არ შეღებოთ კვერცხები ამ საღებავით, თორემ... - რომელ საღებავებს უნდა ვუფრთხილდეთ - Gemrielia.ge

არ შეღებოთ კვერცხები ამ საღებავით, თორემ... - რომელ საღებავებს უნდა ვუფრთხილდეთ

სააღდგომოდ კვერცხების შეღებვა უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად კვერცხებს მხოლოდ წითლად ღებავდნენ, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფერის კვერცხებიც გამოჩნდა. ამბობენ, რომ თითოეულ ფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგალითად, წითელი კვერცხი ცხოვრების განახლების, აღდგომის სიმბოლოა, ყვითელი - ზეციური მადლის, ცისფერი - ჯანმრთელობისა და სიწმინდის...


კვერცხის შესაღებად რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე გავრცელებული მეთოდი კვერცხის შესაღებად ენდროს ფესვების გამოყენება, რომლებიც მიმზიდველ წითელ ფერს ანიჭებს კვერცხებს.

 


სხვადასხვა ფერის მისაღებად ბუნებრივი და ქიმიური საღებავები გამოიყენება. ბუნებრივ საღებავად ხახვის ნაფცქვენი, ჭარხალი, ისპანახი და სხვა საკვები პროდუქტები გამოიყენება. ქიმიური საღებავების უმრავლესობა კი ჯანმრთელობისთვის საშიშ ქიმიკატებს შეიცავს, რაც ადამიანის მოწამვლის მიზეზი ხდება ხოლმე.


როგორ ავირიდოთ თავიდან საღებავით მოწამვლა?


პირველ ყოვლისა, მოერიდეთ გატეხილი თუ გაბზარული კვერცხის ჭამას, თუნდაც ნატურალური საღებავი გქონდეთ გამოყენებული.


არ მიირთვათ კვერცხი, რომელიც ქიმიური საღებავით გაქვთ შეღებილი და დეკორაციისთვის იყენებდით. მით უმეტეს, თუ დიდხანს გქონდათ ოთახის ტემპერატურაზე არასასურველ პირობებში.


ზოგიერთი საღებავი ალერგიას იწვევს. ალერგიული რეაქცია შეიძლება შეღებილ კვერცხთან შეხებამაც კი გამოიწვიოს, ასე რომ, თუკი მაინც ქიმიური საღებავის გამოყენებას გადაწყვეტთ (თუნდაც დეკორაციის შექმნის მიზნით), კარგად წაიკითხეთ საღებავის შემადგენლობა და გამოყენების ინსტრუქცია.

 


წითელი ფერის მისაღებად ხშირად იყენებენ კარმოაზინს, რომელიც ხშირად E122-ით არის აღნიშნული. ასევე წითელი საღებავია E124, E127, E129. ეს საღებავი საეჭვო დანამატების სიაში შედის, რაც ალერგიას, ბავშვებში ჰიპერაქტიურობას იწვევს. ასევე წითელი ფერის საღებავია ტარტრაზინი (E102). ხშირად გვხვდება საღებავებში შემდეგი ემულგატორებიც:


•    E110 - ფორთოხლისფერის მისაღებად


•    E142 და E143 - მწვანე ფერის მისაღებად


•    E131 - ლურჯი ფერის მისაღებად, რომელიც ალერგიასთან ერთად კუჭ-ნაწლავის პრობლემებსაც იწვევს.


როგორ შევღებოთ კვერცხები უსაფრთხოდ?


•    დაიბანეთ ხელები ყოველ ჯერზე, სანამ კვერცხებს შეეხებით (მომზადების, გაგრილებისა, თუ შეღებვის დროს);


•    თუკი კვერცხების შეღებვას მათი მოხარშვის შემდეგ აპირებთ, შეინახეთ მაცივარში;

 


•    არ შეღებოთ კვერცხი, რომელიც დაზიანებულია (თუნდაც, მცირედით გაბზარული);


•    წითელი ფერის მისაღებად გამოიყენეთ ნატურალური საღებავი, როგორიც არის ენდრო. უპირატესობა მიანიჭეთ ენდროს ფესვებს და არა დაფქულს.


•    თუკი ფერადი კვერცხები გსურთ, გამოიყენეთ ბუნებრივი საღებავები, როგორიცაა: ხახვის ნაფცქვენი, სტაფილო, ისპანახი, წითელი კომბოსტო, ყავა, კურკუმა და სხვ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი