მითია, თუ რეალობა, რომ საუზმის გამოტოვება არ შეიძლება? - Gemrielia.ge

მითია, თუ რეალობა, რომ საუზმის გამოტოვება არ შეიძლება?

წლების განმავლობაში გვარწმუნებენ, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გამოტოვებაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, წონის მომატებას, უხასიათობას, ენერგიის ნაკლებობას... კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება და ჩვენც ყოველ ჯერზე, როცა საუზმობას ვერ ვასწრებთ, სინდისი გვქენჯნის, თითქოს, საუზმის გამოტოვებით ჩვენი ორგანიზმი არ დავინდეთ და ათასგვარი დაავადებისთვის გავიმეტეთ.


ნუთუ, არ შეიძლება, გამოტოვებული საუზმე ლანჩის ან სადილობის დროს ავინაზღაუროთ? შეიძლება თუ არა საუზმის გამოტოვება - ამასთან დაკავშირებით ათასობით კვლევაა ჩატარებული, თუმცა ვერც ერთმა ვერ დაადასტურა, რომ საუზმის გამოტოვება მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში ან უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.

 


საუზმის გამოტოვება წონაში მომატებას არ ნიშნავს


მთავარი „მუქარა“ საუზმის გამოტოვების დროს წონის მომატებაა. თითქოს, მხოლოდ საუზმის გამოტოვებას შეეძლოს ჩვენთვის არასასურველი კილოგრამების მომატება და საუზმობის შემთხვევაში თავისუფლად ვიკლებდეთ.


ერთ-ერთი კვლევით გამოვლინდა, რომ წონის ცვლილება არა საუზმის გამოტოვება-არგამოტოვებაში, არამედ ადამიანის ქცევის, კვების ძველი განრიგის შეცვლაშია. კერძოდ: 52 ჭარბწონიანი ქალი 12-კვირიან წონის კლების პროგრამაში ჩასვეს. მათგან ნახევარი, ჩვეულებრივ, მიირთმევდა საუზმეს, მეორე ნახევარი - არა.

 


აღმოჩნდა, რომ ქალებმა, რომლებიც დილით საუზმობდნენ, 6.2 კგ დაიკლეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საუზმობა შეწყვიტეს - 8.9 კგ. ქალებმა კი, რომლებიც არ საუზმობდნენ - ჯერ 6 კგ, ხოლო მას შემდეგ რაც დილით საუზმობა დაიწყეს - 7.7 კგ დაიკლეს.


საუზმე - ვიტამინების წყარო, თუ მარკეტინგული კამპანია?


გვეუბნებიან, რომ საუზმობისას დიდი რაოდენობით ვიტამინებს ვიღებთ, რაც მთელი დღით ენერგიულად ყოფნაში გვეხმარება. სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა, დღის რომელ პერიოდში მივიღებთ ვიტამინებს და რაც მთავარია, ზოგადი სახელი „საუზმე“ ყველასათვის სხვადასხვაა და მხოლოდ ჯანსაღ საკვებს შეუძლია ჩვენი ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრება.

 


გასული საუკუნის 40-იან წლებში კომპანიებმა, რომლებიც მარცვლეულს აწარმოებდნენ, მთელი თავიანთი მარკეტინგული უნარები საუზმის აუცილებლობის დამტკიცებისკენ მიმართეს. აშშ-ში არაერთი კვლევა გამოქვეყნდა, ხალხს არწმუნებდნენ, რომ თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება სურდათ, აუცილებლად უნდა ესაუზმათ - რა თქმა უნდა, სწრაფად მოსამზადებელი მარცვლეულის ფაფებით. ასე რომ, თანდათანობით, მარცვლეულის მწარმოებელი კომპანიების პიარკამპანიის სლოგანი არაერთი ადამიანის ცხოვრების დევიზად იქცა და საუზმე ყოველდღიური კვების რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.


ჯანსაღი კვება


საუზმის მაღალი საკვები ღირებულება დიდწილად დამოკიდებულია მარცვლეულზე, რომელიც დიდი რაოდენობით ვიტამინს შეიცავს... ასევე შაქარსაც. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ „სწრაფი საუზმის“ მარცვლეულის ერთ შეკვრაში დღიურ ნორმაზე გაცილებით მეტი შაქარი იყო.

 


მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტკბილი საკვების მიღება ყველაზე კარგი სწორედ დილით არის. თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 200 ჭარბწონიანი ზრდასრული ადამიანი 16-დღიანი დიეტის პროგრამაში ჩასვეს. მათი ნახევარი საუზმეზე დესერტსაც მიირთმევდა, ნახევარი - არა. იმათმა, ვინც დილით დესერტსაც მიირთმევდა, 18 კგ-ზე მეტი დაიკლეს. რა თქმა უნდა, 200 ადამიანზე დაკვირვება დასკვნების განზოგადების საშუალებას ვერ მოგვცემს და ვერ ვიტყვით, რომ ყველა, ვინც საუზმეს დესერტსაც დაუმატებს, აუცილებლად დაიკლებს წონაში.


დასკვნა


უამრავი კვლევის მიუხედავად, მეცნიერები მაინც ვერ თანხმდებიან როგორი ტიპის საუზმე არის ყველაზე ჯანსაღი ან საერთოდ არსებობს თუ არა უნივერსალური საუზმე, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლო იქნება და დადებით ეფექტს მოახდენს მის ჯანმრთელობაზე, წონასა თუ განწყობაზე.

 


საბოლოოდ, მოსაზრება #1, რომ „საუზმე აუცილებელია და მისი გამოტოვება არ შეიძლება“, მეტნაკლებად მცდარად შეიძლება ჩაითვალოს. მთავარი საშუალება, რითაც უნდა განვსაზღვროთ კვების რეჟიმი, ჩვენი ორგანიზმის მოსმენაა. შედეგად, მეცნიერები ასკვნიან, რომ დილით ჭამა საუკეთესოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაღვიძებისას შიმშილის გრძნობა ეუფლებათ.


მოსაზრება #2 - „საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია“ - მცდარია, თუკი დილის შემდეგ კვების რეჟიმი ირღვევა, სადილს მთლიანად ვტოვებთ ან დღეს არაჯანსაღი საკვებით ვაგრძელებთ. ასე რომ, ასეთ დიდ პასუხისმგებლობას ნუ დავაკისრებთ საუზმეს - ის მთელ დღეს ვერ განსაზღვრავს, სწორი და ბალანსირებული კვება კი დღის ყველა პერიოდში მნიშვნელოვანია.