„ოქროს წინსაფარი, 12 მონაწილე და სამზარეულოში სრული მზადყოფნა“ – 24 მაისიდან "მასტერშეფი" ბრუნდება - Gemrielia.ge

„ოქროს წინსაფარი, 12 მონაწილე და სამზარეულოში სრული მზადყოფნა“ – 24 მაისიდან "მასტერშეფი" ბრუნდება


 საქართველოს ყველაზე პოპულარული, ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული გასართობი და შემოქმედებითი შოუ „მასტერშეფი“ ქართულ ტელესივრცეში მესამე სეზონით უბრუნდება მაყურებელს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამზარეულოში სრული მზადყოფნა და საბრძოლო განწყობა უკვე იგრძნობა.  24 მაისიდან კონკურსანტები დაიწყებენ ბრძოლას პირველი წარმატებისთვის, წინსაფრის მოპოვებისა და „მასტერშეფის“ ტიტულის მიღებისთვის. 


რას უნდა ველოდოთ მეგაპროექტის მესამე სეზონისგან, რა სიახლეები იქნება წელს და როგორ გაიზარდა ქასთინგზე მსურველთა დინამიკა გასულ სეზონებთან შედარებით, ამის შესახებ გადაცემის პროდიუსერებს დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიას  ვესაუბრეთ.


დემნა ჯაფარიძე: „ყველა ელოდა და აი, ჩვენც დავიწყეთ, საქართველოს პირველ არხთან ერთად „მასტერშეფი“ მესამე სეზონით ბრუნდება. მთელ შემოქმედებით გუნდს გვიხარია, რომ ეს ყველასათვის საყვარელი და ნამდვილად გემრიელი გადაცემაა, სადაც ეკრანიდან იგრძნობა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი კერძების გემო. სხვათაშორის ჩვენ წლები ვფიქრობდით  მოგვეკიდა თუ არა ასეთი დაკვეთისთვის ხელი, ვინაიდან საკმაოდ რთულია ეკრანიდან მიიტანო მაყურებლამდე ის გემო, რასაც შოუში მონაწილეები წარადგენენ და როგორც ჩანს მაყურებლის მხარდაჭერით ჩვენ ეს შევძელით.  მინდა ავღნიშნო, რომ წელს ქასთინგზე ათასზე მეტი ადამიანი მოვიდა, იმედი გვაქვს, რომ გადავაბამთ მომდევნო სეზონსაც ვინაიდან და რადგანაც ძალიან მაგარი ნაკადი წამოვიდა, ერუდირებული და რეალიზებული ადამიანებით, მათ უნდა ჰქონდეთ მოტივაცია იმისათვის რომ განვითარდნენ, მიიღონ უმაღლესი რანგის შოუში მონაწილეობა და რაც მთავარია ეს ყველაფერი დაფუძნებულია ქასთინგებზე. ამიტომაც გამოდის მასტერშეფი ყველაზე კარგი გადაცემა, ვინაიდან აქ ბევრი ნიჭიერი ადამიანის ნახვა არის შესაძლებელი, ბევრმა გარისკა, შეხედეს წინა სეზონებს და ნაკადიც გაიზარდა ვინაიდან კარგის თანაზიარობის სურვილი ყველას გააჩნია. აქ ხომ ნიჭის გამოვლენასა და წარმატებისკენ სვლაზე ვართ ორიენტირებულები, მითუმეტეს ფინალისტი თუ იქნება ეს უკვე წარმატებული კარიერისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუნდაც გასული პროექტის გამარჯვებული რომ ავიღოთ პირველი „მასტერშეფი“ - ია ძაგანია უკვე საკუთარ სარესტორნო ხაზის გახსნაზე მუშაობს, სხვა შოუებში ინდუსტრია სამწუხაროდ არ არის, თუნდაც სიმღერის კონკურსები რომ ავიღოთ შედარებისთვის, კულინარიული ინდუსტრია საქართველოში ვითარდება და ფინალამდე მისვლაც კი ამ შოუში მოსული ადამიანებისთვის საუკეთესო პლატფორმა აღმოჩნდა საკუთარი ბიზნესის საწარმოებლად, „მასტერშეფი“ იძლევა იმის საშუალებას, რომ მზარდი კარიერისაკენ განვითარების გზა გამონახოს თითოეულმა მონაწილემ.“

 

Image may contain: 2 people, people sitting and beard

 


გიორგი ხაბურზანია: „რაც შეეხება ჟიურის წევრებს, წელსაც უცვლელი რჩება მათი შემადგენლობა. ჩვენი მთელი შემოქმედებითი ჯგუფის აზრით და არამარტო, ეს არის საუკეთესო შემადგენლობა და ვფიქრობთ, რომ უნდა დარჩეს ხელუხლებელი, ვინაიდან ეს არის ბრენდის ისეთივე განყოფელი ნაწილი, მთელი კონცეფცია, როგორც ლოგო და ეს სამეული არის ოქროს ჟიური, სტანდარტი, რაც ამაზე ნაკლები არცერთ შოუში არ უნდა იყოს, მითუმეტეს კულინარიულში. ისინი არიან თავის საქმეში პროფესიონალები და მათთვის მარტივია ნებისმიერი სახის რჩევის მიცემა, ეს იქნება მონაწილეების კერძების მისამართით კრიტიკა თუ შექება. სიახლე წელს არის ის, რომ ბოლო სეზონში გული გვწყდებოდა კონკურსტანტების შერჩევის შედეგად შეზღუდული რაოდენობის გამო, ამიტომ რაც შევძელით ჩვენს პარტნიორებთან  შეთანხმებით  10 მონაწილის ნაცვლად 12 გავხადეთ, ამით რა თქმა უნდა კონკურენციაც გაიზრდება, ამის გარდა წელს დავამატეთ კულინარიული მიმართულების პროდიუსერი, რომელიც უშუალოდ პროდაქშენში მუშაობს, მაგრამ კულინარიული მიმართულების ხელმძღვანელი იქნება, ვინაიდან მხოლოდ ტელევიზიის პროდიუსერებს ასე ვთქვათ არ გვქონდა საკმარისი კომპეტენცია. ამ კუთხით გადასარევი პროფესიონალი ნუცა ბაიაძეა ჩვენი პროდიუსერი და ყველაფერი ის რაც ჟიურიმდე უნდა მოვიდეს, მისი კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ გადის, ჩვენც უფრო წყნარად ვართ და თავი დაზღვეული გვაქვს შეცდომების დაშვებისგან.  წელს ასევე დავამატეთ  ოქროს წინსაფარი, რომლის არსიც არის ის რომ თუ ჟიურის წევრს მოეწონა რომელიმე კონკურსანტი ქასთინგის პერიოდში, ისე რომ არ დაელოდება დანარჩენი ორის აზრს, შეუძლია თავის ფავორიტ მონაწილეს გადასცეს ოქროს წარწერიანი „მასტერშეფის“ წინსაფარი და ის პირდაპირ შერჩეულ 12 მონაწილეთა რიცხვში მოხვდება ავტომატურად, ანუ გარანტირებულად მეორე ტურის გარეშე. სეზონიდან სეზონამდე ვხვეწავთ ჩვენს ხარვეზებს რაც მაყურებლის თვალისთვის ნამდვილად შეუმჩნეველია და წინა ორ სეზონთან შედარებით წლევანდელი სეზონი გეტყვით რომ გარანტირებულად საუკეთესო იქნება.“
ასე რომ, დაელოდეთ "მასტერშეფს" 24 მაისიდან, ყოველ კვირას, 22:00 საათზე.

 

ავტორი: ლიდია ამარიანი