რა უნდა მოვიმარაგოთ წინასწარ, თუკი კარანტინში ყოფნა მოგვიწევს
რა უნდა მოვიმარაგოთ წინასწარ, თუკი კარანტინში ყოფნა მოგვიწევს

კორონავირუსის საფრთხის გამო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ (ჩინეთი, იტალია) კარანტინი გამოაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რისკჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს და მათ, ვისაც ამ ადამიანებთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციის რეკომენდაციას აძლევს.


იძულებითი თუ ნებაყოფლობით კარანტინს მომზადებულები რომ შევხვდეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით შევადგინეთ იმ პროდუქტების სია, რომლებიც წინასწარ უნდა მოვიმარაგოთ, თუკი კარანტინში ყოფნა მოგვიწევს.

 


საკვები პროდუქტები


მოიმარაგეთ იმ რაოდენობის საკვები, რომ ერთ ადამიანს, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში ეყოს. თავი შეიკავეთ მალფუჭებადი საკვების შეძენისგან. მოიმარაგეთ ბურღულეული, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, ლობიო.


კარანტინის დროს მოსახერხებელია კონსერვების შეძენაც, რომელთა ვადა 1 წელზე მეტია. არც ყავისა და შოკოლადის მომარაგება დაგავიწყდეთ. ეს უკანასკნელი განწყობის გაუმჯობესებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. 


 

ჰიგიენური საშუალებები


მოიმარაგეთ საკმარისი რაოდენობის ჰიგიენური საშუალებები, მინიმუმ, 2 კვირა რომ გეყოთ: საპონი, ანტიბაქტერიული ხსნარი, ხელსახოცები და სხვ.


მთავარ რეკომენდაციად კვლავ ხელების ხშირი დაბანა რჩება, კარანტინის დროს კი დიდი რაოდენობით საპონი დაგჭირდებათ.


 

მედიკამენტები


მოიმარაგეთ საჭირო წამლები ისე, რომ, სულ მცირე, 30 დღე გეყოთ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ის წამლები, რომლებიც რეგულარულად გჭირდებათ ხოლმე, არამედ ისინიც, რომლებიც მოულოდნელად შეიძლება დაგჭირდეთ ალერგიის, ტემპერატურისა თუ დიარეის დროს.


ასევე არ დაგავიწყდეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთების შეძენა, როგორიცაა: კონტაქტური ლინზები და მათი სპეციალური ხსნარი, გამაყუჩებლები, ვიტამინები და სხვ.

 


პირველადი დახმარების ნივთები


ყველანაირი შემთხვევისთვის მზად რომ იყოთ, საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ გირჩევთ პირველადი დახმარების ნივთები მოიმარაგოთ: სამედიცინო ხელთათმანები, პლასტირები, სახვევები, ელასტიური დოლბანდი, მაკრატელი, პინცეტი და სხვ.


 

სასმელი წყალი


ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ყველანაირი შემთხვევისთვის მზად იყვნენ და სასმელი წყალიც მოიმარაგონ იმ შემთხვევისთვის, თუკი რაიმე მიზეზით წყალი დაბინძურდება ან მიწოდება შეწყდება.


ერთ ადამიანზე დღეში, სულ მცირე, 1 ბოთლი წყალი ივარაუდება.

 


ფსიქიკური ჯანმრთელობა და გონებრივი განვითარება


კარანტინის დროს ბავშვების სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება და გონებრივი განვითარების ხელშეწყობაა საჭირო. დარწმუნდით, რომ საბავშვო ლიტერატურა და სამაგიდო, გონების სავარჯიშო თამაშები გაქვთ სახლში და თუ არ გაქვთ, გირჩევთ მოიმარაგოთ.

წყარო: businessinsider.com

მასალის გამოყენების პირობები
11 მარტი, 2020 03:25 p.m.
ნანახია: 12352