გაიცანით 22 წლის ფუდბლოგერი, რომლის რეცეპტები და იუმორისტული გახმოვანება სახლში ყოფნის დღეებს გაგიხალისებთ
თვითიზოლაციის პერიოდში გართობასა და თავის შექცევას ყველა თავისებურად ცდილობს. ყველაზე კარგი და სასიამოვნო საქმიანობა სამზარეულოში ტრიალი აღმოჩნდა. Gemrielia.ge-ის ჯგუფშიც გამოჩნდნენ ახალი წევრები, რომლებიც საოცარ რეცეპტებს გვიზიარებენ.
ამჯერად გაგაცნობთ 22 წლის გიორგი კოხრეიძეს, რომელმაც ორი წლის წინ შექმნა გვერდი „მოხრაკული TV“ და თავის გამომწერებს საინტერესო, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიან, მარტივ ვიდეორეცეპტებს უზიარებს. ვიდეოში მომზადების წესის გარდა ხუმრობებსაც მოისმენთ, რაც მზადების პროცესს უფრო გაგიხალისებთ.
- პირველ რიგში გკითხავ, როგორ ატარებ დროს თვითიზოლაციაში?
- თავისუფალი დროის დიდ ნაწილს კულინარიასა და გადაღებებს ვუთმობ. ალბათ, გავგიჟდებოდი, კულინარია რომ არ ყოფილიყო. იდეალური გამოსავალია, როცა ბევრი დრო გაქვს და არ იცი, რა აკეთო.
- პირველად რა მოამზადე და როგორი გამოვიდა, გახსოვს?
- ჩემი პირველი კერძი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ კარგად მახსოვს, ჩემი პირველი ხორცის რულეტი რომ მოვამზადე, ძალიან ვნერვიულობდი. ვერ ვიტყვი რომ იდეალური გამომივიდა, მაგრამ იმ დროისთვის ჩემთვის ეს რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა იყო.
- მოგვიყევი, როდის გაჩნდა მოხრაკული TV-ის შექმნის იდეა და რატომ დაარქვი ასე?
- სულ მიჩნდებოდა კითხვა, ესა თუ ის კერძი რომელსაც ვაგემოვნებდი, როგორ მზადდებოდა. მერე დავიწყე აქტიურად კერძების სწავლა და მომზადება. ერთგვარი ექსპერიმენტი იყო ყოველი კერძი ჩემთვის.
ისეთი ადამიანი ვარ, რომ როცა რამე ახალს აღმოვაჩენ, გამოცდილებას მივიღებ, მიყვარს სხვებისთვის გაზიარება. თავდაპირველად ამისთვის ინსტაგრამს ვიყენებდი, მერე კი ვიდეობის გადაღებაც დავიწყე. ზოგადად, ვიდეოგრაფია დიდი ხანია მიყვარს, ვმუშაობდი კიდეც ამ მხრივ და ვიფიქრე, რატომაც არა.
რაც შეეხება სახელს, რაღაც საინტერესო და სასაცილო სახელი მინდოდა, რაც ადვილად გაგახსენდება და ასოცირდება კულინარიასთან. მერე სიმღერა გამახსენდა ,,შემწვარი და მოხრაკული...“ და არხის სახელიც შეირჩა.
- როგორი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოებს?
- ძალიან დადებითი და სწორედ ამიტომ გავაგრძელე ვიდეოების გადაღება. ჩემმა მაყურებელმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ერთ ადგილას არ გავჩერებულიყავი. ამიტომ არის, რომ კერძის მომზადების წინ, მაყურებელზეც ვფიქრობ. ვცდილობ, გავთვალო, რა ტიპის აუდიტორია მიყურებს და რომელი კერძი იქნება მათთვის საინტერესო. აქედან წამოვიდა სტუდენტური, შედარებით დაბალბიუჯეტიანი კერძების მომზადების იდეაც.
- რეცეპტების შთაგონება საიდან მოდის და საავტორო რეცეპტები თუ გაქვს?
- ყოველთვის რაღაცას ვეძებ. შეიძლება, რაღაც კერძს მოვკრა თვალი ან გავიგონო და ეგრევე ჩავიწერო, სულ რაღაც მაინტერესებს და ალბათ აქედან მოდის შთაგონება ახალი კერძების ძიების. იუთუბზე ვიდეორეცეპტებს ვუყურებ, სტატიებსაც ვკითხულობ ხოლმე, გორდონ რამზის და ჯეიმი ოლივერს აქვთ ძალიან საინტერესო რეცეპტები. ერთი სიტყვით, სადაც ჩემთვის გაუგებარ რეცეპტს დავინახავ, სულ ვიწერ ან ვიმახსოვრებ ხოლმე. განსაკუთრებით მიყვარს ისეთი კერძები, რომელშიც ორი ურთიერთსაპირისპირო დეტალია გაერთიანებული, მაგალითად, სიტკბო და სიმწარე.
რაც შეეხება საავტორო რეცეპტებს, ახალი ველოსიპედი არ შემიქმნია ჯერჯერობით. ვფიქრობ, რაღაც ახლის შესაქმნელად უდიდესი გამოცდილება და უამრავი რეცეპტის გამოცდაა საჭირო, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა რეცეპტს 100% იდენტურობით ვაკეთებ, მაქსიმალურად ვცდილობ რაღაც შევცვალო და ჩემებური დავამატო.
- რამდენად რთულია ფუდბლოგერობა საქართველოში? მთავარი სირთულე რა არის ამ სფეროში?
- სწორედ გადაღება. განსაკუთრებით რთული თავიდან იყო. იმდენი დრო მიჰქონდა, რომ სწორი რაკურსის შერჩევაში კერძი მიფუჭდებოდა. მერე თავიდან მიწევდა მომზადებაც და გადაღებაც.
მქონდა ერთი პერიოდი, როდესაც მივხვდი, რომ ფინანსურად ვიხარჯებოდი და სასურველი შედეგი არ ჰქონდა ვიდეოებს, ამიტომ 2 თვით გავაჩერე არხი, მაგრამ მერე ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში იყო და ფორმატი უნდა შემეცვალა. დავხვეწე გადაღება (შევიძინე სოფტ ბოქსები და ხმის მიკროფონი), შევცვალე კონტენტი. ვაკვირდებოდი, რა იყო იმ კონკრეტულ პერიოდში ყველაზე აქტუალური და შესაბამის რეცეპტებს ვუთმობდი დროს.
რაც მთავარია, გაჩნდა იმის იმედი, რომ რაღაც ღირებულს ვქმნი. ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩემი ბლოგიდან ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული და არასროს არ ვეძებდი აქტიურად სპონსორს. ეს ისეთი საქმეა, რომელსაც მთელი გულით ვაკეთებ. როდესაც თავიდანვე ფულზე აკეთებ აქცენტს, იქ ძალიან რთულია განვითარდე და თავისუფალი იყო.
- ოჯახის წევრები, მეგობრები როგორ აფასებენ შენს ვიდეოებს?
- ჩემი ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ამდენს ვერ მივაღწევდი, თავიდანვე მეხმარებოდნენ და გვერდში მედგნენ ყველანაირად. მეგობრებსა და ნაცნობებს რაც შეეხება, ცოტა ცინიკურად უდგებოდნენ თავიდან: „კაცს რა უნდა სამზარეულოში“ და ეგეთი ტიპის ფრაზები იყო. გამომწერებისგანაც მოდიოდა კრიტიკა, მაგრამ ეს არასოდეს არ მოქმედებდა ჩემზე ისე, რომ ამ საქმეზე ხელი ამეღო. როდესაც ჩემი გზა და მიზანი მაქვს, ვერავინ ვერ შეძლებს, რომ გადამაფიქრებინოს.
- საბედნიეროდ, ის სტერეოტიპი იმსხვრევა, რომ მხოლოდ ქალი რომ უნდა იყოს სამზარეულოში.
- ზოგადად ეს ტენდენცია, რომ ოჯახში მარტო ქალი უნდა ამზადებდეს საჭმელს, არ მომწონს. როგორც კაცმა, ისევე ქალმა, უნდა მოამზადოს კერძი. ურთიერთობა, ჩემი აზრით, მხარდაჭერა და კომფორტია. თუ შენ არ გსიამოვნებს შენი ადამიანისთვის უბრალოდ საჭმლის მომზადება, მაშინ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარიც ზედმეტია.
ბოლოს გიტოვებთ გიორგის დონატების ვიდეორეცეპტს