როგორი სამზარეულოები აქვთ ცნობილ ქართველ ტელეწამყვანებს და ვის არ უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი - Gemrielia.ge

როგორი სამზარეულოები აქვთ ცნობილ ქართველ ტელეწამყვანებს და ვის არ უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი

ტელეწამყვანები ჩვენი ოჯახის სტუმრები არიან ხოლმე, ამჯერად კი ჩვენ გავხდებით მათი სტუმრები და ცნობილი ქართველი ტელეწამყვანების სამზარეულოებს დაგათვალიერებინებთ.

 

მარიამ ვაშაძე


ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს. მათი ბინა სამ სართულზეა განთავსებული. მისაღები და სამზარეულო ერთმანეთისგან თეთრი, შემინული კარითაა გამიჯნული, თუმცა კარის გაღებისას ორივე ოთახი ერთ სივრცედ იქმნება.


 

საერთო ინტერიერისთვის თეთრი უფრო მისაღები იყო და გადავწყვიტეთ, ამ ფერის სამზარეულო გაგვეკეთებინა. მოსავლელად, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად სერიოზულ სადილებს არ ვამზადებთ, შესაბამისად, დიდი დატვირთვაც არ აქვს და არ მაწუხებს. ისე, ვანო ძალიან კარგი მზარეულია, განსხვავებული კერძების კეთება მოსწონს, მეც ვიცი რაღაცების მომზადება. ყველა აღნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის. - აღნიშნავს ტელეწამყვანი ჟურნალ „შინთან“ ინტერვიუში.

 

 

ლელა მებურიშვილი


როგორც ტელეწამყვანი „შინთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, სახლი და მათ შორის სამზარეულოც მთლიანად მისი მეუღლის გემოვნებითაა მოწყობილი:

„ბაჩო გურმანია და უყვარს საჭმლის მომზადება. ვაღიარებ, რომ ჩემზე გემრიელ კერძებს ამზადებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ინგრედიენტები მომიმზადებია, გამირეცხავს, გამითლია და მითხოვია, მას გაეკეთებინა, თუნდაც სალათა, იმიტომ, რომ ყოველთვის განსაკუთრებული გამოსდის. მგონია, რომ ზოგიერთ პროფესიაში და მათ შორის კულინარიაში, კაცები ბევრად უფრო ძლიერები არიან. რადგან მომზადება უყვარს, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ასევე მოსწონს სამზარეულოს ნივთების ყიდვაც. მისთვის საჩუქარს რომ ვეძებ, ვეუბნები ხოლმე, ვიცი, რომ შენ დიდი კოვზი ან ჩამჩა გაგიხარდება, მაგრამ ეგ როგორ გიყიდო-თქო?! (იცინის) სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ წინსაფარი ვაჩუქე.“

 

 

მანიკა ასათიანი


ტელეწამყვანის სამზარეულო მისაღებიდან მინის კედლითაა გამოყოფილი, რაც საშუალებას იძლევა ერთ სივრცეში არსებული ორი ოთახი სრულიად იზოლირებული იყოს ერთმანეთისგან.

„ჩემი იდეა იყო, რომ სამზარეულო მისაღებისგან მინის კედლით გამომეყო და თავისთავად კარიც მინის უნდა ყოფილიყო. მინის კედლის ჩარჩოები ამ ოთახის ფერებისგან განსხვავებულია. ვერცხლისფერი არაფერი მაქვს, ინტერიერი სულ კრემისფერშია გადაწყვეტილი, მაგრამ ამ ტონალობის შეტანა აქაურობას ძალიან მოუხდა. კედლის ძირითადი ნაწილი დაბურული მინითაა გაკეთებული. გამჭვირვალე მხოლოდ კარია. საერთი ჯამში, კარგი გამოვიდა, მომწონს.“

 

 

„ზოგადად, სტუდიო არ მიყვარს, ყოველთვის მირჩევნია სამზარეულო იზოლირებული იყოს და ასეც გავაკეთე. კარს ბოლომდე რომ დაკეტავ, მისაღებში არც ხმაური გამოდის და არც სუნი. თვითონ სამზარეულო მინდოდა, რომ ყოფილიყო სულ შავი, ან სულ თეთრი, მაგრამ ჩემს დას აქვს შავი და დატანჯულია, ყველა ნათითური ეტყობა, ამიტომ გავითვალისწინე რჩევა და სულ თეთრი გავაკეთე. შავი ფერი კი კაფელითა და ტექნიკით შევიტანე. რადგან ინტერიერში ვერცხლისფერიც იყო, დეტალებით, ჩაიდნითა და დანების ნაკრებით ეს ფერიც გავათამაშე,“- ამბობს ტელეწამყვანი ინტერვიუში.

 

 

დუტა სხირტლაძე

 

ძალიან ორიგინალურად არის მოწყობილი დუტა სხირტლაძისა და დიზაინერ-იუველირ მარინა ნაცვლიშვილის სამზარეულო. „არ მიყვარს კერძების მომზადება, მაგრამ თუ რამეს ვაკეთებ, გემრიელი გამომდის. დუტასაც კარგად გამოსდის ხორციანი კერძები, არაჩვეულებრივად ამზადებს თევზეულს. მე ძირითადად ვალაგებ სახლს ან ნივთებს ვაადგილებ, ვხატავ. ზოგადად ნივთების უმრავლესობა, რასაც აქ ხედავთ, ჩემი ხელით არის გაკეთებული და მოხატული. სამზარეულოს ჭაღიც მე თვითონ გავაკეთე.“ - ამბობს დიზაინერი ჟურნალ „შინთან“ ინტერვიუში.

 

 

ონისე ონიანი

საინტერესოა მსახიობ და ტელეწამყვან ონისე ონიანის სტუდიოს ტიპის ბინაც. სამზარეულოში რეტრო სტილის კარადა დგას. აქვეა განახლებული „ბუფეტი“ და მრგვალი მაგიდა. მისაღების ნაწილში კლასიკური სტილის ოთხეული, ტელევიზორი და თაროა განთავსებული, რომელზეც შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო „ეტევა“.
 

წყარო: www.shin.ge