სასარგებლოა გულის დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს პრევენციისთვის - რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ თუთა - Gemrielia.ge

სასარგებლოა გულის დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს პრევენციისთვის - რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ თუთა

თუთა (ზოგიერთ კუთხეში - ბჟოლა) ჩვენში უძველესი დროიდანაა გავრცელებული. ტკბილი, გემრიელი თეთრი და შავი ნაყოფი ბევრს უყვარს, მაგრამ ვიცით თუ არა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ და ვაფასებთ თუ არა სათანადოდ ამ ჯადოსნურ მცენარეს?

 

თუთის ნაყოფი 88% წყალს შეიცავს და 140 გრამზე მხოლოდ 60 კალორია მოდის.

 

100 გ თუთა შეიცავს:

 

•    43 კალორია

•    88% წყალი

•    1.4 გ ცილა

•    9.8 გ ნახშირწყლები 

•    8.1 გ შაქარი

•    0.4 გ ცხიმები

 

თუთა მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინსა და რკინას.

 

 

თუთის შემცველობაში შედის:

 

•    ვიტამინი C, რომელიც აუმჯობესებს კანსა და სასიცოცხლო ფუნქციებს, მოქმედებს ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ, აწესრიგებს სტრესის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს, ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას. მისი საშუალებით ორგანიზმი უფრო მარტივად ითვისებს კალცსა და რკინას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტყვიის, სპილენძისა და ვერცხლისწყლის გამოყვანას.

 

•    რკინა - მნიშვნელოვანი მინერალი, რომელსაც არაერთი ფუნქცია აქვს. მათ შორის ყველაზე მთავარი - ორგანიზმში ქსოვილებისთვის ჯანგბადის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. ასევე, საჭირო რაოდენობის რკინა ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის, ტვინისა და სხვა ორგანოთა გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

 

•    ვიტამინი K1 - ეხმარება ძვლებს სიმტკიცის შენარჩუნებაში, დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე (განსაკუთრებით, ხანდაზმულებში).

 

•    კალიუმი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადებათა რისკს.

 

•    ვიტამინი E - ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს ნივთიერებებს ზეჟანგვითი ცვლილებებისგან. კარგია ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისთვის, ხელს უწყობს უჯრედების დაბერების პროცესის შენელებას. მოქმედებს, როგორც შარდმდენი საშუალება და შეუძლია სისხლის წნევის დაწევა.

 

 

ამ და სხვა შემადგენელი ვიტამინებისა და მინერალების დამსახურებით, თუთა სასარგებლოა გულის დაავადებების, დიაბეტისა და კიბოს პრევენციისთვისაც.

 

•    კვლევებმა აჩვენა, რომ თუთის ექსტრაქტს ქოლესტერინის დონის დაწევა შეუძლია.

 

•    მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები სისხლში შაქრის სწრაფად მომატების რისკის ქვეშ არიან და ნახშირწყლების მიმართ სიფრთხილე მართებთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუთის მიღება სასარგებლოა ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის მატების შემცირებისთვის. თუმცა კვლევები გრძელდება. 

 

•    ჩინურ მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება თუთა, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალება. კვლევის თანახმად, თუთის წვენში არის ისეთი ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეუძლიათ ოქსიდაციური სტრესის შემცირება - რაც ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: რამდენადაც სასარგებლოა თუთა, იმდენად მავნე შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი ერთ ჯერზე დიდი რაოდენობით მიირთმევთ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი სასარგებლოა მანამ, სანამ დოზებს დავიცავთ და ზომიერად მივირთმევთ.