„ცოცხალი რომ ვარ და ჩემს შვილს დედა ჰყავს, კულინარიის დამსახურებაა“ - რა გზა გაიარა ნინიკო ღამბაშიძემ „მასტერშეფში“ მისვლამდე - Gemrielia.ge

„ცოცხალი რომ ვარ და ჩემს შვილს დედა ჰყავს, კულინარიის დამსახურებაა“ - რა გზა გაიარა ნინიკო ღამბაშიძემ „მასტერშეფში“ მისვლამდე

კვირას 22:00-ზე საქართველოს პირველ არხზე 12 საუკეთესო კონკურსანტი მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლას დაიწყებს. 12-ივე კონკურსანტი ერთმანეთისგან განსხვავებულია, შესაბამისად, მაყურებელს საინტერესო და დაძაბული შოუ გველოდება.

დღეს „მასტერშეფის“ მესამე სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, ნინიკო ღამბაშიძეს გაგაცნობთ, რომელმაც კასტინგის დღეს ერთ კერძში სამი კუთხის სამზარეულოს გაერთიანება შეძლო და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა. რატომ გადაწყვიტა სრულიად გამოუცდელმა „სახლის მზარეულმა“ კულინარიულ კონკურსში მონაწილეობის მიღება და რა მოლოდინები აქვს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 

- როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი?

 

- ბებიას გაზრდილი ვარ. ის არაჩვეულებრივი მზარეული და ნამდვილი ეტალონი იყო ჩემთვის. უჩემოდ არსად არ დადიოდა, ბაზარშიც კი დავყავდი და პროდუქტების არჩევის უფლებას მაძლევდა. წინსაფარიც მაქვს შენახული, რომელიც ბებიამ თავისი ხელით შემიკერა. სკამზე ავძვრებოდი ხოლმე და ვუყურებდი, როგორ ამზადებდა. გურული ქალი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი კუთხის სამზარეულოს იცნობდა: მეგრული, რაჭული, მესხური... 

 

ჩანაწერები შემომრჩა, რომლებსაც დაწყებით კლასებში ვაკეთებდი. მაგ დროს ბავშვები ცოტა სხვა რამეებით არიან ხოლმე დაკავებული, მე კი ბებოს რეცეპტებს ჩემი სიტყვებით ვწერდი და კერძებს ჩემებურად ვხატავდი.

 

რომ გავიზარდე, თავად დავიწყე კულინარიული წიგნების ყიდვა, გადაცემების ყურება. არსად არ მისწავლია, არც გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში მუშაობის. ვართ მხოლოდ მე, ბებოს კერძების ნოსტალგია და ფანტაზია.

 

 

- ბებიას მომზადებული რომელი კერძი გახსოვთ განსაკუთრებულად?

 

- კეცზე დამზადებული შქმერული და კეცის მჭადები კაკლის ფოთლებით, ღომი. პირველად რომ ვნახე, როგორ წვავდა ქათამს ნაკვერჩხალზე, მერე როგორ აზავებდა ნიორწყალს... ძალიან ჩამრჩა გონებაში და დღემდე, როცა კერძებს ვამზადებ, ვცდილობ, იმ გემოზე წავიყვანო.

 

ის კერძიც, რომელიც კასტინგზე მოვამზადე, ბებიის გავლენით იყო შექმნილი. მგონია, რომ მისგან მაქვს ეს ნიჭი - განსხვავებული გემოების ერთმანეთთან დაკავშირება. კარანტინის დროს ექსპერიმენტი ჩავატარე და სამი კუთხის სამზარეულო დავუკავშირე ერთმანეთს: მესხური ატრია, მეგრული ფუჩხოლია და ფშაური დამბალხაჭოს სოუსი. 

 

- რა არის კულინარია თქვენთვის?

 

- ის, რამაც სიცოცხლე მაჩუქა. მე რომ დღეს ცოცხალი ვარ და ჩემს შვილს დედა ჰყავს, დიდწილად კულინარიის დამსახურებაა. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ჩავიკეტე, წლების განმავლობაში არ შემეძლო ხახლთან ურთიერთობა, ძალიან ცუდი აზრები მაწუხებდა, წლების განმავლობაში ვიყავი წამლებზე დამოკიდებული...

 

ჩემი შვილის გარდა ერთადერთი რამ, რამაც ის წლები გადამატანინა და სიცოცხლის სიყვარულის განცდა დამიბრუნა, კულინარია იყო. გადაცემების ყურება, ექსპერიმენტების ჩატარება, ახალი გემოების აღმოჩენა ძალას მმატებდა.

 

 

- მეუღლე იზიარებდა კულინარიით თქვენს გატაცებას?

 

- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო, ყველაზე მეტად აფასებდა ჩემს შრომას, მონდომებას... იმდენად მავსებდა და მეხმარებოდა მისი კომპლიმენტები, რომ უფრო და უფრო მეტის სწავლა და გაკეთება მინდოდა. სწორედ ამან მომცა ძალა, ცხოვრება გამეგრძელებინა და დამემტკიცებინა, რომ შემიძლია, ამ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიო - ზუსტად ისე, როგორც მას სწამდა.

 

ჩემი ოცნება იყო კულინარიულ პროექტში მონაწილეობის მიღება. ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ ვერ ვახერხებდი კულინარიის მხრივ განვითარებას. ახლა კი, როცა ჯანმრთელობა უკვე ხელს მიწყობს, ჩემი აზრით, არ არის გვიან, ვისწავლო და განვვითარდე.

 

- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი უპირატესობა, რომელიც კონკურსში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ?

 

- როგორც აღვნიშნე, ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მივლინებაში ვარ (არ აქვს მნიშვნელობა, სად - გერმანიაში, თუ ქუთაისში), აუცილებლად ბაზარში ან დიდ სუპერმარკეტში მივდივარ და ყველაფერს ვათვალიერებ, ვაგემოვნებ. სიგიჟემდე მიყვარს სუნამოები, მაგრამ შეიძლება მისი ყიდვის ნაცვლად, რესტორანში წავიდე და შეფის კერძი დავაგემოვნო. ყველაფერს ვიწერ, რომ არაფერი დამავიწყდეს: ჩემი შთაბეჭდილება ამა თუ იმ კერძზე, იდეები, მომზადების ტექნოლოგია...

 

 

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

 

- ჩემი შვილი ნიკუშა. ძალიან კრიტიკულია, სულ რჩევებს მაძლევს და ასევე სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდები, კერძების მომზადებაშიც მეხმარება. შეფი და სუშეფი ვართ სამზარეულოში.