„სამინისტროში ვიღაცის უფროსობას საკუთარ მარანში მუშაობა ვარჩიე“ - 25 წლის მეწარმე ქალი ველისციხიდან - Gemrielia.ge

„სამინისტროში ვიღაცის უფროსობას საკუთარ მარანში მუშაობა ვარჩიე“ - 25 წლის მეწარმე ქალი ველისციხიდან

25 წლის სალომე მათიაშვილი ველისციხეში ოჯახთან ერთად მარანს მართავს, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის. ოჯახს რესტორანიც აქვს, სადაც კვირაში ასობით ტურისტს მასპინძლობენ. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ სალომე კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის დიდი ბრიტანეთის ელჩმა სიგელით დააჯილდოვა.


როგორი იყო ახალგაზრდა მეწარმის გზა და რა მოსწონთ ყველაზე მეტად ტურისტებს, ამაზე სალომე მათიაშვილი თავად გვესაუბრა.
 

რა გზა გაიარე, სანამ მეწარმე გახდებოდი?


პროფესიით იურისტი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრებიდან მალევე ამიყვანეს სტაჟიორად ერთ-ერთ სამინისტროში. ვცდილობდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ უფროსს შენიშვნა არ მოეცა, მაგრამ ყველა თანამშრომელი მაინც მის ხასიათზე ვიყავით დამოკიდებული. რაც უნდა კარგად გვემუშავა, უფროსი თუ მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი, მაინც საყვედურებით აგვავსებდა. ამიტომ, თითქმის ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ, სამინისტროდან წამოვედი. 


რამდენიმე იურიდიულ კომპანიაშიც ვმუშაობდი, მაგრამ ყველგან მხვდებოდა უფროსი, რომელსაც იმ კონკრეტული დღის ხასიათის მიხედვით უნდა მოქცეოდი. მივხვდი, რომ ასე აღარ შემეძლო და ფაქტობრივად, ბოსებს „გამოვექეცი“. ვფიქრობ, ეს უნდა მომხდარიყო კიდეც ჩემს ცხოვრებაში, რომ გამეგო, როგორი არ უნდა იყოს ნამდვილი მმართველი. ჩემ თავს პირობა ჩამოვართვი, რომ „ბოსი“ არასოდეს ვიქნებოდი. მართლაც, ჩემი გუნდის წევრებისთვის მე არა უფროსი, არამედ მეგობარი ვარ. ისინი აანალიზებენ, რომ საერთო საქმის წარმატება მათი პიროვნული წარმატებაცაა. როცა პრობლემა იქმნება, ერთად ვაგვარებთ.

 

 

ოჯახური მეურნეობა ბიზნესად როდის იქცა?


2012 წელს, როცა ბიძაჩემის ინიციატივით მარნის რესტავრაცია დავიწყეთ. თითქმის ერთი წელია, რაც ტურისტებს ვმასპინძლობთ და ამ ხნის განმავლობაში ერთი უკმაყოფილო სტუმარიც კი არ გვყოლია. ტურისტს, პირველ რიგში, მარანს ვათვალიერებინებ. ვუხსნი მის დანიშნულებას, ქართული ღვინის ისტორიას. ძალიან უყვართ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.მაგალითად, შემოდგომაზე, როცა რთველის სეზონია, ჩვენს ვენახში მიგვყავს და ყურძენს ვაკრეფინებთ, ღვინის დამზადების ტექნოლოგიას ვაცნობთ. სურვილის შემთხვევაში, სამზარეულოშიც შეგვყავს: ჩურჩხელასაც ავლებენ და ხინკალსაც მშვენივრად ახვევენ. თუკი მუსიკას ისურვებენ, ტრაციციულ სამოსში გამოწყობილი მუსიკოსები მოგვყავს.

 

 

მეღვინეობის სფეროში სექსისტური დამოკიდებულება თუ გიგრძვნია? თუნდაც, პარტნიორების მხრიდან?


რაც ამ სფეროში ვარ, საბედნიეროდ, არავისგან მიგრძვნია უარყოფითი ან არასერიოზული დამოკიდებულება მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ვარ. შეიძლება ამის მიზეზი ისიცაა, რომ მე თვითონ არ ვთაკილობ საქმის კეთებას, თუნდაც, ფიზიკურად მუშაობას. ყოფილა შემთხვევები, რომ წავსულვარ და მუშებს მივხმარებივარ ვენახში მუშაობისას, ნაგავიც გამიზიდია, ჭურჭელიც გამირეცხავს და რესტორანში შეკვეთებიც მიმიღია. როცა გიყვარს შენი საქმე, ყველაფრის კეთება გსიამოვნებს.

 


არაერთი სირთულე შემხვდა. საერთოდ, უფრო მარტივია სხვის კომპანიაში ან ნებისმიერ დაწესებულებაში მუშაობა, ვიდრე საკუთარი ბიზნესის მართვა. იქ ვიღაცის საქმეს ასრულებ,  გრაფიკით მუშაობ (მაგალითად, 9 საათიდან 6-მდე), მაგრამ როცა შენი საქმე გაქვს, დილიდან დილამდე ამაზე ფიქრობ და წამითაც კი არ აძლევ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას. მნიშვნელობა არ აქვს, თვის ბოლოს რა თანხა დაგერიცხება ანგარიშზე. მთავარია, აკეთებდე იმ საქმეს, რომელიც გიყვარს; იმუშაო იქ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ და რაც მთავარია, შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს თავი ბედნიერად აგრძნობინო.
მომავლისთვის ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და არ ვაპირებ რაღაც სტერეოტიპების გამო დანებებას.
 

 

რამდენი სახეობის ღვინოსა და არაყს აწარმოებ?


ამ ეტაპზე ორი სახეობის ღვინო მაქვს, რომელსაც ტრადიციული, კახური წესით ვამზადებთ. ასვეე მაქვს ორი სახეობის ჭაჭა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ღვინის არაყს ვხდით და არა ჭაჭისას. იგი განსაკუთრებულად გემრიელია და მეორე დღეს არც ბახუსი იცის.


ტურისტებს განსაკუთრებულად რომელი სახეობის ღვინო მოსწონთ?


განსაკუთრებულად მოსწონთ ღვინო საფერავი. იციან, რომ ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით გულისთვის და ხშირად ყიდულობენ.

 


საჭმელებიდან რა იქცევს ხოლმე მათს განსაკუთრებულ ინტერესს?


ყველაზე მეტად თათარის მასტერკლასი მოსწონთ. თავად ავლებენ ხოლმე ჩურჩხელას. საჭმელებიდან განსაკუთრებულად მოსწონთ მწვადი, ხინკალი და ხაჭაპური. თუკი ვინმე ღორის ხორცს არ ჭამს, ქათმის მწვადს ვთავაზობთ, რომელიც ასევე ძალიან გემრიელია. ვეგეტარიანელებისთვის ბოსტნეულის კერძებს ვამზადებთ. საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, რომ არ თქვან, საქართველოში ჩამოვედით და მშივრები დავრჩითო. ხშირად გვთხოვენ  რეცეპტების ჩაწერასაც. ჩვენც, რა თქმა უნდა, ზუსტ რეცეპტებს ვაწერინებთ. წარმოვიდგენ ხოლმე, ჩემი ტურისტი მსოფლიოს მეორე მხარეს როგორ ამზადებს ხინკალს და ძალიან მიხარია.


მომავლისთვის რა გეგმები გაქვს?

 


გამოცდილებამ და ტურისტების სიმრავლემ სასტუმროს არსებობის აუცილებლობა დაგვანახა. სანამ მე თავად ავაშენებ ისეთ სასტუმროს, როგორიც წარმომიდგენია, ერთ ძალიან კარგ ოჯახთან ვთანამშრომლობ, რომელსაც თავისი სასტუმრო აქვს - საოჯახო სასტუმრო ხაზიურები. იქ ტურისტს ქართული ტრადიცული ოჯახის გარემო ხვდება, საშუალება აქვს ოჯახში დამზადებული ტრადიცული კერძები, მურაბები და ჯემები დააგემოვნოს.