„თაფლობის თვიდან“ პირდაპირ კონკურსში მოვხვდი“, - „მასტერშეფის“ პირველი გადაცემის ლიდერი გაგა ვარდანიძე
25 წლის გაგა ვარდანიძე „მასტერშეფის“ ათეულის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონაწილეა, რომელმაც ჟიურის პირველ დავალებას საუკეთესოდ გაართვა თავი და იმუნიტეტიც დაიმსახურა.
გაგა წარმოშობით წყალტუბოდანაა. საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს კულინარიასთან და ქვეყნის #1 მასტერშეფის ტიტულისთვის იბრძვის. რატომ გადაწყვიტა „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება და რატომ გაუზიარა იმუნიტეტი მაინც და მაინც მარიამს, წაიკითხეთ ინტერვიუში.
როდის გაგიჩნდა კულინარიისადმი ინტერესი?
კულინარიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. ოჯახში ბევრი ვართ ამ სფეროში: მამა, ჩემი ძმა, ბებიაჩემიც არაჩვეულებრივი დიასახლისია. ამის მიუხედავად, მაინც ყველა ეწინააღმდეგებოდა ჩემს გადაწყვეტილებას. დედაჩემს უნდოდა, რომ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და დიპლომი მქონოდა, ამიტომ სკოლა რომ დავამთავრე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარე. როცა მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, კულინარიის აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, ისე, რომ არავის არ სცოდნოდა. ჩემმა მშობლებმაც კი მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა კულინარიის აკადემია დავამთავრე.
ოჯახს რატომ არ მოსწონდა შენი გადაწყვეტილება?
ადრე მცდარი შეხედულებები ჰქონდათ სამზარეულოზე. მამაჩემს ბავშვობიდანვე ვთხოვდი, რომ სამზარეულოში შევეშვი, დახმარების უფლება მოეცა, მაგრამ არ უნდოდა. მზარეული თუ იყავი, არც ისე მაგარ ტიპად ითვლებოდი. ოჯახს დამოკიდებულება მაშინ შეეცვალა, როცა ვთქვი, რომ კულინარია იყო ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და მინდოდა, მთელი ცხოვრება მეკეთებინა.
ვისი იდეა იყო, რომ მასტერშეფში მიგეღო მონაწილეობა?
ყველზე მეტად ჩემი მეუღლე აქტიურობდა. ერთი წლის წინ დავქორწინდით და ესპანეთში გავემგზავრეთ. ამას იქით გეგმებიც მქონდა, რომლებიც „მასტერშეფმა“ მთლიანად ამომიტრიალა. ისე გამოვიდა, რომ „თაფლობის თვიდან“ პირდაპირ კონკურსში მოვხვდი.
რა გეგმები გქონდა?
მიუხედავად იმისა, რომ კარგი სამსახური მქონდა (ერთ-ერთი რესტორნის შეფი ვიყავი), ესპანეთში დარჩენას და კულინარიაში ცოდნის გაღრმავებას ვაპირებდი. ენის ტესტიც ჩაბარებული მქონდა, უნივერსიტეტებში განაცხადებიც გაგზავნილი... სანამ სწავლა დაიწყებოდა, საქართველოში ჩამოვედი სამი თვით. ამ პერიოდში იყო „მასტერშეფის“ კასტინგებიც და გადავწყვიტე გავსულიყავი. ახლა თავით ვარ დაგაშვებული პროექტში და შეიძლება, არათუ შოუს დასრულებამდე, არამედ საერთოდ აღარ წავიდე საქართველოდან.
ეს პროექტი უფრო მეტს მაძლევს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ასე მგონია, აქამდე ჰაერში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ საქმეებს ვეჭიდებოდი და კარგ ადგილებშიც ვმუშაობდი, მაინც მეგონა, რომ რაღაც მაკლდა...
როგორ ფიქრობ, გეყოფა ძალა და ნებისყოფა ამ შოუში?
რაც ნამდვილად არ მაკლია, ეს ბრძოლისუნარიანობა და ნებისყოფაა. კულინარიის აკადემიაში რომ ჩავაბარე, ჩემ თავს და გარშემო მყოფებს მტკიცედ ვუთხარი: ეს ერთი წელი მე თავი უნდა გადავდო, მხოლოდ ამ საქმეს უნდა დავუთმო დრო, არ უნდა ვიზარმაცო, არ უნდა მოვეშვა-მეთქი. მართლაც, ერთი წლის განმავლობაში ჩემს საქმეს რობოტივით ვაკეთებდი.. დილით 6-ზე ვდგებოდი, ღამე 4-ზე ვიძინებდი, სწავლის პარალელულად 8-საათიანი გრაფიკით ვმუშაობდი... ამ პერიოდში ყველასთან დავკარგე კონტაქტი: ოჯახთან, მეგობრებთან, შეყვარებულსაც კი დავშორდი. მოკლედ, ერთი წლით ყველაფერი დავკარგე, მაგრამ სხვანაირად არც გამოვიდოდა. თუ გინდა, რომ მიზანს მიაღწიო, რაღაც უნდა დათმო.
ელოდი, რომ პირველივე გადაცემაში მოგანიჭებდნენ იმუნიტეტს?
ეს კერძი პირველად მოვამზადე და, შესაბამისად, პირველად გავსინჯე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცუდ კერძებში არ მოხვდებოდა, მაგრამ საუკეთესოდ თუ დაასახელებდნენ, არ მეგონა და ძალიან გამიხარდა.
ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ იმუნიტეტი მარიამს გაუზიარე...
რამე კონკრეტული მიზანი არ მქონია. უბრალოდ, ვფიქრობდი, თუკი იმუნიტეტს ავიღებდი, ვინც ჩემ გვერდით იდგებოდა, მას გავუზიარებდი იმუნიტეტს. ასე რომ, უბრალოდ, ასე გამოვიდა, არაფერი პირადული.
ჟიურიზე რას ფიქრობ?
იმდენად ობიექტურები არიან, მე თვითონაც შოკში ვარ. ისეთ რაღაცებს ამჩნევენ წამებში, რომ ჩემ თავზე ვბრაზდები ხოლმე, ეს მე როგორ არ მომაფიქრდა-მეთქი. რა თქმა უნდა, ჩემზე გაცილებით გამოცდილები არიან.
„მასტერშეფში“ მოსვლის მთავარი მიზანი რა არის?
პირველ რიგში, გამარჯვება, რა თქმა უნდა. არ აქვს ნიშვნელობა, რა პრიზია დაწესებული. მთავარია, გავიმარჯვო.
ჩემს ცხოვრებაშიც იყო ჩავარდნა. ისეთ პერიოდში, ისეთ ქალაქში მომიწია ცხოვრება, რომ უპერსპექტივო ბიჭად მთვლიდნენ. ასე რომ, მინდა ჩემ თავს და გარშემო მყოფებს დავუმტკიცო, რომ მე იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.