"წელს ბევრად მკაცრები ვიქნებით, მივხვდი, რომ წინა სეზონებში შედარებით ლმობიერი ვიყავი" - "მასტერშეფის" მესამე სეზონი იწყება!
როგორ მიმდინარეობს ქასთინგები და რას უნდა ელოდოს მაყურებელი „მასტერშეფის“ მესამე სეზონში - ამის შესახებ ჟიურის წევრები: ლუკა ნაჭყებია, ლევან კობიაშვილი და კონსტანტინე თედელური ჩვენს მკითხველს მოუყვებიან.
ლუკა ნაჭყებია: „მესამე სეზონი იწყება და სტანდარტების ამაღლების მოლოდინი მაქვს, მაყურებელსაც და მონაწილეებსაც გეტყვით, რომ წელს ბევრად მკაცრები ვიქნებით, მივხვდი რომ წინა სეზონებში შედარებით ლმობიერი ვიყავი, წელს ამის ილუზია ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს არავის, ჩემი მხრიდან ეს აღარ განმეორდება, მეტი მინდა მონაწილეებისგან, მეტი საინტერესო სიახლე მინდა მათგან კრეატიულობით დაწყებული. კარგი კულინარიის განვითარებისთვის აუცილებელია დიდი მონდომება, ხალხის ე.წ. „გაწურვა“ მინდა, ვინაიდან ვფიქრობ ასე უფრო შეეცდებიან თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი დადონ. ჩემი რჩევაა დამაწყნარებლები იყიდონ, ანტიდეპრესანტებიც გამოადგებათ სავარაუდოდ, დამაძინებლებიც კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ ჩვენი შეფასებებისგან ღამით ბევრი კოშმარი დაესიზმრებათ.“
ლევან კობიაშვილი: „წელს ბევრ სიახლეს ველოდებით, ნიჭიერ ადამიანებს, ვინც ჩვენს გაოცებას მოახერხებს. დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ქასთინგზევე საკმაოდ ძლიერი ნაკადი შეინიშნებოდა, არჩევის კრიტერიუმები შეიცვალა და რა თქმა უნდა ვეძებთ მათ ვისაც დიდი სურვილი აქვს საკუთარი შესაძლებლობების ფართე აუდიტორიასთან წარსადგენად. რაც მთავარია გასული ორი სეზონის შემდეგ ძალიან ბევრს გაუჩნდა სურვილი, სითამამე და გადაწყვიტეს „მასტერშეფში“ მოსვლა, რაც უკვე მისასალმებელია. წინა სეზონების მსგავსად სტანდარტული მოთხოვნები გვაქვს, თუმცა სიმკაცრე იქნება, ახალი გუნდი მოდის მოგეხსენებათ, შესაბამისად ვისურვებდი, რომ მომავალმა „მასტერშეფელებმა“ დახვეწონ თავიანთი კერძები და შესაძლებლობები რადგან უფრო კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი.“
კონსტანტინე თედელური: „შედარებით ძლიერი კონკურსანტები მოვიდნენ წელს, გამოსწორებულია კერძების აწყობის მხარე, პროდუქტების თამაშიც გათამამებულია და სწორად არის მოწოდებული, მაგრამ ვთვლი რომ შესარჩევ ტურში ნერვიულობა ავტომატურად კერძზე აისახება. ვნახოთ რა იქნება, ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ჯერ თვალით უნდა მიიღო საკვები, სანამ პირთან მიიტან, მანამდე ცხვირმა უნდა იგრძნოს, შემდეგ კი პირის რეცეპტორებმა, ეს ჯაჭვი აუცილებლად იქნება ჩემში, სანამ მე აქ ვიდგები. დამატებითი მოთხოვნები ალბათ უფრო გაძლიერებული იქნება, ვინაიდან ყველა წინამორბედ გამარჯვებულს, წლევანდელმა „მასტერშეფის“ ტიტულის მფლობელმა უნდა გადააბიჯოს. რჩევის სახით კი ახალ კონკურსანტებს ვეტყოდი, რომ გააზრებულად მომაწოდონ შეხამებული პროდუქტების სინთეზი.“
კულინარიული შოუ 24 მაისიდან, ყოველ კვირა დღეს გავა ეთერში. გადაცემის გენერალური სპონსორია ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“, ხოლო მხარდამჭერები პირველი ონლაინ კატალოგი საქართველოში - „Onoff.ge“; საკონდიტრო კომპანია - „სანდომი“; „სანტე“; „პრეზიდენტი“; „სანებო“; „სანტინო“; „სანტისიმო“; „მელოჩი ჟიზნი“; ქართული აგრო სახლი - „პლანტა“; „ბონდუელი“ და ღვინის კომპანია - „რთველისი“.
ავტორი: ლიდია ამარიანი