„შენსა და მარტას შორის რამე ხდება?“ - დიმუ მენაბდე ყვება, რა ამბები ტრიალებს "მასტერშეფის" სამზარეულოში, როცა კამერები გამორთულია
„მასტერშეფის“ სამზარეულოში მხოლოდ ექვსი მონაწილე დარჩა. ყველა მათგანს თავისი, გამორჩეული სტილი აქვს, რაც პროექტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მაყურებლის ყურადღებას, პროფესიონალიზმის გარდა, კონკურსანტების პირადი ცხოვრებაც იქცევს.
AMBEBI.GE ამჯერად დიმუ მენაბდეს ესაუბრა და გაიგო, რა ხდება იმ წუთებში, როცა „მასტერშეფის“ კამერები მათკენ არ არის მიპყრობილი.
როგორ აფასებ შენს მონაწილეობას „მასტერშეფში“?
„მასტერშეფი“ საკუთარი თავის გამოცდას მიწყობს. თუ მეგონა, რომ რაღაცებს ვერ შევძლებდი, აღმოჩნდა, რომ თურმე შემძლებია. მოკლედ, იმაზე მეტს ვიღებ ამ პროექტისგან, ვიდრე ველოდი.
საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც კამერები გამორთულია?
კადრს მიღმა ყველა ძალიან ვერთობით, ვიცინით, ვხუმრობთ. თუ სერიოზული სიტუაციაა, ვინმე დაძაბულია, მაშინვე ჩნდება ერთი, ვინც სიტუაციას განმუხტავს. ეს ხან მე ვარ, ხან სხვა. ერთხელ მე და დალი ძალიან გავერთეთ გადაღებებზე, სასაცილო ვიდოებიც გადავიღეთ. რამდენიმე მათგანი მაყურებელმაც ნახა უკვე.
სრულიად განსხვავებული სიტუაციაა მზადების პროცესში. დროის შეზღუდვა დიდ გავლენას ახდენს, უფრო დაძაბულები ვართ. წამებში გვიწევს რაღაცების მოფიქრება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ნებისყოფის გამოცდაა...
გახსოვს, პირველი კერძი როდის და რა მოამზადე?
6 წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა სახლში მარტო დამტოვეს. მაცივარში ფარში ვიპოვე და კატლეტი გავაკეთე. ეგ იყო ჩემი პირველი კერძი. მშობლებმა რომ ნახეს, ძალიან გაუხარდათ და ალბათ, მოეწონათ კიდეც. ისინი ახლა სლოვაკეთში ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, „მასტერშეფს“ უყურებენ და ხშირად ვსაუბრობთ ამაზე.
თუ „მასტერშეფის“ ჟიურის არ ჩავთვლით, შენი კერძების მთავარი შემფასებელი ვინ არის?
ამჟამად ისეთი არავინ არ არის ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ მე ვარ ჩემი თავის „კრიტიკოსი“. რაც „მასტერშეფი“ დაიწყო, გვერდიდან შევხედე ჩემს კერძებს და ძალიან კრიტიკული გავხდი. მგონი, ყველა მონაწილეს ეგ გვჭირს და არაფერი არ მოგვწონს, რასაც ვაკეთებთ.
ყველაზე უცნაური ექსპერიმენტი რა ჩაგიტარებია?
აბსოლუტურად ცარიელი მაცივრის მიუხედავად სადილი გამიკეთებია. როცა სახლში თითქმის არაფერი გაქვს, მაგრამ გინდა, რომ გემრიელად ჭამო, თავისთავად ატარებ ექსპერიმენტებს. მაგალითად, გუშინდელი პიურესგან ბურთულები შეიძლება მოამზადო და შეწვა.