„რამდენჯერმე საპირფარეშოშიც მიტირია“ - ნუცა სურგულაძე თავის ემოციურობასა და სარკაზმზე
„რამდენჯერმე საპირფარეშოშიც მიტირია“ - ნუცა სურგულაძე თავის ემოციურობასა და სარკაზმზე

 

ყოველ შეჯიბრს თან ერთვის სტრესი და ნერვიულობა. გამონაკლისი არც კულინარიული შოუ „მასტერშეფია“, რომლის ბოლო გადაცემაც მაყურებელს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მონაწილის, ნუცა სურგულაძის, ტირილით დაამახსოვრდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნუცას მიერ მომზადებულმა პირველმა კერძმა ჟიურის მოწონება ვერ დაიმსახურა. ნუცას თქმით, იმდენად ბევრი იშრომა ლობსტერის მოსამზადებლად, რომ ჟიურისგან ასეთ შეფასებას არ ელოდა. გადაცემის მეორე ნაწილშიც ნუცა ცრემლებს ვერ იკავებდა. სწორედ ამის შესახებ საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ.


ზოგადად ემოციური ხარ, თუ იმ დღეს ინერვიულე განსაკუთრებულად?


ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. შეიძლება, კატამ გადაირბინოს და იმაზე ვიტირო. ჩემგან ცრემლები ძალიან ბუნებრივია და არც იშვიათობაა. არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა დაინახავთ, რომ ნუცა ტირის, რადგან ნუცა თითქმის სულ ტირის.
ბოლო გადაცემის ეპიზოდი ყველაზე ცუდი დღე იყო. თავიდან თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ მერე რომ დავიწყე ტირილი, ვეღარ გავჩერდი: ვტიროდი კეთების დროს, შეფასების დროსაც და მას შემდეგაც, რაც გავიაზრე, რომ მე არ ვტოვებდი პროექტს. რა თქმა უნდა, არც მე არ მსიამოვნებდა. ძალიან ვეცადე თავის ხელში აყვანას, მაგრამ არ გამომივიდა. მინდა ვთქვა, რომ ტირილი სისუსტის ნიშანი არ არის. ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, როგორც სიცილი, ყვირილი... მე გაბრაზება არ შემიძლია და ვტირი.

 

Image may contain: 1 person, standing


ცრემლებმა კერძის მომზადებაშიც შეგიშალა ხელი?


რა თქმა უნდა, ძალიან შემიშალა ხელი. კერძი ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა. ამაზე ორმაგად ვიტირე. გადავრჩი, რომ არ გავვარდი მაგ დღეს.
ლუკას სიტყვების არ იყოს, ცრემლები არ უხდება კერძს. მანვე მირჩია: ეს ცრემლები დაიშრე, ემოცია სიბრაზეში გადაიტანე და კერძში ჩადეო. ჟიურის სამივე წევრს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ გვერდით დამიდგნენ და არ მითხრეს, რომ რადგან ვტიროდი, ე.ი. სუსტი ვიყავი.


რეალურ სამზარეულოში არანაკლები იქნებოდა სტრესი, ვიდრე „მასტერშეფის“ სამზარეულოში...


იქ სხვანაირი სტრესია. ყველაფერი დალაგებულია და უხეში შეცდომის დაშვების ალბათობა ძალიან მცირეა. რა თქმა უნდა, შეფსაც გააჩნია. ძალიან მკაცრ შეფთან მუშაობა განსაკუთრებულად რთულია. საბედნიეროდ, მე ვისთანაც მომიწია მუშაობა, საკმაოდ კეთილები იყვნენ. თუმცა რამდენჯერმე სუშეფებთან მქონია უთანხმოება და მიტირია კიდეც. როცა დამწყები ხარ, შენზე გამოცდილი მზარეულები კი საკმაოდ უხეშად გაძლევენ შენიშვნას, რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო. რამდენჯერმე საპირფარეშოშიც მიტირია, მერე დავბრუნებულვარ და გამიგრძელებია მუშაობა.


ჟიურის შეფასებებზე რას იტყვი?


რადგან ასე თუ ისე გამოცდილება მაქვს, მე ცოტა სხვანაირად მაფასებენ. ჩემგან უფრო მეტს მოითხოვენ. დანარჩენებს თუ წახალისების მიზნით აქებენ ხოლმე, მე ყველა პატარა დეტალზეც კი მიმითითებენ და შეცდომად მითვლიან. თუმცა ეს უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო ჟიურის.


ვის რჩევებს გამოარჩევდი?


ლუკას რჩევები ყოველთვის საუკეთესოა ხოლმე. ყოველთვის იცის, რა ტექნიკური დარღვევა მაქვს კერძში, ყოველ პატარა დარღვევას ამჩნევს და მეუბნება, როგორ ჯობია. ლევანს უფრო ქართული სამზარეულო უყვარს, არ მოსწონს, როცა უცხოური დეტალები შემომაქვს ხოლმე. ყველაფრის მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ ჟიურის ამ პრინციპით, რადგან ფრანგული სამზარეულო უკეთ ვიცი, ვიდრე ქართული და ამ მხრივ დახელოვნება მჭირდება.
კონსტანტინეს თავისი სამყარო, თავისი შეფასების კრიტერიუმები აქვს. წინასწარ არასოდეს იცი, რას გეტყვის, რა მოეწონება, რა არ მოეწონება. ასე რომ, ცოტათი რთულია მის გემოვნებაზე მორგება.

Image may contain: 1 person, smiling, standing


შენს რესტორანში პირველად ვის დაპატიჟებდი დეგუსტაციაზე?


უკვე ისეთი ტრიოა ჩამოყალიბებული, რომ აუცილებლად სამივეს თუ მოიწვევ ერთად, სხვანაირად წარმოუდგენელია.


ბევრს საუბრობენ შენს ცინიზმზე, ზოგჯერ საკმაოდ უხეშადაც. არ გწყინს ასეთი შეფასებები?


ისე მეცინება ამ ყველაფერზე! მხოლოდ ის არ მესმის, როგორ შეიძლება, ვიღაცას აკრიტიკებდე და მერე მასზე უარესს თავად აკეთებდე. ალბათ, თავადაც არანაკლებ ბოღმები არიან. ჩვენ გადაცემაში ვართ, ეს შოუა, კონკურენციაა და ყველა მოსაგებად ვართ მისულები.

 

Image may contain: 1 person, sitting and indoor


შვიდი მონაწილეღა დარჩით. როგორ ფიქრობ, ამ შვიდიდან არის ვინმე ისეთი, ვინც ათეულშიც არ უნდა ყოფილიყო?


მასეთები ვინც იყვნენ, უკვე დატოვეს პროექტი. ვინც დავრჩით, ყველა საკმაოდ ძლიერია. სხვათაშორის, თავიდანვე „გავშიფრე“, ვინ იქნებოდა ძლიერებში, ვინ - სუსტებში. ყველაზე ძლიერ კონკურენტებად გაგასა და მარტას აღვიქვამ. ამ ორ ადამიანს უფრო ვხედავ ფინალში.


როგორი გინდა, რომ დაამახსოვრდე „მასტერშეფის“ მაყურებელს?


კეთილ ბავშვად რომ არ დავამახსოვრდები, ცხადია, მაგრამ რას ვიზამთ. ყველა სცენარში უნდა იყოს ერთი ან ორი ბოროტი ადამიანი და ისე მოხდა, რომ „მასტერშეფში“ „ცუდი პოლიციელის“ როლში მე და მარიამი ვართ. რეალურად ეგეთი არ ვარ და ჩემ თავს რომ ვუყურებ ტელევიზორში, ცოტა მეცინება ხოლმე.
მინდა მაყურებელს დავამახსოვრდე, როგორც ძლიერი კულინარი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.
 

მასალის გამოყენების პირობები
29 ნოემბერი, 2019 10:48 a.m.
ნანახია: 157