„დალის კერძის ფონზე ჩემი გავარდნა უსამართლობაა“ - ნათია სუხაშვილის „ბოლო სიტყვა“ „მასტერშეფში“ - Gemrielia.ge

„დალის კერძის ფონზე ჩემი გავარდნა უსამართლობაა“ - ნათია სუხაშვილის „ბოლო სიტყვა“ „მასტერშეფში“

 

„მასტერშეფის“ სამზარეულოში ტემპერატურა იმატებს. გუშინ შოუს კიდევ ერთი მონაწილე, ნათია სუხაშვილი გამოეთიშა. მონაწილეებს ხინკალი უნდა მოემზადებინათ. ნათიას მიერ მომზადებულმა ნადუღის ხინკალმა გუდის ყველითა და ერბოსთან ერთად ჟიურის მოწონება ვერ დაიმსახურა და იგი შოუს დაემშვიდობა.


როგორ აფასებს ნათია შოუში დარჩენილ კონკურსანტებს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, წაიკითხეთ ინტერვიუში.


- ელოდი, რომ შოუს ამ ეტაპზე დატოვებდი?


გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ დალიმ დაუსრულებელი კერძი წარმოადგინდა. მის ფონზე ჩემი გემრიელი, ტრადიციული და სრულყოფილი ხინკლის გავარდნა ძალიან დიდი უსამართლობა მგონია.

 

Image may contain: food


- როგორ ფიქრობ, შენ დაუშვი შეცდომა? ჟიურის შეფასებას თუ ეთანხმები?


ჩემს კერძთან ცოტა ორაზროვანი შეფასებები იყო. კონსტანტინეს მოეწონა. ლუკამ, რატომღაც, გაყინულ ხინკალს შეადარა... მიუხედავად იმისა, რომ ხინკალს ძალიან იშვითად ვამზადებ, მე პირადად კმაყოფილი ვარ ჩემი კერძით, დღემდე ვამაყობ და მგონია, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. თუმცა დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, რამე უფრო არატრადიციულს, კრეატიულს მოვიფიქრებდი, რომ ამით მაინც მომეგო ჟიურის გული.


- რა შეცვალა „მასტერშეფმა“ შენს ცხოვრებაში?


კიდევ უფრო გამიძლიერდა კულინარიის მიმართ სიყვარული, უფრო თავდაჯერებული გავხდი. ძალიან ბევრი რამე სხვანაირად დავინახე, სხვა თვალით ვუყურებ კერძებს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორ ტურში ვიყავი, მაინც საკმაო გამოცდილება მივიღე.

 


- დარჩენილ კონკურსანტებზე რას გვეტყვი?


დიმუ ძალიან საყვარელია. თავისი სტილი აქვს, თუმცა მგონია, რომ მეტი დახვეწილობა არ აწყენდა.
მარტაზე მკაფიო დამოკიდებულება ვერ ჩამოვიყალიბე. თითქოს, ორიგინალურია, მაგრამ...


პიტო ჩემთვის ის კერძია, პირველად რომ გააკეთა - ყურძენი და ყველი - ორინგრედიენტიანი სამზარეულო. მისი კერძები ლამაზად გამოიყურება, თუმცა გასინჯვა არ მოგინდება. რადგან შეფებს მოსწონთ, ალბათ აქვს პოტენციალი „მასტერშეფში“.


ნუცა - დიდი პატივისცემა მის ბიოგრაფიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ამბიციები რეალობას აჭარბებს. წლების გამოცდილებაა საჭირო იმისათვის, რომ ის შედეგები დადოს, რისი ამბიციაც მას აქვს.


მარიამი მართლა პერსონაჟია, რეალობის შეგრძნებას მაკარგვინებს. მისი კერძი რომ გახდა რჩეული, მაგის მერე არ მიკვირს, რომ მე გავვარდი. რაღაც მხრივ, მართლა არალოგიკური მეჩვენება ხოლმე ჟიურის შეფასებები.


სოფო ძალიან მიყვარს და ძალიან ვგულშემატკივრობ. კერძებს დიდი სიყვარულითა და მონდომებით ამზადებს.  მგონია, რომ სწორედ მისნაირი ადამიანები უნდა იყვნენ „მასტერშეფში“.


გაგა, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერია. ვფიქრობ, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ მას აქვს.
დალი ძალიან საყვარელი და კარგი ადამიანია, მაგრამ, როგორც კონკურსანტი, ყველაზე სუსტია. ჩარჩოებში ზის, დაუხევწავია და არც სითამამით გამოირჩევა.

 

 


- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?


ვაგრძელებ ჩემს სამსახურში მუშაობას. რა თქმა უნდა, კულინარია ჩემს საყვარელ საქმიანობად რჩება. თანაც ჩემი ძმა სარესტორნო ბიზნესშია. დიდი ხანია მთხოვს, რომ ჩავერთო ამ საქმეში და ვფიქრობ, ახალი რესტორნის მენიუს შედგენაში მივიღებ მონაწილეობას.