„ნერვიულობისგან 5 კილო დავიკელი“ - „მასტერშეფის“ მონაწილე მარიამ ქურდიანი თავის პროფესიასა და ცინიზმზე
„ნერვიულობისგან 5 კილო დავიკელი“ - „მასტერშეფის“ მონაწილე მარიამ ქურდიანი თავის პროფესიასა და ცინიზმზე

 

„მასტერშეფის“ სამზარეულოში 7 მონაწილე დარჩა. გუშინდელი ტურის შემდეგ შოუ სოფო გოგებაშვილმა დატოვა, იმუნიტეტი კი მარიამ ქურდიანმა მოიპოვა, რომლის კერძიც ჟიურის ყველაზე მეტად მოეწონა. ambebi.ge ამჯერად სწორედ მარიამთან გთავაზობთ ინტერვიუს.


მას ხშირად აკრიტიკებენ მკაცრი შეფასებების გამო. სინამდვილეში რას ფიქრობს კონკურსანტებზე და როგორ ეხმარება თავისი პროფესია სამზარეულოში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 


როგორ შეაფასებდი „მასტერშეფში“ შენს მონაწილეობას?


მეგონა, რომ უფრო ადვილი იქნებოდა, ძალიან რთული აღმოჩნდა. მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. რადგან ბოლოს ჩემმა კერძმა მოიპოვა საუკეთესოს სტატუსი, მგონია, რომ ჟიური ჩემგან უფრო მეტს ელოდება.


შენი პროფესია, ჟურნალისტიკა, რამდენად გეხმარება „მასტერშეფში“?


კულინარია და ჟურნალისტიკა ძალიან განსხვავებული სფეროებია. იყო საუბრები, რომ რადგან „პირველი არხის“ ჟურნალისტი ვარ, თითქოს, ამიტომ მოვხვდი ათეულში და წინასწარ ვიცი, რა კერძის მომზადებას დაგვავლებენ. მინდა, კარგად გაიგოს ყველამ, რომ ეს არის აბსურდი. „პირველ არხში“ სულ სხვა ადამიანები მუშაობენ, „მასტერშეფზე“ - სულ სხვა. ჩემი სამუშაო ადგილი არაფერში არ მეხმარება, პირიქით, ხელს მიშლის, რადგან მაყურებლის ნაწილი ფიქრობს, რომ ამის გამო რაღაც „პლუსები“ მეწერება.

 

 


ბევრს საუბრობენ შენს ცინიზმზე და ამის გამო ხშირად გაკრიტიკებენ. თუ კითხულობ კომენტარებს და როგორ ხვდები კრიტიკას?


პირველი ვიდეო რომ დაიდო, ჩავუჯექი და საფუძვლიანად წავიკითხე ყველა კომენტარი. ამდენ უარყოფით კომენტარს არ ველოდი და, სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა. იმედი მქონდა, მიხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი შოუს ნაწილია და რეალურ ცხოვრებაში გოიმს, ტუტუცსა და სხვა საშინელ სიტყვებს არავის არ ვეძახი. რა თქმა უნდა, კონკურენცია  არის, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ მეგობრებიც გავხდით.
რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ჩემს პირად შეტყობინებებში. მეგონა, აქაც ლანძღვის შეტყობინებები მომივიდოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. დღეში ათეულობით ადამიანი მწერს. მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ და უნდათ, რომ დიდხანს ვიყო პროექტში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს და ვუთხრა, რომ მათი დადებითი სიტყვები ძალიან მეხმარება და მაძლიერებს. სხვათაშორის, ბოლო გადაცემების კომენტარებს რომ გადავხედე, თითქოს, იქაც იკლო უარყოფითმა გამოხმაურებებმა და მაყურებელი მიხვდა, რომ რეალურად ერთმანეთი არ გვეზიზღება.


კამერის წინ პირდაპირ ჩართვასა და „მასტერშეფის“ სამზარეულოში ტრიალი ჰგავს ერთმანეთს?


ორივე შემთხვევაში მაყურებელთან გაქვს პასუხისმგებლობა, არაფერი არ უნდა შეგეშალოს.  ჟურნალისტიკაში პასუხისმგებლობა მოიცავს სიზუსტეს, სიმართლეს, სანდოობას. პირდაპირ ეთერში ვერაფერს ვერ გამოასწორებ.
„მასტერშეფის“ სამზარეულოშიც დაძაბულობის ხარისხი მაღალია.მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერია, მაინც გაცილებით დაძაბული ვარ, ვიდრე ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ალბათ იმიტომ, რომ მე არ ვარ პროფესიონალი, შოუს რამდენიმე მონაწილისგან განსხვავებით არსად არ მისწავლია კულინარია და მხოლოდ მოყვარული ვარ. ამიტომ ძალიან დაძაბული ვარ, როცა ვამზადებ და მერე ჩემს მომზადებულს ჟიური აფასებს. ამ ნერვიულობისგან 5 კილოც კი დავიკელი.


ჟიურის წევრებიდან სიმკაცრის თვალსაზრისით ვის გამოარჩევდი?


სამივე მკაცრია, მაგრამ ლუკას ყველაზე მწარე ენა აქვს. სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, არ ვაპასუხები, ხუმრობა ძალიან მიყვარს და იუმორში გადამაქვს. ვცდილობ, მაქსიმალურად გავითვალისწინო ჟიურის შეფასებები.

 


კონკურსანტებს შორის ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი ვინ არის?


ყველაზე ძლიერი, ჩემი აზრით, გაგაა. ყველაზე სუსტები, ალბათ, ისინი იყვნენ, ვინც უკვე დატოვეს პროექტი. დარჩენილებიდან, ალბათ, დალი. დიდად არ აქებენ ხოლმე მის კერძებს.


ოჯახის წევრები როგორ აფასებენ ხოლმე შენს ნახელავს?


ოჯახში ნამდვილი კრიტიკოსები მყავს. ხინკალს მწვანე ბაფთა რომ დავადე, ჩემი 6 წლის გოგონამ ძალიან გააპროტესტა: რა არის ეს, რა საახალწლო ნაძვის ხე დაადგი თავზე, მე ახლა დაგიხატავ, როგორი უნდა იყოს ხინკალიო. სხვათაშორის, ძალიან ლამაზი მწვანე ხინკალი დამიხატა, რომელიც ჩემს მომზადებულ ხინკალს ნამდვილად ჯობდა.


ყველაზე მეტად კრიტიკული მაინც დედაჩემია. თავად ისეთი კარგი ხელი აქვს, რომ მე პატარა შეცდომასაც არ მპატიობს. მეუბნება ხოლმე: როგორ თუ დრო არ გეყო, როგორ თუ გემო ვერ „დასვი“... მოკლედ, სულ შენიშვნებს მაძლევს. რა თქმა უნდა, არც რჩევებს იშურებს. მადგემა ხოლმე თავისი პროდუქტებით და მეუბნება: მოდი, ახლა ამაზე ვიმეცადინოთ, რა იცი, რას დაგავალებენ, იქნებ, ხაჭაპურის გაკეთება მოგიწიოს... მოკლედ, სულ „ვმეცადინოებთ“ და თან ოჯახსაც ვაპურებ.
 

მასალის გამოყენების პირობები
25 ნოემბერი, 2019 02:36 p.m.
ნანახია: 433