გაიცანით მეგობრების წყვილი, რომელმაც სამზარეულო შუა ტყეში მოაწყო
გაიცანით მეგობრების წყვილი, რომელმაც სამზარეულო შუა ტყეში მოაწყო

თუკი ხშირად უყურებთ კულინარიულ ვიდეოებს, აუცილებლად შეგხვდებოდათ ახალი გვერდი Geo Wild Kitchen – ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ბუნებაში, პირდაპირ ცეცხლზე ამზადებს საჭმელს და ამას საოცრად დახვეწილად აკეთებს.


ნაზიბროლა ნიქაბაძემ და აჩი გლურჯიძემ რამდენიმე თვის წინ ატვირთეს პირველი ვიდეო, თუმცა გურმანთა ვიწრო წრეში უკვე კარგად იცნობენ, ამიტომ Gemrielia.ge-მ გადაწყვიტა ისინი უფრო ახლოს გაეცნო.

 


მოგვიყევით, ვინ ხართ და აქამდე თუ გქონიათ შეხება კულინარიასთან?


ნაზიბროლა: ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი კულინარიით სამზარეულოში ყოველთვის ვეხმარებოდი უფროსებს, მაგრამ სულ სხვა მიმართულებით ავირჩიე პროფესია. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ კულინარია არის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს და ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყე მისი ძირფესვიანად შესწავლა.


აჩი: პროფესიით ბარისტა ვარ და 6 წელია ჩემი პროფესიით ვმუშაობ. ბავშვობიდან მიყვარდა საჭმელების კეთება და სამზარეულოში ტრიალი. მეც და ნაზიც აქტიურად ვადევნებთ თვალს კულინარიულ გადაცემებს. 

 


როგორ გაჩნდა ბუნებაში მომზადებისა და ვიდეობის გადაღების იდეა?


აჩი: მე და ნაზი დიდი ხანია ვმეგობრობთ და იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს კულინარია, ძირითადად სულ საჭმელზე გვიწევდა ლაპარაკი. Geo Wild Kitchen-ის შექმნის იდეაც ჩვენს ხშირ დიალოგებს მოჰყვა. თავდაპირველად, ეს იდეა ჩემს მეუღლეს დაებადა, გვირჩია, რომ მე და ნაზის ამ მიმართულებით რამე ისეთი შეგვექმნა, რაც სოციალურ მედიაში ინტერესს გამოიწვევდა.


გამომდინარე იქიდან, რომ სახსრები მცირე იყო და არც კუთხე არ გვქონდა, სადაც ამ ყველაფერს განვახორციელებდით, ყველაზე კარგი ვარიანტი ბუნება იყო, რომელიც, მოგეხსენებათ, საკმაოდ შთამბეჭდავი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. 

 


რა გამოწვევების წინაშე დადექით?


აჩი: საკმაოდ რთული იყო პირველი გადაღება. თავიდან ძალიან ვწვალობდით, რადგან არც მე და არც ნაზის აქამდე კამერასთან არ გვიმუშავია. თან რთულია ერთდროულად საჭმლის კეთება და ვიდეოს გადაღება. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ცეცხლი - სულ სხვაა მოამზადო გაზქურასთან და მოამზადო ცეცხლზე. ჩვენს გადაღებულ ვიდეოებს ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებთ, ყოველი ახალი ვიდეოდან რაღაცას ვსწავლობთ და ვცდილობთ შემდეგში იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ.


პროფესიონალი ოპერატორის მომსახურება ძალიან ძვირია, რაც ჩვენს სახსრებს აღემატებოდა, მაგრამ გამოჩნდა ორი კეთილი ადამიანი (დათო გოგოტიშვილი და ლევან მაღლაკელიძე), რომლებიც უანგაროდ გვეხმარებიან იქამდე, სანამ დაფინანსებას მოვიპოვებთ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. 

 


რეცეპტებს თქვენ იგონებთ ხოლმე?


ნაზი: თავდაპირველად, გვინდოდა მხოლოდ ქართული სამზარეულოდან გაგვეკეთებინა საჭმელი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ ყველაფერი გაგვეკეთებინა, რაც გემრიელი გამოგვივიდოდა. ძირითადად, ჩვენი ინტერპრეტაციით ვაკეთებთ ან რამე მივიწყებულის გახსენებით შემოვიფარგლებით ხოლმე. გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენი კონტენტი მაყურებლის გემოვნებას.


სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


აჩი: გვინდა განვავითაროთ და უფრო მასშტაბური გავხადოთ ბლოგი. ასევე, გვსურს, რომ ტურისტულ სეგმენტსაც მოვარგოთ, მაგრამ ცოტა რთულია ამ ყველაფერს საკუთარი სახსრებით გავწვდეთ. ამიტომ ვეძებთ სპონსორებს, მეტი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს უკეთესი პროდუქტი შევთავაზოთ მაყურებელს.
 

მასალის გამოყენების პირობები
2 მარტი, 2020 12:28 p.m.
ნანახია: 516