ყველაზე საშიში დელიკატესები - Gemrielia.ge

ყველაზე საშიში დელიკატესები

გთავაზობთ საკვების სიას, რომელთა არსებობაზეც, შესაძლოა წარმოდგენაც არ გქონდეთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს შუბლზე მიდებული პისტოლეტის გარეშე მიირთმევენ.

სწორედ ასეთი დელიკატესია ესკამოლესი - გიგანტური შავი ჭიანჭველების კვერცხები. ეს ჭიანჭველები მექსიკაში, აგავებში სახლობენ, შხამიანები არიან და ადამიანებთან ურთიერთობაც დიდად არ უყვართ, ამიტომ ამ კვერცხების შეგროვება საკმაოდ საშიში საქმეა.

კვერცხები კონსისტენციით ხაჭოს წააგავს. მას მექსიკურ ტაკოსთან ერთად მიირთმევენ გუაკამოლეს სოუსით. გემო საკმაოდ სასიამოვნო აქვს, ამიტომ  თუ მექსიკაში რაიმე ეროვნულს კერძს მიირთმევთ, შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ, ჭიანჭველის კვერცხებიც რომ მიაყოლეთ.

კასუ მარცუ მატლებით სავსე იტალიური ცხვრის ყველია. მისი წარმოება კანონით აკრძალულია და მხოლოდ შავ ბაზარზე იშოვება. ყველს საკმაოდ უსიამოვნო სუნი აქვს და  მატლებიც ისე ხტუნაობენ, ჭამის დროს თვალების დაცვა აუცილებელია. მისი ჭამა ხშირად იწვევს ღებინებას და სისხლიან ფაღარათს.

თაგვებიან ღვინოს კორეაში და ჩინეთში მიირთმევენ. ბრინჯის ღვინოში ჯერ ისევ თვალგაუხელელ წრუწუნებს ათავსებენ და როგორც გამაჯანსაღებელ სასმელს, ისე სვამენ.

პაჩა - ერაყული დელიკატესია, უბრალოდ მოხარშული ცხვრის თავი, მაგრამ საკმაოდ უსიამოვნო შესახედი.

თუ ფილიპინებში ან კამბოჯაში მოხვდებით, შესაძლოა ბალუტი შემოგთავაზონ. ეს იხვის კვერცხია, რომელშიც წიწილაა ჩასახული, შემდეგ კი კვერცხი მოხარშეს.  სულაც არ ჟღერს მადისაღმძვრელად, ხომ მეთანხმებით?