,,ჩემთვის მთავარი კონკურენტი არის გაგა" - ნათია სუხაშვილის კულინარიული ხედვა
ნათია სუხაშვილი მაყურებელმა ცოტა ხნის წინ, ყველაზე მასშტაბური კულინარიული შოუდან გაიცნო. ის "მასტერშეფის" ათეულის წევრია და გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენი ინტერვიუდან მას უკეთ გაიცნობთ
- ნათია, როდის დაინტერესდი კულინარიით ?
სიმართლე გითხრათ,არც მახსოვს,იმდენად პატარა ვიყავი. ბავშვობიდან ვცდილობდი რაღაცების გაკეთებას. ცხადია,ზოგი რამ გამომდიოდა,ზოგი-არა.
- რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობის მიღება?
პროექტში მონაწილეობის მიღება სპონტანურად გადავწყვიტე. ალბათ, მთავარი მიზეზი ის იყო,რომ მიყვარს კულინარია და ყველაფერი, რაც ამ სფეროს უკავშირდება. სამზარეულოში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ გადავწყვიტე,რომ ბედი მეცადა ისეთ პროექტში,რომელიც ჩემს მთავარ ჰობთან იყო დაკავშირებული.
- რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში კულინარიას?
სამსახურიდან და სხვა პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, კულინარიას დიდ დროს ვერ ვუთმობ. თუმცა, სამზარეულო არის ადგილი,სადაც გავრბივარ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება. კულინარია ჩემთვის განტვირთვის მთავარი საშუალებაა.
- არის ისეთი კერძი,რომლის მომზადება სცადე და არ გამოგივიდა?
ასეთი კერძი ,როგორც მახსოვს, იყო კანჭი.
- შენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს იდეალურ შეფს?
შეფი ერთდროულად უნდა იყოს შრომისმოყვარე, შრომისუნარიანი, გაბედული, არ უნდა ეშინოდეს დამარცხების,უნდა უყვარდეს ინოვაციები, თუმცა პატივს სცემდეს ტრადიციებს.
- ქართული კერძებიდან რომელია შენი ფავორიტი?
რთული იქნება,რომელიმე ერთის გამორჩევა. ჩაქაფული, ხინკალი, ლობიოს ვარიაციები და ხაჭაპური - გამორჩეულად მიყვარს.
- ჟიურის რომელი წევრის შეფასება გაინტერესებს ხოლმე ყველაზე მეტად?
ჩემთვის სამივეს აზრი ერთნაირად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან თითოული მათგანი შეფასებისას სხვადასხვა ასპექტზე აკეთებს აქცენტს. ლუკა მომზადების ტექნოლოგიაზე გვაძლევს რჩევებს, ლევანი - გემოსა და დახვეწილობაზე, კონსტანტინესთვის კი მნიშვნელოვანია ფაქტურა,სტრუქტურა,ჰარმონიულობა და მსგავსი რამეებია.
- პროექტში გამარჯვებისთვის მიხვედი?
ჩემი მიზანი ათეულში მოხვედრა იყო და როცა ამ მიზანს მივაღწიე ძალიან ბედნიერი ვიყავი.ჩემთვის იმდენად სასიამოვნოა ყოველი წუთი,რომელსაც შეფებთან ერთად სამზარეულოში ვატარებთ, მეორეხარისხოვანი გახდა გამარჯვება. თუმცა, ფინალში საკუთარი თავის ნახვა საკმაოდ შთამბეჭდავი და შთამაგონებელია.
- ვის მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ კონკურენტად?
ერთმნიშვნელოვნად გაგას.
- პროდუქტების ყველაზე უცნაური კომბინაცია,რაც მოგიმზადებია...
პროექტის ფარგლებში კერძის ყურძნით მომზადება იყო ყველაზე უცნაური რამ,რაზეც მანამდე არც მიფიქრია. საკუთარ სამზარეულოში კი, ალბათ, როცა კალმახი მოვამზადე ტკბილ გარნირთან ერთად,ხილით.