„აუტსაიდერებში მოხვედრა ძალიან გამიკვირდა და ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს“ - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი ნინი სტურუა „მასტერშეფში“
ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ სამზარეულო ერთმა მონაწილემ დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის ბრძოლას 11 კონკურსანტი აგრძელებს.
როგორც გახსოვთ, წელს ჟიურის წევრებმა 3 რჩეულ მონაწილეს ოქროს წინსაფრები გადასცეს და ამით გარანტირებულად მიუჩინეს ადგილი 12-ეულში. დღეს სწორედ ერთ-ერთი ოქროს წინსაფრის მფლობელს, ნინი სტურუას, ვესაუბრეთ. მისთვის პირველი გადაცემა განსაკუთრებულად დაძაბული აღმოჩნდა, რადგან იმუნიტეტის დავალებაში მისი კერძი საუკეთესოთა შორის დასახელდა, მეორე დავალებში კი ყველაზე სუსტებს შორის.
რატომ გადაწყვიტა 27 წლის ფრენბურთელმა კულინარიულ შოუში მონაწილეობის მიღება, რა შეცდომა დაუშვა და რის გამოსწორებას აპირებს, წაიკითხეთ ინტერვიუში.
- როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი?
- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ბიზნესი არ იყოს ის პროფესია, რომელიც მომწონდა და გადავწყვიტე სწავლა სხვა მიმართულებით გამეგრძელებინა. საჭმლის კეთება მომწონდა, მაგრამ არ ვიცოდი. ინტერნეტში ვეძებდი რაღაცებს და ისე ვაკეთებდი, ამიტომ ცოდნის გაღრმავების მიზნით კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. ვფიქრობ, სწორი არჩევანიც გავაკეთე, ძალიან აზარტული პროფესია აღმოჩნდა, სულ სიახლეა და სულ მრავალფეროვნება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, კერამიკის კურსიც გავიარე, რომ სამომავლოდ ჩემს კერძებს ისეთი თეფშები შევურჩიო, როგორიც მე მომწონს.
- როგორ ფიქრობთ, რა კავშირია სპორტსა და კულინარიას შორის?
- სპორტით ბავშვობიდან ვარ გატაცებული და ჩემი ცხოვრების ნაწილია, ზუსტად კულინარიაშიც აღმოვაჩინე ის აზარტი, რაც სპორტს აქვს. ორივე პროფესიაში სულ გჭირდება სწავლა, განვითარება და ვარჯიში. სასურველ შედეგამდე რომ მიხვიდე, წლებია საჭირო.
- ოჯახის წევრებს თქვენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რა მოსწონთ?
- ესე განსაკუთრებული კერძი არ მაქვს და სახლში ყოველთვის ხასიათის მიხედვით ვამზადებ კერძებს. აი, რაც შეეხება მშობლებს, ყოველთვის კრიტიკულები არიან ჩემ მიმართ, რაც ძალიან მომწონს, რადგან სწორი შენიშვნა ყოველთვის მეხმარება, რომ შეცდომა გამოვასწორო.
- გადაცემაში ახსენეთ, რომ მეუღლის თხოვნით მოხვედით მასტერშეფში. როგორ დაგარწმუნათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგედგათ?
- ჩემმა ქმარმა იცის, რომ სპორტს თუ რომელიმე პროფესია შეგიცვლის, ე.ი. ის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის, რადგან სწორედ ის „მუღამი დაუჭირე“, რაც სპორტს აქვს. თან ხედავს, რომ ძალიან ბევრს ვშრომობ და ვკითხულობ კულინარიაზე, სახლშიც ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ. მოკლედ, მეუღლემ დამანახა, რომ ეს პროექტი უფრო გამზრდიდად და ბევრ ახალ რაღაცას ვისწავლიდი, რაც სამომავლოდ გამომადგება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას.
- რა არის თქვენი მთავარი უპირატესობა და დანარჩენ კონკურსანტებს როგორ შეაფასებდით?
- ვფიქრობ, ძალიან ძლიერი გუნდია და კონკურნეციაც დიდია, რაც მომწონს, რადგან კარგი კონკურენციის მეშვეობით ვითარდები. „მასტერშეფში“ მინდა, ძირითადად, ქართული კერძები მოვამზადო, რადგან ძალიან ბევრი ისეთი კერძი გვაქვს, რომელსაც სათანადოდ არ ვაფასებთ.
- სამი ოქროს წინსაფრიდან ერთ-ერთი თქვენ გაქვთ...
- საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჟიური ირჩევდა თითო მონაწილეს, ვისაც ოქროს წინსაფარს აძლევდა, ამიტომ როცა მითხრეს, წინ გამოდი და წინსაფარი დააბრუნეო, ძალიან დავიბენი და მაქსიმალურად ვეცადე, რომ ნერვიულობა არ შემტყობოდა. როცა სპორტსმენი ხარ, მიჩვეული ხარ წაგებასაც და მოგებასაც, ასე რომ, უფრო მარტივად უყურებ რაღაც გადაწყვეტილებებს. რეალურად, ოქროს წინსაფარი დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ყოველ ჯერზე რომ გახსენებენ და გეუბნებიან, „მეტი მოგეთხოვებაო“.
- პროექტის დატოვებისთვისაც მზად იყავით, როცა თქვენი კერძი სუსტ კერძებს შორის დასახელდა?
- სიმართლე გითხრათ, აუტსაიდერებში მოხვედრა ძალიან გამიკვირდა და ნერვები მომეშალა. არ მიყვარს, როცა რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ესეც საჭირო გამოცდილება იყო. როგორც ჩანს, რაღაც დავაკელი იმ კერძს და გავაგრძელებ მუშაობას, რომ ყველაფერი გამოვასწორო.