„ბედნიერად და ამაყად დავტოვე პროექტი“ - პიტო სეთურიძის პირველი კომენტარი „მასტერშეფის“ დატოვების შემდეგ
„ბედნიერად და ამაყად დავტოვე პროექტი“ - პიტო სეთურიძის პირველი კომენტარი „მასტერშეფის“ დატოვების შემდეგ

 

„სამზარეულოში ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი, ზუსტი და ორგანიზებული მუშაობა“ - შეფ ლევანის ამ სიტყვებით დაიწყო „მასტერშეფის“ მეორე სეზონის რიგით მეოთხე გადაცემა. მონაწილეებს თევზის და ბოსტნეულის იდეალურად დაჭრა, კვერცხის ცილისა და გულის ერთმანეთისგან განცალკევება და მწვანე ვაშლის იდეალურად გათლა დაევალათ. ამისათვის კი მხოლოდ 20 წუთი ჰქონდათ.


გასული გადაცემიდან ყველას ახსოვდა ნუცას ცრემლები, მაგრამ ამჯერად იგი საკმაოდ მშვიდი და თავდაჯერებული ვიხილეთ. სამაგიეროდ, მაყურებელმა ვერ შეიკავა ცრემლები, რადგან გუშინდელი გადაცემა პიტო სეთურიძემ დატოვა, რომელმაც მალევე მოახერხა ხალხისთვის თავის შეყვარება.


„დააბრუნეთ პიტო!“ „ახლა ვინღა გაგვართობს?“ „პიტოს გარეშე რა გვეშველება?!“ - სასოწკარკვეთილი გულშემატკივრების კომენტარები სოციალურ ქსელში იმ წუთიდანვე გამოჩნდა, რაც ჟიურიმ პიტოს წინსაფრის მოხსნა და შოუს დატოვება სთხოვა.

 

Image may contain: 2 people, people smiling, people standing


რა მოხდა მანამდე?


ჟიურის პირველ დავალებას თავი საუკეთესოდ ნუცა სურგულააძემ გაართვა. ჟიურის თქმით, იგი დროშიც ჩაეტია და პროდუქტებიც საუკეთესოდ დაამუშავა. ასე რომ, გოგონა, რომლის ცრემლებმაც წინა გადაცემაში ყველა დაგვასევდიანა, იმუნიტეტის მფლობელი გახდა. ეს ნუცასთვის პირველი იმუნიტეტია და, ცხადია, მისი აღფრთოვანების შემჩნევა რთული არ ყოფილა.
იმუნიტეტის მფლობელს საპასუხისმგებლო დავალება მისცეს - ცნობილი საბჭოთა კერძების მონაწილეებისთვის განაწილება. თუკი წინა ჯერზე მარიამმა არ დაინდო ნუცა, ახლა რევანშის დრო დადგა და ნუცამ მას შუბის გაკეთება დაავალა. არანაკლებ რთული დავალებები შეხვდათ დანარჩენ მონაწილეებს, თუმცა ერთადერთი, ვინც არ წუწუნებდა და თავისი დავალებით კმაყოფილი იყო, დალია, რომელსაც „სიგარეტები“ შეხვდა. მიუხედავად ამისა, ცომმა არც ამჯერად „დაინდო“ და ღუმელში შედებული ბისკვიტი დაეწვა. თანაც ეს მაშინ შენიშნა, როდესაც მისი ნახელვაის სანახავად მაგიდას შეფი კონსტანტინე მიუახლოვდა. „რატომ მემართება ყველაფერი მე?!“ - სასოწარკვეთილებისგან აღმოთქვა დალიმ.


არანაკლებ ნერვიულობდა მარიამი. თუკი წინა გადაცემაში თავისი ემოციურობით ნუცამ გაგვაოცა, აღმოჩნდა, რომ მარიამიც საკმაოდ ემოციური ყოფილა. ცრემლები ვერც მან შეიკავა. მიზეზი კი ის იყო, რომ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მაიონეზი არ გამოსდიოდა. დანარჩენი მონაწილეები მეტნაკლებად მშვიდად აგრძელებდნენ კერძების მზადებას, თუმცა ყველას ეტყობოდა, რომ ეს დავალება მათთვის ყველაზე რთული იყო.


საბოლოოდ, „მასტერშეფის“ მონაწილეებმა საბჭოთა სამზარეულოს 6 კერძი ამოატრიალეს და ჟიურის წევრები სასიამოვნოდ გააოცეს.
საბოლოოდ, ჟიურიმ ორი შედარებით სუსტი კერძი დაასახელა და აუთსაიდერებში პიტო და დალი დადგნენ.


„ასახელებენ ჩემს სახელს, მეუბნებიან, რომ უნდა დავტოვო წინსაფარი, რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ პოზიტივზე ვიფიქრო. მადლობა ამ გამოცდილებისთვის და გავაგრძელებ გაზრდას“ - ამ სიტყვებით დატოვა „მასტერშეფის“ ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კონკურსანტმა „მასტერშეფი“.

 

Image may contain: 3 people, people sitting


პიტოს თქმით, ელოდა, რომ შოუს დატოვებდა: „მე და დალი უკვე იმდენჯერ ვიდექით აუთსაიდერებში, რომ შოუდან გამოვარდნაზე საერთოდ აღარ ვნერვიულობდი. უბრალოდ, მივყევი იმ იდეას, რაც თავში მომივიდა. ვფიქრობ, რომ კარგი კერძი გამომივიდა და ნამდვილად არ იმსახურებდა გავარდნას, რასაც მაყურებლის გამოხმაურებაც მოწმობს. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენ დადებით კომენტარსა და შეტყობინებას მივიღებდი. მგონია, რომ ამდენი დადებითი ენერგია და პოზიტივი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი შოუში ყოფნა. ასე რომ, ბედნიერად და ამაყად დავტოვე პროექტი."


„მასტერშეფის“ სამზარეულოში ექვსი ყველაზე ძლიერი კონკურსანტი დარჩა. ბრძოლა უფრო დაძაბულ ეტაპზე გადადის და როგორც კონკურსანტები ამბობენ: ერთი შეცდომაც კი უკვე სახლში წასვლას ნიშნავს!
 

მასალის გამოყენების პირობები
2 დეკემბერი, 2019 04:34 p.m.
ნანახია: 12