მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი აღმოვაჩინე... მარიამ შენგელიას გემრიელი ბლოგი - Gemrielia.ge

მას შემდეგ, რაც ეს პროდუქტი აღმოვაჩინე... მარიამ შენგელიას გემრიელი ბლოგი

 

არავინ იცის, ზუსტად როდის და სად დაამზადეს მაწონი პირველად, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მაწვნის ტრადიცია ანტიკური საქართველოდან მოდის. პრინციპში, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ეს პროდუქტი ერთნაირად  უყვარს დიდსა თუ პატარას.


ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მაწვნის დამზადების რეცეპტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, რადგან სწორედ ეს პროდუქტი მიიჩნეოდა კავკასიელ ხალხთა დღეგრძელობის საიდუმლოდ. ნამდვილი მაწონი მზადდება მხოლოდ ნატურალური რძისაგან და მხოლოდ მაწვნის დედოთი. სხვაგვარად მომზადებული მაწონი მაწვნად ვერ ჩაითვლება.


ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებასთან ერთად, ამ პროდუქტის შესწავლაც დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ „დღეგრძელობის საიდუმლოს“ სტატუსი სულაც არ არის გაზვიადებული. აღმოჩნდა, რომ  მაწონს  გაცილებით უკეთ ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე რძეს და ამასთან, როგორც არაპასტერიზებული, ანუ მიკროორგნიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი  პროდუქტი, ჯანმრთელობისათვის ბევრად სასარგებლოა. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ორგანიზმიდან  გამოდევნის ტოქსინებს.

 


სასარგებლო შემადგენლობის გარდა, მაწვნის უნიკალური თვისება მისი მრავალფეროვანი გამოყენებაა. თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესია, მაწონი გადაწუროთ და მას შემდეგ დაუმატოთ ნებისმიერი არომატის ინგრედიენტი. საბედნიეროდ, არც ისე დიდი ხნის წინ მაღაზიაში „სანტეს“ გაწურული მაწონი ვიპოვე და აღმოვაჩინე, რომ კლასიკურ მაწონთან შედარებით ამგვარი წესით დამზადებული მაწონი ორჯერ უფრო სასარგებლოა - ცილის მაღალი და ლაქტოზის დაბალი შემცველობის გამო.


გაწურული მაწვნის მზა სახით არსებობა გაცილებით მიმარტივებს ჯანსაღი საკვების მომზადების პროცესს და ენერგიასთან ერთად დროსაც ვზოგავ. თუკი საუზმის მომზადებას ვერ ვასწრებ, მაწონს უბრალოდ რომელიმე ხილს ვუმატებ და სულ ეს არის. საუკეთესო ვარიანტში კი წინა დღით ვამზადებ და მაცივარში ვინახავ. ეს პროდუქტი იმიტომაც მიყვარს, რომ მას თითქმის ყველა კერძში ვიყენებ და ერთნაირად გემრიელია დესერტებში, სოუსებსა და სალათებში.

 

 

როგორც აღმოჩნდა, ამ პროდუქტიც მხოლოდ მე არ ვარ „შეპყრობილი“. ცოტა ხნის წინ  „სანტემ“ სხვადასხვა მიმართულების ინფლუენსერები შეკრიბა და დაავალა, მოემზადებინათ ნებისმიერი რამ გაწურული მაწვნის გამოყენებით. საბოლოოდ,  „სანტეს“ სამზარეულოში გაჩნდა იმდენივე განსხვავებული კერძი, რამდენი მონაწილეც იყო. გებჟალია, პუდინგი, სალათა, ჩიზქეიქი - გაწურულმა მაწონმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

 

ალბათ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს სამზარეულოში, სადაც მარიამ ქურდიანი, გაგა ვარდანიძე, ბახვა ბრეგვაძე, გურამ შეროზია, ნანუკა გულია და სხვა ინფლუენსერები ერთად ამზადებენ კერძებს.

 

ჯანსაღი კვების ბლოგერებმა სალათები მოამზადეს, სადაც სოუსად გაწურული მაწონი გამოიყენეს, გურამ შეროზიამ დესერტი მოამზადა მაწვნით, მარწყვითა და ნიგვზით, ნანუკა გულუამ კი მეგრული სამზარეულო სრულიად ამოატრიალა და ელარჯის ახალი ვერსია შემოგვთავაზა.

 

 

ახლა კი ჩემი საყვარელი საუზმისა და სალათის რეცეპტს გიზიარებთ გაწურული მაწვნის გამოყენებით :


საუზმე:

 

 

 

ინგრედიენტები:

 

გაწურული მაწონი - 245 გ
სელის თესლი - ½ ს/კ
ჩიას თესლი -  ½ ს/კ
მიწის თხილის კარაქი
სასურველი ხილი -  175 გ
გრანოლა - 2 ს/კ
თაფლი - გემოვნებით
ქოქოსის ფანტელები


მომზადება:


მოათავსეთ მაწონი თასში, დაუმატეთ ჩიას და სელის თესლი, გრანოლა, მიწის თხილის კარაქი. აურიეთ ნაზად, ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ხილი, ქოქოსის ფანტელები და სულ ბოლოს თაფლი. 

 

 

 

კიტრის სალათა მაწვნით

 

 

ინგრედიენტები:

 

გაწურული მაწონი -125 გ
ვაშლის ძმარი - 2 ს/კ
დაჭრილი ოხრახუში - გემოვნებით
დაჭრილი კიტრი - 2 ცალი
დაჭრილი წითელი ხახვი - 1 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებთ

 

მომზადება:


ბოსტნეული დაჭერით კუბებად და მოასხით ვაშლის ძმარი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სულ ბოლოს კი - მაწონი. აურიეთ ნაზად და გემრიელად მიირთვით!