„ჩემი ოცნება იყო, რომ „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა გამარჯვებული ვყოფილიყავი“ - მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლას ლიკა ესაიაშვილი გამოეთიშა - Gemrielia.ge

„ჩემი ოცნება იყო, რომ „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა გამარჯვებული ვყოფილიყავი“ - მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლას ლიკა ესაიაშვილი გამოეთიშა

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, რომ ვყოფილიყავი „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა გამარჯვებული, დღეს კი ჩემს ოცნებებთან დამშვიდობება მიწევს“ - „მასტერშეფის“ ყველაზე პატარა კონკურსანტი ლიკა ესაიაშვილი ასე დაემშვიდობა პროექტის მონაწილეებსა და ჟიურის წევრებს. იგი პირველი აღმოჩნდა, ვინც მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

 

„მასტერშეფის“ ჟიურიმ ლიკასა და პაატას შორის არჩევანი პაატას სასარგებლოდ გააკეთა. რა შეცდომა დაუშვა ლიკამ და რა გეგმები აქვს მომავალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 

- მომზადების პროცესში თუ ფიქრობდი, რომ შეიძლებოდა სწორედ ეს კერძი გამხდარიყო საბედისწერო?

 

- კერძის მომზადების პროცესში მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლის დრო აღარ იყო, ამიტომ ვნერვიულობდი, რომ შეიძლებოდა მე დამეტოვებინა პროექტი. 

 

 

- შენი აზრით სად დაუშვი (ან თუ დაუშვი) შეცდომა? თავად თუ იყავი კმაყოფილი შენი კერძით?

 

- ჩემი კერძით კმაყოფილი არ ვიყავი. სერვირების გარდა ჩემი კერძის პრობლემა იყო ის, რომ კერძს აკლდა ცვლილებები, რაც გამოხატავდა ჩემს თავს, ამ შემთხვევაში ძირითადად ბებიის კერძი ჩანდა, ვიდრე მე.

 

ჟიურის სამივე წევრი თავის საქმეში ძალიან კომპეტენტურია და თუ ჩათვალეს რომ ჩემსა და პაატას შორის მე ვიმსახურებდი პროექტის დატოვებას, ალბათ ასეც იყო საჭირო. 

 

 

- მაყურებლის ნაწილი ჟიურის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. იცოდი, რომ ამდენი გულშემატკივარი გყავდა?

 

- არ ველოდი, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთ სიყვარულს და მხარდაჭერას დავიმსახურებდი, ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი მაყურებლის მხრიდან და მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას.

 

- ვის  გულშემატკივრობ და შენი აზრით, ვის აქვს გამარჯვების შანსი?

 

- საკმაოდ დიდი კონკურენციაა, ამ ეტაპზე რთულია ლიდერის გამორჩევა, მაგრამ, ვფიქრობ, ამ პროექტში გამარჯვება ყველაზე მეტად ქეთოს დაეხმარება პროფესიული კუთხით განვითარებაში.

 

- რა გეგმები გაქვს?

 

- ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტად განვვითარდე ამ კუთხით, მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღო. მართალია, ამ ეტაპზე დამაკლდა გამოცდილება და მარცხი მომივიდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, ჯერ წინ მაქვს ყველაფერი!