პრაქტიკული რჩევები ცხობისთვის ქართველი კულინარისგან - Gemrielia.ge

პრაქტიკული რჩევები ცხობისთვის ქართველი კულინარისგან

კულინარია განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ჩვენს ქვეყანაში მისი ღრმა ფესვების შესახებ ყველამ ვიცით. ზოგს გამოსდის გემრიელად კეთება, ზოგს ნაკლებად. განსაკუთრებით რთულია საკონდიტრო სფერო. ნამცხვრებისა და ტორტების გამოცხობა ბევრს იმდენად რთული ჰგონია, რომ ხშირად თავსაც კი იკავებს მათი მომზადებისგან.

 


ცხობის ნიჭით არავინ არ იბადება. მთავარი საიდუმლო მომზადების სწორი ტექნიკისა და ხრიკების ცოდნაა. თავის გამოცდილებას მოყვარული კულინარი და Gemrielia.ge-ის ერთგული მომხმარებელი თამო მეფიშვილი გვიზიარებს.

 


1.    მეორე შანსი


ერთი წელია, რაც კულინარიით დავინტერესდი და მზადება ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რა თქმა უნდა, არაერთხელ დამიშვია შეცდომა. იშვითია, რომ პირველივე ჯერზე საუკეთესოდ გამოგივიდეს რამე, მაგრამ #1 რჩევაა, რომ ყოველთვის სცადე მეორედ!

 


2.    ბეზე განაჩენი არ არის!


ქათქათა ბეზე ტორტის უმნიშვნელოვანესი დეტალია. იმისათვის, რომ ბეზე თოვლივით თეთრი და მშრალი გამოვიდეს, რამდენიმე წესს გეტყვით, რომლებიც აუცილებლად, უნდა დაიცვათ:

 


•    ნაბიჯი 1


კარგად გაამშრალეთ ემალის ჯამი და მიქსერის ჩხირები. ოდნავი სისველე და ცხიმიც კი არ უნდა შეყვეს.


•    ნაბიჯი 2


4 კვერცხის ცილა ათქვიფეთ ღრუბელივით მასის მიღებამდე. ჯამს რომ გადმოაბრუნებთ კედლებს არ უნდა მოსცილდეს.

 


•    ნაბიჯი 3


1,5 ჭიქა შაქარი შეათქვიფეთ კვერცხის მასას, ოღონდ ძალიან ნელა, შუალედებით. დაუმატეთ ვანილი და მწიკვი ლიმონის მჟავა.


•    ნაბიჯი 4


ქვაბში აადუღეთ წყალი, ზედ შემოდგით მომზადებული ბეზე და გააჩერეთ 10-15 წთ-ის განმავლობაში, თან არ შეწყვიტოთ თქვეფა.


•    ნაბიჯი 5


საცხობ ფორმაზე დააფინეთ ქაღალდი, მოაყარეთ ფქვილი და მომზადებული ბეზე ლამაზ ფორმებად დასვით.

 


•    ნაბიჯი 6


გაახურეთ ღუმელი 80-100° ზე და შედგით ბეზეები გამოსაცხობად. თუ შეატყობთ, რომ ოქროსფერს იღებს, ტემპერატურას დაუწიეთ. ღუმელის კარი ოდნავ შეაღეთ  და ცხობა გააგრძელეთ 2-3 საათით, მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.


შენიშვნა: თუკი ბეზეს ნამცხვრისთვის აკეთებთ და არა ტორტისთვის, ორთქლის აბაზანაზე მოხარშვა და ლიმონმჟავის დამატება არ სჭირდება. ნამცხვრის ბეზეს ღია ყავისფერი გადაკრავს და უფრო ხრაშუნაა.


3.    „რა ხილია“ გამაფხვიერებელი?

 


ხშირად მეკითხებიან, რა არის გამაფხვიერებელი და რისთვის გამოიყენება. გამაფხვიერებელი ფხვნილი ცომს აფუებს. ფაქტობრივად, სოდის გაუმჯობესებული ვარიანტია. ბისკვიტის მომზადებისას ხშირად ვიყენებ გამაფხვიერებელს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი ჩანაცვლება მარტივად შეიძლება სოდით, ძმრითა და ლიმონის წვენი შემდეგნაირად: სოდა + ძმარი ან სოდა + ლიმონის წვენი.

 


4.    საცხობი ქაღალდი, თუ ცხიმი?


გამომცხვარი ბისკვიტი ფორმიდან მარტივად რომ ამოვიღოთ, საცხობი ქაღალდი და ცხიმი გამოიყენება. საცხობი ქაღალდი ამ დროს (განსაკუთრებით, ტორტის ბისკვიტის ცხობისას) მეტად ეფექტურია, ცხიმი კი ყოველთვის ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ბისკვიტის მასა საცხობი ფორმის ზედაპირს არ მიეკვრება.

 


რა თქმა უნდა, არის დესერტები, რომლებშიც მხოლოდ ცხიმს თუ გამოვიყენებთ. მაგალითად, კექსის გამოცხობისას ფორმას ყოველთვის ცხიმს ვუსვამ.

 

 


5.    კარაქის სამი ელფერი

 


თუკი ხშირად ფიქრობთ იმაზე, კარაქი რა ფორმით გამოიყენოთ დესერტებში - გაყინული, ოთახის ტემპერატურის, თუ გამდნარი - თქვენ მარტო არ ხართ. თითქოს, წარმოუდგენელია, მაგრამ ერთი და იგივე ინგრედიენტი სხვადასხვა მდგომარეობაში აბსულუტურად განსხვავებულ გემოს, არომატსა და კონსისტენციას იძლევა.

 


გაყინული კარაქი, ძირითადად, ფხვიერი ცომის მომზადებისას გამოიყენება. ოთახის ტემპერატურის - ნამცხვრებში, ორთქლის აბაზანაზე გამდნარი კი - ხილის ღვეზელებში.

 

 

რა თქმა უნდა,  რეცეპტის გარეშე არ დაგტოვებთ და შოკოლადის ნამცხვრის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც საოცრად ჰაეროვანი და ჩემი უპირობო ფავორიტია.


მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


•    კვერცხი 2ც
•    რძე 280 მლ 
•    შაქარი 300 გრ
•    ფქვილი 250 გრ
•    მარილი1ჩ/კ
•    სოდა 1, 5 ჩ/ კ
•    ზეთი 60 გრ
•    კარაქი 60გრ
•    კაკაო 55 გრ
•    ძმარი 1, 5 ჩ/ კ

 

მინანქრისთვის:


•    კაკაო 4ს/კ
•    შაქარი 4ს/კ
•    წყალი 5ს/კ
•    კარაქი 50 გრ
•    ზეთი 1ს/კ 

 

კრემი - სურვილისამებრ. შეგიძლიათ, კრემის გარეშე მოამზადოთ. მე ნაღების კრემს ვიყენებ.

 

 

მომზადების წესი:

 


კარაქი გაადნეთ, ცალკე თასში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები: ფქვილი და კაკაო, შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ზეთი, რძე, შემდეგ სოდა და მარილი. ეს ყველაფერი გავთქვიფოდ, შემდეგ ვუმატებთ კარაქს, ბოლოს კი ძმარს. მასა იქნება თხელი, რომელიც 24 სმ საცხობ ფორმაში უნდა მოვათავსოთ და 150 გრადუსზე 45 წთ-ის განმავლობაში მოვამზადოთ. 

 


ბისკვიტი არის საოცრად ნაზი და ფუმფულა. ჩხირებით ყველგან დავჩხვლიტოთ, რომ გლაზური კარგად გადანაწილდეს.
ვამზადებთ გლაზურს მოცემული ინგრედიენტებით. როცა მოამზადებთ, ბოლოს დაუმატეთ ზეთი, მინანქარი ბევრად უფრო პრიალა გამოვა.

 


მოსართავად ნაღების კრემი გამოვიყენე, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. უბრალოდ, კარგად გათქვიფეთ 300 გრ ცივი ნაღები და 60 გრ შაქრის პუდრი გავთქვიფე და მოვრთე . ბოლოს კაკაო მოვაყარე.

 


გემრიელად მიირთვით!