელფასისა და შენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის.
რამდენი წლის იყავით, როცა შეფი გახდით და რამდენად აქვს მნიშვნელობა ასაკს?
შეფი არის თანამდებობა, რომელსაც ძალიან დიდი შრომით უნდა მიაღწიო და ასეთივე შრომით შეინარჩუნო. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ისე არ ხდება, რომ დღეს სასწავლებელი დაამთავრო და ხვალ უკვე შეფად დაიწყო მუშაობა. მე როცა მთავაზობდნენ შეფობას, 10 წლის შემდეგ გავხდი შეფი, 26 წლის ასაკში. მანამდე ვერ ვრისკავდი, რადგან ეს არ არის მხოლოდ სტატუსი. შეფს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება: კალკულაცია უნდა იცოდე, კარგი მენეჯერი უნდა იყო, გამოცდილება უნდა გქონდეს, შენი თანამშრომლები პატივს უნდა გცემდნენ, ყველაზე მეტი უნდა გესმოდეს, შემოქმედებითი უნდა იყო და მუდმივად თვითგანვითარებაზე ფიქრობდე. თუ გამოცდილება არ გაქვს, 16 საათი ფეხზე არ მდგარხარ და ეს ყველაფერი შენ თავზე არ გამოგიცდია, შეფი ვერ გახდები. მოკლედ, შეფი რომ გახდე, მინიმუმ, 5 წელი კარგი „ნაპახავები“ უნდა გქონდეს სამზარეულოში.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც თქვენი პროფესიის გამო ვინმე ან რამე დაგიკარგავთ?
პროფესიის გამო არავინ არ დამიკარგავს, მაგრამ ამ პროფესიის გადამკიდე ოჯახისთვის ისე ვერ ვიცლი, როგორც უნდა მოვიცალო. რა თქმა უნდა, ოჯახი მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა მუშაობ და თავით ეშვები შენს საქმიანობაში, დროის ისე გადანაწილება, რომ არც საქმე დაზარალდეს და არც ოჯახი, ძალიან რთულია. რაც მთავარია, ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდით მიდგანან და მე და ჩემს პროფესიას გვიძლებენ.
ოჯახში ვინ არის შეფი?
იმდენად გვიან ვბრუნდები სახლში, რომ, თითქმის, ვერასოდეს ვამზადებ. ასე რომ, ოჯახის სამზარეულოში ჩემი მეუღლეა შეფი. პროფესიით კონდიტერია, ფანტასტიური ხელი აქვს და კარგი გურმანია.
თქვენ რომ ჟიურის წევრი არ იყოთ, ურჩევდით თქვენს მეუღლეს „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღებას?
სხვათაშორის, ძალიან უნდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეგ ამბავი არ გამოდის გასაგები მიზეზების გამო.
ვინ არის თქვენთვის ყველაზე დიდი ქართველი კულინარი?
გრიშა გაგნიძე, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში სულ მესმოდა მისი სახელი და ასევე, ჩემთვის ყველაზე ტიტულოვანი, კარგი ადამიანი და უდაოდ პროფესიონალი, თენგიზ ჩიღვინაძე - ამერიკის კულინართა გილდიის წევრი, კულინარიის ოსკარისა და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელი. მას პირადად ვიცნობდი, ვმეგობრობდით და ძალიან კარგი ადამიანი იყო.
თქვენი მომზადებული კერძებიდან გამორჩეულად თუ გიყვართ რომელიმე?
გამიჭირდება თქმა. მინდა ჩემი ყველა კერძი სრულყოფილი იყოს, რომელიც ადამიანებს ბედნიერებასა და სიამოვნებას მოუტანს. როცა კერძის შექმნას ვიწყებ, ჩემს ემოციას სიყვარულს საქმისადმი და ქვეყნისადმი, თეფშზე ვათავსებ.