სახამებელი - სიმინდის, თუ კარტოფილის? გეტყვით, რომელი როდის უნდა გამოიყენოთ
სახამებელი აქტიურად გამოიყენება კულინარიაშია, ეფექტურია სითხეების გასასქელებლად, ცომეულისთის სიფაფუკის მისანიჭებლად და სხვ. ყველაზე ხშირად სიმინდისა და კარტოფილის სახამებელს იყენებენ. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან და სხვადასხვა პროდუქტებში გამოიყენება.
რით განსხვავდება კარტოფილის სახამებელი სიმინდის სახამებლისგან?
ხორბლის ფქვილის მსგავსად, სიმინდის სახამებელი მარცვლეულისგან მიიღება, კარტოფილის - ბოლქვისგან. ეს უკანასკნელი დაბალ ტემპერატურაზე სქელდება, პროდუქტს ბოლო ინგრედიენტად ემატება და უმჯობესია, თუკი ადუღებამდე არ მიიყვანთ.
მაღალ ტემპერატურას უკეთ უმკლავდება სიმინდის სახამებელი. მისი გამოყენების დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა ინგრედიენტებს - სიმჟავის ან სიტკბოს მაღალი კონცენტრაციის პირობებში სიმინდის სახამებელი საკმარისად არ გასქელდება.
განსხვავდება სიმინდისა და კარტოფილის სახამებლისგან მიღებული მასის სტრუქტურაც. მაგალითად, სიმინდის სახამებელშერეული რძე უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე კარტოფილის სახამებლიანი.
შეიძლება თუ არა ერთის მეორეთი ჩანაცვლება?
ვინაიდან სიმინდის სახამებელსაც და კარტოფილის სახამებელსაც ერთი და იგივე ფუნქცია აქვთ, თითქოს, არ უნდა იყოს პრობლემა მათი ჩანაცვლება, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ზუსტად უნდა მიჰყვეთ რეცეპტს და ის სახამებელი გამოიყენოთ, რომელიც მითითებულია.
კარტოფილის სახამებელი სიმინდის სახამებელს ჩაენაცვლება სუპებში, სოუსებსა და ღვეზელების შიგთავსებშიც კი, თუკი რეცეპტით დიდხანს ხარშვა ან გამოცხობა არ სჭირდება სახამებლიან მასას.
სიმინდის სახამებელი უფრო მარტივად ენაცვლება კარტოფილის სახამებელს. მისი გამოყენება შეგიძლიათ წვნიანებში, საწებლებში, დესერტებში, მუსებში, პუდინგებში. კარტოფილის სახამებლისგან განსხვავსებით, არ არის საჭირო მისი ბოლო ინგრედიენტად დამატება და შეგიძლიათ, უფრო ადრე დაუმატოთ მასას გასასქელებლად.
რომელი უფრო სასარგებლოა?
სხვა სახამებლისგან განსხვავებით, კარტოფილის სახამებელი არ იწვევს სისხლში შაქრის ან ინსულინის მომატებას. ასევე ის შეიცავს დიდი ოდენობით B6 ვიტამინსა და სხვადასხვა მინერალს.
სიმინდის სახამებელიც შეიცავს მცირე ოდენობის მინერალებს, მაგრამ არასაკმარისს. ასევე, არ შეიცავს ვიტამინებს.
კომენტარებში დაგვიწერეთ, თქვენ რომელ სახამებელს იყენებთ ყველაზე ხშირად.