სენდვიჩის 3 რეცეპტი - სწრაფად მოსამზადებელი, ნოყიერი საუზმე და ვახშამი - Gemrielia.ge

სენდვიჩის 3 რეცეპტი - სწრაფად მოსამზადებელი, ნოყიერი საუზმე და ვახშამი

 

„სწრაფი კვების“ კატეგორიის ყველა სახის საკვებს შორის სენდვიჩს შეიძლება ეწოდოს ყველაზე არაპროგნოზირებადი. როდესაც საქმე ეხება სახეობას, ზომას და შიგთავსს, ფანტაზია საზღვრებს კარგავს.

სენდვიჩები არსებობს მრგვალი, კვადრატული, სამკუთხა, ტალღოვანი, ოვალური და ა.შ. პურს აცხობენ, წვავენ, აშრობენ, ხუხავენ... ერთადერთი, არ ხარშავენ. ეს არასტანდარტული ბუტერბროდები ივსება ხორცით, ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტებით, ხილით და მზა, ტკბილი საკმაზით.

თავისი სახელი სენდვიჩმა ერთი ინგლისელი არისტოკრატის - ჯონ მონტაგუ, გრაფ სენდვიჩისგან მიიღო. ეს ცნობილი ადამიანი, რომელიც ლონდონის მინისტრის პოსტს იკავებდა, აზარტული თამაშების მოყვარული იყო. ლეგენდის თანახმად, მას კარტის სათამაშო მაგიდასთან 20 საათი შეეძლო ჯდომა. ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, გრაფს ჩვევა ჰქონდა, პერიოდულად პურის ორ ნაჭერს შორის ჩადებული ბეკონი ეჭამა. ამგვარად, მას ხელები არ ესვრებოდა და არ სვრიდა კარტს. კუჭიც ნაყრდებოდა. კვების ამგვარი მეთოდი აზარტული კლუბის ყველა ვიზიტორმა აიტაცა და გავრცელდა, როგორც „ბუტერბროდი სენდვიჩურად“, ან უფრო მარტივად - „სენდვიჩი“.

სენდვიჩი გემრიელი რომ გამოვიდეს, ხარისხიანი ტოსტის პური უნდა შეარჩიოთ. გირჩევთ, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან დამზადებული - „პანეს“ ტოსტის პური სცადოთ.
 

 

 

#1. კლასიკური რეცეპტი:

 

 


აიღეთ ორი ნაჭერი ტოსტის პური, სურვილისამებრ გახუხეთ, წაუსვით თხლად სენდვიჩის მზა სოუსები: ცხარე ნივრით და პიკანტური, შავი ქლიავით და პომიდვრით. პურის ერთ ნაჭერზე დადეთ მწვანე სალათის ფოთოლი, თხელ რგოლებად დაჭრილი პომიდორი, რამდენიმე ნაჭერი შაშხი „მანდოლინა“ (ნიკორა), ყველი „ჩედარის“ ფირფიტა.
 

 


დააფარეთ ზემოდან ტოსტის პურის მეორე ნაჭერი და სენდვიჩი სუფრასთან თეთრი ფაიფურის თეფშით მიიტანეთ.
 

#2. პიცა-ტოსტი

 


პიცა-ტოსტი ძალიან დაგანაყრებთ. ტაფაზე, კარაქში შეწვით ტოსტის პური ორივე მხრიდან. დაადეთ ზემოდან „მოცარელას“ ორი ბურთულა და ცოტა ხნით, დაახურეთ ტაფას თავსახური.

 

 


როდესაც ყველი დადნება, ზემოდან დაადეთ თხლად დაჭრილი ძეხვი „სალიამი პიკანტური“. პური ფრთხილად ამოაბრუნეთ, რომ ძეხვი და ყველი მოიბრაწოს. ისევ გადმოაბრუნეთ, მოასხით კეტჩუპი და მოაყარეთ ცოტაოდენი ორეგანო.

 

 

#3. ორაგულის სენდვიჩი

 


პატარა ჯამში დასრისეთ ავოკადო, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცოტა მარილი. გახუხეთ ტოსტის პურის ორი ნაჭერი და წაუსვით ავოკადოს მასა ორივე ნაჭერს. დაადეთ თხლად დაჭრილი ნორვეგიული ორაგული. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაადოთ პომიდვრის ოდნავ შემწვარი ნაჭერი.
 


პარალელურად, მოამზადეთ კვერცხი „პაშოტი“. პაშოტის მომზადება საკმაოდ მარტივია. დაგჭირდებათ წყალი, მარილი, თეთრი ძმარი, ქვაბი და კვერცხი.
მდუღარე წყალში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ წყალს მარილი და ცოტა ძმარი. დაელოდეთ, სანამ არ შეიკვრება ცილა. ამოიღეთ დახვრეტილი ჩამჩით და გადაიტანეთ ხელსახოცზე ან გადაავლეთ ცივი წყალი.

ამგვარად მომზადებული კვერცხი ფრთხილად გადაიტანეთ პურზე. სენდვიჩს მოაპკურეთ ცოტაოდენი სოიის სოუსი, წიწაკა, მორთეთ მწვანე ხახვით და მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!