5 მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ინდური სამზარეულო - ტატიანა კვეკვესკირი მკითხველის ბლოგისთვის - Gemrielia.ge

5 მიზეზი, თუ რატომ მიყვარს ინდური სამზარეულო - ტატიანა კვეკვესკირი მკითხველის ბლოგისთვის

ინდური სამზარეულო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვ და საინტერესო სამზარეულოდ ითვლება. მე პირადად მისით 2 წლის წინ, მოგზაურობის დროს დავინტერესდი. თავიდან ძალიან მეუცხოვა ქუჩის საკვები, ბევრი ზეთით რომ ამზადებდნენ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სისუფთავეს მივაქციე ყურადღება. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად,ინდურმა სამზარეულომ გამაოცა და მის მაღალ დონეში დამარწმუნა.


ყოველ ჯერზე როდესაც ინდოეთში ან ნეპალში ჩავდივარ, სიახლეებს ვეცნობი. მინდა გითხრათ რომ ინდური კერძები ნეპალური კერძებისგან განსხვავდება. ინდური  უფრო ცხარე და მრავალფეროვანია. ნეპალში ოჯახებში დილიდან საღამომდე ბრინჯი და ლობიოს წვნიანი აქვთ, ინდოეთში დესერტსაც მიირთმევენ.

 


ძალიან ბევრს ვმოგზაურობ ევროპაში, აზიაში... განსხვავებას ვეძებ ევროპულ და აზიურ რესტორნებს შორის. რომელ ქვეყანაშიც უნდა წავიდე, ინდურ რესტორნებს აუცილებლად ვსტუმრობ და ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩები. მინდა ის ცოდნა და რეცეპტები, რომლებიც მე ასე აღმაფრთოვანებს, სხვებსაც გავუზიარო, ამიტომ Gemrielia.ge-ის ჯგუფის წევრებს ხშირად ვუზიარებ რეცეპტებს ინდური სამზარეულოდან. ახლა კი გეტყვით 5 მთავარ მიზეზს, რის გამოც მიყვარს ინდური სამზარეულო.

 


1.    მსგავსება ქართულ სუნელებთან 

 


როგორც გითხარით, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის დროსაც კი ინდურ რესტორნებში ვსადილობ. ყველა ერთი პრინციპით ამზადებს - მთავარი აქცენტი სუნელებზეა. მართლაც, რესტორნის გარეთ ტრიალებს ინდური სუნელების არომაგია.
ინდურ სუნელებს ქართულს ვამსგავსებ. ჩვენც ხომ გვიყვარს არომატული სუნელები: ყვითელი ყვავილი, ძირა, ქინძი, უცხო სუნელი... და მაინც, მეგონა მეგრული აჯიკა ბომბი იყო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ინდური სუნელები ბევრად ცხარეა. ჩემი ფავორიტი სუნელი კურკუმაა, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, ინდოეთში ახალგაზრდობის ელექსირსაც კი ეძახიან.

 

 


2.    სრული იმპროვიზაციის საშუალება

 


ბავშვობიდან არ მომწონდა, რეცეპტის წიგნს რომ გადაშლიდნენ, ჯერ კარგად შეისწავლიდნენ და მერე ამზადებდნენ, ყოველთვის ჩემებურად მიყვარდა მომზადება. სამზარეულოში წესები არ უნდა იყოს, მხოლოდ იმპროვიზაცია! სწორედ ამის საშუალებას იძლევა ინდური სამზარეულო. ნებისმიერი კერძი შეგიძლია ისე მოამზადო, რომ რეცეპტების წიგნში საერთოდ არ ჩაიხედო. 

 

ამას წინათ სტუმრად ვიყავი ნეპალურ ოჯახში და კერძი მოვამზადე. ელოდნენ, რამე ქართულს გავაკეთებდი, მე კი ინდური კერძის ჩემებური ვერსია მოვამზადე. ძალიან გაუკვირდათ და თან ძალიან მოეწონათ.

 


3.    მარხვაში იდეალური კერძები

 


ინდოეთის მოსახლეობის უმეტესობა ვეგეტარიენელია, ხორცს რელიგიის გამო არ ჭამენ. დღის განმავლობაში 2-3-ჯერ იკვებებიან. ძალიან უყვართ ბურღულეული. ბოსტნეულისგან კი ამზადებენ კერძებს, მაგრამ გარნირად ბურღულეული აქვთ და საკმაოდ ნოყიერიც გამოდის.


ძალიან შემიყვარდა ოსპი და ბრინჯი. ვერ წარმოვიდგენდი, ოსპისგან ამდენნაირი განსხვავებული კერძის მომზადება თუ იყო შესაძლებელი. ბრინჯიც საოცარი გარნირია.

 


4.     უგემრიელესი ხორცის კერძები

 


ინდოეთში ყველანაირ ხორცს მირთმევენ, ნეპალში კი საქონლისა და ღორის ხორცს არ ჭამენ. საქონლის ხორცს რელიგიის გამო, ვინაიდან ძროხას თაყვანს სცემენ და რძეს, როგორც ჩვენ ნაკურთხ წყალს, ისე მიიჩნევენ. თუმცა კი მიირთმევენ თხის ხორცს, ცხვრის ხორცს, ქათამს და ა.შ.


პირველად რაც გავსინჯე, იყო Butter Chicken - ქათამი კარაქში. საცივის მსგავსი გემო აქვს და უგემრიელესია.

 


ინგრედიეინტები:

 


•    ქათმის ფილე
•    ხახვი, ნიორი, წიწაკა, კურკუმა
•    კარაქი 100 გ 
•    პომიდორი,მწვანილი ,მასალას საკმაზი 
•    თხილი ან ნიგოზი 50 გ 
•    არაჟანი 100 გ

 

მომზადება:


ქათამი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად, შევწვათ ზეთში და გადავდოთ ცალკე. ხახვი, ნიორი, წიწაკა, დაჭრილი პომიდორი, ნიგოზი და საკმაზები მოვთუშოთ ზეთში, დავაბლენდეროთ და შიგ ჩავაწყოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები.

 


მოვაყაროთ კურკუმა, დავუმატოთ არაჟანი, წამოდუღდება თუ არა, გამოვრთოთ. დავუმატოთ კარაქი და დაჭრილი მწვანილი. უგემრიელესი  კერძი მზად არის.

 

 


5.    მრავალფეროვანი დესერტები

 


განსაკუთრებით მომწონს ინდური დესერტები, უმარტივესი მოსამზადებელია. ყველაზე მეტად ლადუ მიყვარს, რომლის რეცეპტიც ჯგუფის წევრებს უკვე გავუზიარე და ახლა კი თქვენც სიამოვნებით გაგაცნობთ.

 


ინგრედიენტები:

 


•    1ჭ რძის ფხვნილი
•    200 გრ ხაჭო - ან პანირი, რომელიც ასე მზადდება: 1 ლ რძეს შეურიეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი და ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი ხაჭოს წარმოქმნას დაიწყებს, გადაწურეთ, მოათავსეთ პატარა ჯამში და ზედ სიმძიმე დაადეთ, უნდა იყოს ძალიან მშრალი. შეინახეთ მეორე დღემდე მაცივარში. გამოდის დაახლოებით 200 გ - ეს არის ინდური ყველი, რომელსაც ბევრ კერძში იყენებენ.
•    100 გ შაქრის პუდრა
•    1ჭ რძე
•    3-4 ც კარდამონი ან დაფქული 1/2 ჩკ 
•    1 ჩკ გიი ან გამდნარი კარაქი

 

მომზადება:

 


რძის ფხვნილი, გიი, კარდამონი და რძე მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ, თან ვურიოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ შესქელდება. როგორც კი გასქელდება, შევურიოთ ხაჭო და ისევ ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. გავაციოთ, შევურიოთ შაქრის პუდრა და სველი ხელებით მივცეთ მრგვალი ფორმა. შეგიძლიათ გულში მიწის თხილი ჩაუდოთ და გავაჩეროთ მაცივარში. 


გემრიელად მიირთვით!

 


ინდოეთზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, ყოველ ჯერზე ახალი აღმოჩენები მაქვს, რომელთაც ეტაპობრივად გაგიზიარებთ.

 

თქვენ თუ მოგწონთ ინდური სამზარეულო?