„ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა…“ - რა გეგმები აქვს მარტა ბარამიძეს „მასტერშეფის“ შემდეგ
ქვეყნის ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" ყოველი გადაცემა მოულოდნელობებით არის სავსე. მონაწილეთა რაოდენობა განახევრდა, მაგრამ დღემდე გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს, ყოველ გადაცემას თავისი გმირი ჰყავს. წინა გადაცემის გმირი მარტა ბარამიძე აღმოჩნდა, რომელმაც ურთულესი დავალება შეასრულა და ვეგეტარიანული კუპატი მოამზადა.
რატომ დაავალა ნუცამ კუპატის მომზადება მას, რა ხდება კულისებს მიღმა, რატომ გაუზიარა იმუნიტეტი დიმუს და რა გეგმები აქვს მომავალში - ამასთან დაკავშირებით მარტა ბარამიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა:
- ბოლო გადაცემაში ვეგეტარიანული კუპატის მომზადება დაგევალა. როგორ ფიქრობ, რატომ მოგცა ნუცამ კუპატი მაინცდამაინც შენ?
- ფაქტია, რომ ნუცა კონკურენტად აღმიქვამს და ჩემი წასვლა უნდოდა. რადგან ყველაზე რთული დავალება მე მომცა, ფიქრობდა, რომ ამას თავს ვერ გავართმევდი. მართლა ურთულესი დავალება იყო ჩემთვის. მით უმეტეს, რომ კუპატი ცხოვრებაში პირველად მოვამზადე. არც კი ვჭამ. წლების წინ მქონდა ნაჭამი და იმით გავიხსენე, როგორი გემოსი უნდა ყოფილიყო.
- შოუ ძალიან დაძაბულ ეტაპზეა. როგორ უმკლავდები სტრესს?
- გადაღების დროს მართლა ძალიან დიდი დაძაბულობაა. ყველა ნერვიულობს და სტრესშია. ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩემი თავის გამხნევებაა: მიდი მარტა, კერძზე იყავი ორიენტრირებული, შენ ეს გამოგივა! ამაზე მეტად არაფერი არ მეხმარება იმ მომენტში.
- შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?
- აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი. ყოველდღე ისეთ სითბოსა და სიხარულს ვგრძნობ, იმდენი ადამიანი მწერს, რომ შოკში ვარ-ხოლმე. ქუჩაში მეხუტებიან და მეუბნებიან, რომ მგულშემატკივრობენ. ხანდახან თუ დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები, რომ ის ადამიანი მოსვლას ვერ ბედავს და ერიდება, მე მივდივარ, ვეხუტები. არაფერი არ არის მოსარიდებელი. მწერენ კიდეც, საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ. ამდენი ადამიანის მხარდაჭერა თან ძალიან მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს, მაგრამ თან ცოტა არ იყოს მანერვიულებს - არ მინდა მათ იმედები გავუცრუო.
- შენი კონკურენტები აღნიშნავენ რომ არ ელოდნენ, ასეთი ძლიერი კულინარი თუ იყავი. შენი აზრით, რატომ?
- შოუს დასაწყისში ჩემი ნერვიულობის დონე მდუღარე წყლის ტემპერატურას ჰგავდა. მერე გარემოს შევეგუე, დავმშვიდდი და ჩემი თავის გამოვლენა დავიწყე. ამის შემდეგ სითამამეც მომემატა და ალბათ, ამიტომაც გაიზარდა ჩემი კერძების ხარისხი.
- შენ თავად ვის აღიქვამ მთავარ კონკურენტად?
- არის რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ და მათთან შეჯიბრება უფრო რთულია. მაგალითად, ნუცა საფრანგეთში მუშაობდა, გაგა შეფმზარეულია და თავიანთ ტექნიკებს იყენებენ. თუმცა "მასტერშეფში" ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეუძლებელია იმის ვარაუდი, რომელ გადაცემაში ვინ იქნება საუკეთესო და ვინ აღმოჩნდება სუსტი.