„რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა“ - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული „მასტერშეფამდე“
"მასტერშეფის" მეორე სეზონი საინტერესო კონკურსანტებით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ცხოვრებისეული ისტორიებითაც გვაოცებენ.
AMBEBI.GE ამჯერად შოუს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსანტს, გაგა ვარდანიძეს გაგაცნობთ, რომელიც თავისი საკმაოდ რთული წარსულისა და პირადი ცხოვრების შესახებ გულწრფელად გვესაუბრა.
- კერძებს ბავშვობიდან ამზადებდი?
- მე და ჩემი ძმა ბებიასა და ბაბუასთან ვიზრდებოდით რაიონში. ძალიან ბევრი რამის გაკეთება მიწევდა სახლში. განსაკუთრებულად ყველის ამოყვანა მიყვარდა და სხვათაშორის, საკმაოდ კარგად გამომდიოდა. ჩვენს მეზობლად ძალიან კარგი ქალი ცხოვრობს, იზა. მასსა და ბებიასთან ერთად ხშირად ვამზადებდი კერძებს. ორივე საოცარი დიასახლისია და დღემდე რაღაცებს ვეკითხები ხოლმე.
- დედ-მამა სად იყო მაგ დროს?
- ძალიან პატარა ვიყავი, მშობლებს საზღვარგარეთ წასვლა რომ მოუწიათ. 4 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი პირველად ჩამოვიდა და თურმე, ვერ ვიცანი. იმდენად იმოქმედა მასზე, რომ თქვა, აღარ წავიდოდა და საქართველოში დარჩებოდა. ცოტა ხანს მართლა არ წასულა, მაგრამ მერე მაინც მოუხდა გამგზავრება...
ყოველთვის მაინტერესებდა, რას აკეთებდნენ ჩემი მშობლები და რა სირთულეები ხვდებოდათ, რომ ჩვენთვის არაფერი მოეკლოთ. ერთხელაც, 15 წლის ვიყავი, როცა ზაფხულის არდადეგებზე დედაჩემს ვუთხარი: მინდა მე გავაკეთო, რასაც შენ აკეთებ-მეთქი და თურქეთში წავედი, რომ მის ადგილზე მემუშავა.
ეს იყო ჩემი პირველი სამსახური: ჭურჭელს ვრეცხავდი იმ სამზარეულოში, სადაც მამაჩემი მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან რთული საქმე იყო. 12 საათიდან 12-მდე ვმუშაობდით და შესვენება მხოლოდ ნახევარი საათი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პერიოდი იყო, მაინც კარგად მახსენდება, რადგან მაქედან დაიწყო რეალურ სამზარეულოსთან ჩემი დაახლოება.
- საქართველოში როდის დაბრუნდი?
- რამდენიმე თვის შემდეგ. სწავლა გავაგრძელე. სასულიერო გიმნაზიაში ჩავაბარე, შემდეგ - უნივერსიტეტში. ჩემს მშობლებს უნდოდათ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და ის სირთულეები არ შემხვედროდა, რაც მათ შეხვდათ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი ჩემს არჩეულ პროფესიაში.
- პროფესიისთვის ბევრი რამე დათმე?
- პროფესიისთვის თავი გადავდე, კულინარია ჩემი სულის ნაწილი გახდა. ერთხელ მეგობრები მოვიდნენ ჩემთან, ზღვაზე ასვლას და კოცონის დანთებას აპირებდნენ. მე მეორე დღეს გამოცდა მქონდა, უნდა მემეცადინა და უარი ვთქვი. ყველას გაუკვირდა და რეალურად, ჩემმა იმ გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა.