კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის
კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის

ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ერთ დღესაც პრეაპოკალიფსურ ფილმში გაგეღვიძოს და სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდე. მაგალითად, როგორც ახლა. მთელი მსოფლიო ლას-ვეგასად გადაიქცა. არავინ მუშაობს, ყველა ფულს ხარჯავს, დღის ნებისმიერ ნაწილში სვამენ ალკოჰოლურ სასმელს და არავინ იცის, კვირის რომელი დღეა. ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო მისია გვაკისრია. სამყარო უნდა გადავარჩინოთ სხვადასხვა დივანზე ჯდომით.

 

ამ ბლოგსაც დივანზე წამოგორებული ვწერ. დივანი ახლა ჩემი სამსახურია. ოფისის სკამთან შედარებით, კომფორტულია, მაგრამ პოზები თუ ხშირად არ ცვალე, ძალიან მოსაბეზრებელი ხდება. თუ სამსახურში სიარულის 
დროს ცხოვრების მჯდომარე წესით ვიტანჯებოდი, ახლა ცხოვრების მწოლიარე წესი მაწუხებს. ამას წინათ სერიოზულად დავინტერესდი, ნეტავ რამდენ ხანში ჩნდება ნაწოლები?

 

ჰო, ვითომ საკუთარ სახლში ხარ, მაგრამ რად გინდა? საკუთარ საძინებელშიც ვერ შეხვალ პიჟამით. იქ ახლა ჩემი ქმრის სამსახურია. დღის პირველ ნახევარში სულ ონლაინთათბირზეა გამომჯდარი. არა, რად მინდოდა დირექტორი ქმარი? - გავყოლოდი კურიერს. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ მომავლის პროფესია - კურიერი იქნებოდა?

 

ბავშვის ოთახში - სკოლაა. დღის პირველ ნახევარში ოჯახის წევრები სამზარეულოში, ლანჩზე ვხვდებით ერთმანეთს. საღამოობით, ჩემს ქმარს ნარდს ვეთამაშები სანაძლეოზე, თუ ვინ გადაყრის ნაგავს მეორე დღეს. ძაღლის ბედი აქვს. სულ დუშაშებს აგორებს. არადა, რომ გეკითხა, ნაგვის გადაყრა ჭირის დღესავით ეჯავრებოდა. ერთხელ გამომიცხადა, ნაგვის ტარებას ლოდების ზიდვა მირჩევნიაო. - ახლა შეუყვარდა?

 

ორ დღეში ერთხელ „ნიკორაში“ ჩასვლაზეც დისტანციურად ვჩხუბობდით, მაგრამ მერე ახალი წესი შემოვიღე: ვინც მაღაზიაში ჩავა, საჭმელიც მან უნდა გააკეთოს. ეგრევე დაყარა ფარ-ხმალი. მე მოგებულში დავრჩი. საჭმელი ასეც და ისეც მაინც ჩემი გასაკეთებელია. ასე რომ, სამართლიანად დავიმსახურე. თანაც, „ნიკორას“ ნახევარფაბრიკატების წყალობით ხშირად იოლას გავდივარ.

 

ვგიჟდები მაღაზიაში ჩასვლაზე. თავი სათავგადასავლო ფილმის გმირი მგონია. სახლიდან გასვლის წინ მთელი ეკიპირება რომ უნდა გაიარო: ნიღაბი, ფარი, ხელთათმანები. მაკიაჟის წასმაც არაა საჭირო.
ლიფტს მოხრილი თითის ფალანგით ვიძახებ. ყველა კარს იდაყვებით და მუხლებით ვაღებ. მგონი მალე მობილურში იდაყვით სქროლვასაც დავამუღამებ.
გარეთ გავედი და საკუთარი ნახშირორჟანგი ღრმად ჩავისუნთქე. რაც ამ ნიღაბ-რესპირატორების და ფარების ტარება დავიწყე, ნიორს და ხახვს აღარ ვჭამ. არადა, როგორ მომენატრა „ნიკორას“ ხაში, თავისი ნივრის საკაზმით.

 

მზიანი დღე იყო და დისტანცირებულ რიგში ჩავდექი. მეხუთე ვიყავი. ხელში წინასწარ ჩამოწერილი საყიდლების სია დავიკავე. ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. სხვები რომ არ ვალოდინო რიგში, სიას წინასწარ ვწერ, შევდივარ და უცბად ვყრი კალათში, რისი ყიდვაც მინდა.
უსაფრთხოების წესებს და რეკომენდაციებს აქაც მკაცრად იცავენ. ერთად მხოლოდ ორ ადამიანს უშვებენ. შესასვლელში დეზობარიერია, რაზეც ფეხები უნდა გაიწმინდო. იქვეა ხელთათმანები და ანტისეპტიკი. ნიღბის და ხელთათმანების გარეშე მაღაზიაში ვერ შეხვალ. ჩემი რიგი რომ მოვიდა, ფეხები დეზობარიერზე გავიწმინდე და სუპერგმირი „ფლეშივით“ ჩამოვუშხუილე დახლებს. ელვის სისწრაფით ვყრიდი კალათში პროდუქტებს.

 

ლუდი, ჩემი ქმრის საყვარელი მონადირული სოსისი და „კაიზერის“ ძეხვეულიც ავიღე. ბავშვისთვის ხაჭოს "ვარენიკი" ჩავაგდე კალათში. ძალიან უყვარს. უცბად მზადდება და გემრიელი და ნოყიერი ვახშამი გამოდის. „ციმბირული“ პელმენიც ავიღე. სოსისების, ძეხვებისა და ლუდის წყალობით ვაიძულებ ქმარს, საღამოობით ჩემთან ერთად სერიალ „სექსი დიდ ქალაქშის“ უყუროს. არ მიყვარს მარტოს რამის ყურება. თუ გინდათ, რომ მამაკაცს გააკეთებინოთ ნებისმიერი რამ, მისი საყვარელი ლუდით და ლუდზე მისაყოლებელი გემრიელობებით უნდა მოისყიდოთ. დამიჯერეთ, კარგად ნაცადი მეთოდია. თუ ხორცის პელმენსაც მოუხარშავთ, ჩათვალეთ, რომ მისი გული მოინადირეთ!

 

დილით, როცა დივანზე, სამსახურში მეჩქარება, შესაწვავ ხორცის ან ყველის ბლინებს ვწვავ. ესეც სწრაფი, გემრიელი და იდეალური საუზმეა ჩემთვის. კიდევ, ტოსტის პურით, ყველის ფირფიტებით და შაშხით ძალიან გემრიელ სენდვიჩებს ვამზადებ.
პელმენის სუპიც არაჩვეულებრივი გამომდის. სოკოს ან ბოსტნეულის ბულიონის კუბს („გალინა ბლანკა“) ვაგდებ წყლიან ქვაბში და ვხარშავ პელმენს („ციმბირულს“ ან „გურმანს“). მარილს სანამ დაუმატებთ, ჯერ გასინჯეთ, რადგან ბულიონის კუბები საკმაოდ მარილიანია. როდესაც პელმენი მოიხარშება, წვენთან ერთად ამოიღეთ ღრმა ჯამში და ზემოდან ერთი ცალი ყველის ფირფიტა დააგდეთ. ის მაშინვე ჩადნება და უგემრიელესი პელმენის წვნიანი გამოდის. ყველის ნაცვლად შეგიძლიათ არაჟანი და პილპილი დაამატოთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პროდუქტი შეფუთული სახით ვიყიდო. ვიცი, რომ შეფუთული სოსისი, ყველი და სხვა რამ გაცილებით დაცული და უსაფრთხოა. თანაც, მარტივად გარეცხავთ.

დაბოლოს, მთავარია, არ დაგავიწყდეთ დროდადრო ჯინსის შარვლის მოზომვა. ნუ ენდობით მზაკვრულ პიჟამებს და ეცადეთ, არ გამოხვიდეთ სახლიდან და წყობილებიდანაც.

 

#დარჩისახლში
 

მასალის გამოყენების პირობები
6 მაისი, 2020 05:00 p.m.
ნანახია: 123