როგორ დავიკლოთ ახალ წელს მომატებული კილოგრამები და რა პროდუქტები აქვეითებს მადას - ლაშა უჩავას რჩევები
ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ, ადამიანების უმრავლესობა წონაში მომატებას უჩივის და ბევრის სურვილია, დიეტა რაც შეიძლება მალე დაიცვას, რომ სწრაფად გათავისუფლდეს "აკრეფილი" კალორიებისგან. ასეთ დროს უმეტესობა ექიმსაც მიმართავს.
ექიმს ჩვენც მივმართეთ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება, როგორ მოვიცილოთ ახალ წელს დაგროვილი კილოგრამები, როგორ დავიქვეითოთ შიმშილის გრძნობა და დავუბრუნდეთ ცხოვრების მშვიდ რიტმს.
"საქართველოში, როგორც ყველა დღესასწაულს, ახალ წელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ, განსხვავებული და მრავალფეროვანია კერძები. საახალწლო სუფრა გაჯერებულია ნიგვზიანი, ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი პროდუქტებით. ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ საახალწლო დღეებში 4-5 კილოგრამს იმატებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ ზომიერებას, მაგრამ თუ ამას ვერ ვახერხებთ, გავაკეთოთ განტვირთვის დღეები, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ და არ დარჩეს მიღებული ცხიმები და კალორიები ჩვენს ორგანიზმში.
საერთოდ, რაც უფრო მეტს ვჭამთ, მეტად გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც ცნობილია, რომ მადას უფრო აღვივებს. შესაბამისად, მოთხოვნილება საკვებისადმი იზრდება.
ორგანიზმში ინსულინის დასაქვეითებელი ქიმიური პრეპარატები არსებობს, თუმცა არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ინსულინის დონეს აქვეითებს, რაც მადის დაქვეითებაზეც მოქმედებს. ისინი არა მარტო დღესასწაულების შემდგომ პერიოდში უნდა მივიღოთ, ჩვეულებრივ დღეებშიც.
ასეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი საშუალებაა დარიჩინი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცელულოზას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას და პერესტალტიკაზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, დარიჩინს აქვს ბევრი დადებითი თვისება: ამცირებს ინსულინის გამომუშავებას, ასევე მოქმედებს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებაზე და ორგანიზმში ხელს უშლის ცხიმის წარმოქმნას, ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიც არის ინფარქტი, ინსულტი და დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ასევე აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.
- რა ფორმით უნდა მივიღოთ დარიჩინი - ჩხირები ჩაიში ჩავაგდოთ, თუ დაფქვილი ამა თუ იმ საკვებს მოვაყაროთ?
- ორივენაირად შეიძლება. რაც მთავარია, არომატულია და მისი ყავაზე ზემოდან მოყრა არ არის ურიგო. შეგვიძლია, დარიჩინს დავასხათ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ დამატკბობლად ნატურალური თაფლი. მიღებული სითხე ლიმნის წვენით გავაჯეროთ, რომ არომატიც მივცეთ. ასევე მნიშვნელოვანია ასეთი კომბინაციაც: ჩაი დარიჩინით, ჯანჯაფილით, ანუ იგივე კოჭათი და ნატურალური თაფლით. მადას ესეც აქვეითებს, რადგანაც ვიცით, ჯანჯაფილს მადის დამაქვეითებელი ეფექტი აქვს, ამასთან, ჯანჯაფილს აქვს უნარი, ორგანიზმს ენერგია იმისთვის შეჰმატოს, რომ თავი სუსტად არ ვიგრძნოთ.
- თუმცა ცნობილია, რომ ჯანჯაფილი კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. რა რაოდენობით უნდა მივიღოთ, ეს რომ არ მოხდეს?
- ჩაიში, ნაყენის სახით უნდა გამოვიყენოთ და არა საკვებ პროდუქტებში. შესაძლებელია 2 ნაჭერი, თხლად დაჭრილი ჯანჯაფილი ერთ ულუფა ჩაიში. მოვათავსებთ ჭიქაში, დავასხამთ წყალს, ჩავაგდებთ დარიჩინის ჩხირს და მის ნაყენს, როგორც ჩაის მივიღებთ. ჩაიში ნაყენსაც შეიძლება დარიჩინი და ჯანჯაფილი იგივე რაოდენობით დავუმატოთ და ასეთი სახით დღის განმავლობაში 1-2 ფინჯანი მივიღოთ.
- ჯანჯაფილის გარდა კიდევ რა პროდუქტს აქვს იგივე ეფექტი?
- ასეთი ბევრი პროდუქტია, მათ შორის, შეგვიძლია განვიხილოთ ყავა. დღეში 2 ფინჯანი უშაქრო ყავა მადის დაქვეითებაში გვეხმარება, ასევე კვლევებით დადგენილია, რომ ის 30 %-ით მეტაბოლიზმს აჩქარებს, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას და უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმში, სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ეს დიეტის დროს, სწორი კვებისას მნიშვნელოვანია. განაგრძეთ კითხვა...