როდის შეიძლება წყლის დალევა - ჭამამდე, ჭამის დროს, თუ შემდეგ?
გემრიელად მიირთმევთ სადილს. ხელი წყლისკენ გაიშვირეთ და ამ დროს თქვენი მეგობრის ხმა გესმით: ხელი გაუშვი, ჭამის დროს არ შეიძლება!
„ჭამის დროს არ დალიო“, „საჭმელს წყალი არ დააყოლო“... კიდევ რამდენი მსგავსი „რჩევა“ მიგიღიათ წყლის მიღების დროსთან დაკავშირებით?
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჭამისას წყლის მიღება არ შეიძლება, დიდი ხანია ჩვენში გავრცელებულია. ამის მთავარ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ კვების დროს წყლის მიღება საჭმლის მონელებას აფერხებს. რეალურად კი პირიქითაა და არათუ აფერხებს, მეტიც - აუმჯობესებს.
საჭმლის მონელება
საჭმლის მონელების პროცესი პირში საკვების მოხვედრისთანავე იწყება. კბილები საჭმელს აქუცამცებს, ნერწყვში არსებული ფერმენტი ნახშირწყლების დაშლას იწყებს. გადაყლაპვის შემდეგ საჭმელი საყლაპავ მილში გადადის, შემდეგ - კუჭში, სადაც საჭმლის მონელების პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.
გადამუშავებული საკვები წვრილ ნაწლავში გადადის, შემდეგ - მსხვილ ნაწილავში. ბოლოს კი ორგანიზმს ტოვებს. მთელი ეს პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება.
წყალი საკმაოდ მალე, 20 წუთში შეიწოვება კუჭში და საჭმელზე გაცილებით ნაკლებ დროში ტოვებს ორგანიზმს. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა, წყალს მიირთმევთ, თუ ჩაის საკვებთან ერთად. არცერთი მათგანი ორგანიზმისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმში წყალთან ერთად მოხვედრილი საკვები „ლბება“ და საკმაოდ მალე გადამუშავდება. ამასთანავე, წყლის ჭამის დროს მიღება ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ორგანიზმი უფრო მალე ნაყრდება, როდესაც ლუკმებს შორის წყალს იღებს.