„ჩვენთან ბაქლავის გარეშე არ ჩაივლის ქორწილი“ - აჭარული ტრადიციები აჭარელი დიასახლისისგან (+2 რეცეპტი) - Gemrielia.ge

„ჩვენთან ბაქლავის გარეშე არ ჩაივლის ქორწილი“ - აჭარული ტრადიციები აჭარელი დიასახლისისგან (+2 რეცეპტი)


კულინარია ძალიან მიყვარს. მეტიც, ბავშვობიდან მიყვარდა. მაგ მხრივ დედას ვგავარ. ის ხულოს რაიონში აღიარებული და სახელგანთქმული შეფმზარეული იყო. მაშინ „პოვარს“ ეძახდნენ, ოღონდ. ქორწილი თუ ტირილი დედას გარეშე არ ჩაივლიდა, ძალიან კარგ საჭმელებსა და ნამცხვრებს აკეთებდა.

 


ზემო აჭარიდან ვარ. გურიაში გავთხოვდი. მაშინ იქ ძალიან ცუდი პირობები იყო, მზარეულობისთვის ვიღას ეცალა! მთელი დღე გარეთ ვიყავით გასული... მერე ბიზნესში ჩავებით და საცხოვრებლად ბათუმში გადმოვედით. ახლა ნაკლებად დაკავებული ვარ და სახლისა და სამზარეულოსთვის უფრო ვიცლი.

 

2 წლის წინ იმდენად დავინტერესდი კულინარიით, რომ სამზარეულოში ტრიალი და ექსპერიმენტების ჩატარება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ყოველდღე იმაზე ვფიქრობ, რომ საუკეთესო კერძითა და დესერტით გავუმასპინძლდე ჩემი ოჯახის წევრებს. მათ რომ მოსწონთ, მეც ბედნიერი ვარ.

 


ერთხელაც მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემების გაოცება არ მყოფნიდა და სხვებისთვისაც მომინდა რეცეპტებისა და გამოცდილების გაზიარება. სოციალურ ქსელში რამდენიმე ჯგუფში გავწევრიანდი, მათ შორის, Gemrielia.ge-ის ჯგუფში. აქ იმდენი საინტერესო რეცეპტი იდება, მეც ძალიან  ბევრ რამეს ვსწავლობ. ამას გარდა, ბევრი კარგი და თბილი მეგობარი შევიძინე. იმდენად კარგი, რომ ცოტა ხნით თუ არ გამოვჩნდები ჯგუფში, მწერენ და კითხულობენ ჩემს ამბავს, რამე პრობლემა ხომ არ მაქვს. ბევრი ადამიანი მწერს პირადში და მადლობას მიხდის, მიგზავნის ფოტოებს, შენი რეცეპტით მოვამზადე და ძალიან მომეწონაო. მეც ბედნიერი ვარ ამით.

 


ჩემი მშობლიური კუთხე ძალიან მიყვარს. ხშირად ვამზადებ აჭარულ კერძებს. ახლა მინდა ჩვენი ერთი საქორწილო ტრადიციის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც, შეიძლება, ყველამ არ იცოდეს.

 


ჩვენთან ბაქლავის გარეშე არ ჩაივლის ქორწილი. ერთი ასეთი წესია: ქორწილის დღეს პატარძლის დედ-მამა დედოფალს სადილს მიართმევს: კალათებში ლამაზად ალაგებენ ბაქლავასა და შაქარლამას.

 


ორ ცალ შაქარლამას განსხვავებულს აკეთებენ, რომლებშიც პატარძლის მშობლები 100-დოლარიანს დებენ. თუ მეტის საშუალება აქვთ, მანქანის ან ბინის გასაღებს ათავსებენ და ქორწილში მეფე-დედოფალს სიურპრიზს უკეთებენ.

 


წყვილი თითო-თითო შაქარლამას იღებს. რომელიც იღბლიანი აღმოჩნდება, საჩუქარს ნახავს და ყველა ბედნიერია. ეს პატარა ტრადიცია კიდევ უფრო ალამაზებს საქორწინო ცერემონიალს.

 


ტრადიციას არ დავარღვევ და ნამდვილი აჭარული შაქარლამისა და ბაქლავის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლებიც იმედს არასოდეს გაგიცრუებთ.
 

 

აჭარული შაქარლამა (ცხობის გარეშე)

 


•    ბრინჯი 1კგ
•    800გ შაქრის პუდრა
•    500გ კარაქი
•    ვანილი

 

 

მომზადება:

 


ბრინჯი გავრეცხოთ, გავშალოთ, გავაშროთ. შემდეგ დავფქვათ შაქრის საფქვავში და გავცრათ მჭადის ფქვილის საცერში ან შეგიძლიათ დააფქვევინოთ და მზა შეიძინოთ.

 


აიღეთ 1 კგ დაფქული და გაცრილი ბრინჯი. დაუმატეთ 800 გ შაქრის პუდრა. 500 გ კარაქი  ავთქვიფოთ მიქსერით შაქართან ერთად, დავამატოთ ვანილი. ეს ყველაფერი დავზილოთ ხელით. ცოტა დიდხანს უნდა ზელა. ასე არის გამონათქვამი: ხელში უნდა გამოცხვესო. შემდეგ ჩავდოთ  „ტარტალეტკის“  ფორმაში და შევინახოთ გრილ ადგილას 24 საათით. გადმოვიტანოთ ფორმიდან ფრთხილად და მივირთვათ.

 

 

ბაქლავა

 

ცომი

 


•    კვერცხი - 3 ცალი
•    შაქარი - 1 სკ
•    არაყი - 2 სკ
•    მწიკვი მარილი
•    ზეთი - 2 სკ
•    წყალი - 3 ჭიქა
•    ფქვილი (რამდენსაც შეიზელს)

 

 

3 კვერცხი გავთქვიფოთ ხელით, დავამატოთ 1 სკ შაქარი, 2 სკ არაყი, ცოტა მარილი, 2 სკ ზეთი, 3 ჭიქა თბილი წყალი ავურიოთ კარგად, დავამატოთ უმაღლესი ხარისხის ფქვილი, რასაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს ნაზი და ხელზე არ უნდა გვეკრებოდეს. ვზილოთ ნახევარი საათით. შემდეგ დავჭრათ პატარა ბურთებად ისე, რომ 40 ცალი გამოვიდეს.

 


პატარა გუნდები გავიყვანოთ გასაბრტყელებლით. ფქვილმოყრილ ცელოფანზე დავალაგოთ ცომი სათითაოდ, გადავაფაროთ ცელოფანი და გავაჩეროთ ნახევარი საათით. შეამოწმეთ, არ დაეკრას ფენები ერთმანეთზე.

 


შიგთავსი:

 


•    თხილი ან ნიგოზი - 1 კგ
•    შაქარი - 2 ჭიქა
•    კარაქი - 500 გ

 

1 კგ თხილი ან ნიგოზი გავატაროთ ან დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ 2 ჭიქა შაქარი და კარგად ავურიოთ. გავადნოთ 500 გ კარაქი. გამოსაცხობ ფორმას ცხიმი წავუსვათ. დავიწყოთ ფენების ხელით გაყვანა, რომლისთვისაც დაგჭირდებათ ერთი ან ორი ადამიანი დამხმარე, ატრიალეთ ეს ფენა და როცა გავა გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე. ყოველ 10 ფენაზე მოაყარეთ თხილი და შემდეგ - ყოველ მეხუთე ფენაზე ბოლო მე-10 ფენას არ უნდა. ცხიმი ყველა ფენას მოასხით, მათ შორის, ბოლო ფენასაც. დაჭერით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ კარგად დაიბრაწება.

 


ბოლოს ვამზადებთ სიროფს 3 ჭიქა შაქრისა და 2 ჭიქა წყლისგან. გაციებული სიროფი მოვასხათ ცხელ ბაქლავას.

 

გემრიელად მიირთვით!
 

ავტორი: ნაირა მელაძე